ჭინჭარი — ვიტამინების წყარო და სამკურნალო მცენარე
14:40
ძველად ადამიანები ჭინჭარს არა მხოლოდ სამკურნალოდ იყენებდნენ, არამედ ჯადოსნურ თვისებებსაც მიაწერდნენ და სხვადასხვა რიტუალის დროს იყენებდნენ. თანამედროვე ადამიანისთვის ჭინჭარი ცნობილია როგორც ვიტამინების წყარო და სამკურნალო მცენარე, რომელიც აღიარებულია როგორც ხალხური, ისე ოფიციალური მედიცინის მიერ.
ჭინჭარი უნიკალური მცენარეა. მისი გამოყენება შეიძლება საკვებად, სამკურნალოდ, ტანსაცმლის დასამზადებლად და სილამაზის პროცედურებისთვისაც კი.
უხსოვარი დროიდან ის ადამიანებს შიმშილობის დროს გადარჩენაში ეხმარებოდა. დღესაც კი, როდესაც ბაზრები და მაღაზიები პროდუქტებით სავსეა, ადამიანები ჭინჭრის ფხალს თუ შეჭამანდს დიდი სიამოვნებით მიირთმევენ. ზოგი დიასახლისი კი ჭინჭრისგან მურაბას, საწებელსა და ჩიფსებსაც კი ამზადებს.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს თმის მოვლის საშუალებების დიდი არჩევანია, ბევრი ქალი თმაზე გადასავლებად მაინც ჭინჭრის ნახარშს იყენებს. აზიაში ჭინჭრისგან ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალურ ქსოვილს ამზადებენ, თუმცა ამისთვის მის განსაკუთრებულ ჯიშს — რამისას (Ramie) იყენებენ.
ჩვენს სტატიაში კი ჩვენთვის უფრო ნაცნობ ორსახლიან ჭინჭარზე (Urtica dioica L) გიამბობთ.

მისი მწვანე მასა შეიცავს: ცილებს, ორგანულ მჟავებს (ლიმონის, რძის, ჭიანჭველას, მჟაუნას, ქარვის, ფუმარის), ამინომჟავებს, გლიკოზიდ ურტიცინს, მთრიმლავ ნივთიერებებსა და უჯრედისს.
ჭინჭარი მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით: A ვიტამინის წინამორბედი ბეტა-კაროტინი, ვიტამინები C, E, B ჯგუფის ვიტამინები (B1, B3, ნიკოტინისა და ფოლიუმის მჟავები), K ვიტამინი, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა, მანგანუმი, მოლიბდენი და სელენი.
ჭინჭარი მკურნალი
სამკურნალო მიზნებისთვის ჭინჭრის ფოთლებს, თესლს და ფესვებს იყენებენ, თანაც, მათ სხვადასხვა დროს აგროვებენ: ფოთლებსა და თესლს — ყვავილობისას, ხოლო ფესვებს — შემოდგომაზე. ორსახლიანი ჭინჭრის ფოთლები მიეკუთვნება ნაღველმდენი, კოაგულაციური (სისხლის შემადედებელი) და ჰემოსტატიკური (სისხლდენის შემაჩერებელი) საშუალებების ფარმაკოლოგიურ ჯგუფებს.
ჭინჭრის ფოთლების ნაყენს აქვს სისხლდენის შემაჩერებელი თვისება, ასევე შეუძლია საშვილოსნოსა და ნაწლავების ტონუსის გაზრდა.
ჭინჭარში არსებული აქტიური ნივთიერებები (კერძოდ, ვიტამინი K) ზრდის სისხლის შედედების უნარს, ერითროციტებისა და ჰემოგლობინის რაოდენობას.
ჭინჭრის წვენს აქვს შარდმდენი მოქმედება.
ჭინჭარში შემავალი ქლოროფილი ახდენს იმუნოსტიმულატორულ ეფექტს, ხელს უწყობს დაზიანებული ქსოვილების შეხორცებას და თმის ზრდის სტიმულირებას.
ჭინჭრის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები ეხმარება ლიპიდური ცვლის მოწესრიგებას და გააჩნია ნაღველმდენი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. ჭინჭრის ფესვი ხელს უწყობს შარდის მოცულობის გაზრდას, აუმჯობესებს მის მაქსიმალურ ნაკადს და ამცირებს ნარჩენი შარდის რაოდენობას. გარდა ამისა, ჭინჭარი ვიტამინებისა და საკვები ბოჭკოების შესანიშნავი წყაროა.
ჭინჭრის უკუჩვენებები
ჭინჭრისა და მისი პრეპარატების მიღებას უკუჩვენება აქვს ინდივიდუალური აუტანლობის, სისხლის მაღალი შედედების, თრომბოზისადმი მიდრეკილებისა და ორსულობის დროს.
თირკმლის უკმარისობის დროს ჭინჭარი ფრთხილად და ზომიერად უნდა გამოვიყენოთ.
იმის გათვალისწინებით, რომ ჭინჭარს სისხლის შედედების უნარის გაზრდა შეუძლია, თრომბოფლებიტის, არტერიული ჰიპერტენზიისა და გულის მძიმე პათოლოგიების დროს მისი პრეპარატების მიღება ექიმის კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება.
ჭინჭრის გამოყენება
ოფიციალური მედიცინა ჭინჭარს, როგორც სისხლდენის შემაჩერებელ საშუალებას სხვადასხვა სახის სისხლდენისას ურჩევს: ფიზიოლოგიურად უხვი მენსტრუაციის, ჰემოროიდული (ბუასილის) და საშვილოსნოს ყელის ეროზიის მკურნალობისას წარმოქმნილი მცირე სისხლდენების დროს.
ჭინჭრის პრეპარატები ინიშნება საშარდე გზების ინფექციების, შარდკენჭოვანი დაავადების, რევმატიზმის, ათეროსკლეროზის, რკინადეფიციტური ანემიის დროს, ასევე წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) ჰიპერპლაზიის სიმპტომური მკურნალობისთვის.
ასევე — დიზენტერიის, ყაბზობის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, პოდაგრის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებების, მარილოვანი ცვლის დარღვევის, ქოლეცისტიტისა და წყლულოვანი დაავადების დროს. ჭინჭრის ნაყენი გამოიყენება როგორც მულტივიტამინური, მატონიზებელი საშუალება.
ფიტოთერაპევტები მაღალ შეფასებას აძლევენ ჭინჭრის თესლს და მას როგორც ენერგიის წყაროს, დაღლილობისა და სტრესის დასაძლევ საშუალებას ჟენშენის ფესვსაც კი ადარებენ.
ჭინჭრის თესლი გამოიყენება პოტენციის ასამაღლებლად.
ჭინჭრის თესლის ფხვნილი გამოიყენება თირკმლის კენჭოვანი დაავადების, დიზენტერიის დროს და როგორც ჭიის საწინააღმდეგო (ანტიჰელმინთური) საშუალება.
ჭინჭრისგან დამზადებული პრეპარატების ფორმები მრავალფეროვანია: ნაყენები, ექსტრაქტები, ნახარშები და ახალი წვენი. ხალხურ მედიცინაში კი რადიკულიტისა და რევმატიზმის სამკურნალოდ ნედლ ჭინჭარს ყოველგვარი დამუშავების გარეშე იყენებენ — მას აყოლებენ არყის ხის ცოცხებს, რომლებსაც აბანოში იყენებენ, ან უბრალოდ მის მსუსხავ ღეროებს მტკივნეულ ადგილებზე ირტყამენ.
ჭინჭრის ნაყენის მომზადება
ნაყენი (წყალზე)
სამ სუფრის კოვზ გამომშრალ და დაქუცმაცებულ ჭინჭრის ფოთოლს დაასხით 0.5 ლიტრი მდუღარე წყალი, გააჩერეთ ერთი საათით და გადაწურეთ.
მიიღება 1/3 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, როგორც სისხლდენის შემაჩერებელი, მულტივიტამინური, შარდმდენი ან ანთების საწინააღმდეგო საშუალება, ასევე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, სანაღვლე გზების დაავადებების, ანემიისა და რევმატიზმის დროს.
სპირტიანი ნაყენი
600 გრ დაქუცმაცებულ ახალ ჭინჭრის ფოთოლს დაასხით 500 მლ 96%-იანი სპირტი, გააჩერეთ ორი კვირა და გადაწურეთ.
მიიღება კანის ქრონიკული დაავადებების, რევმატიზმის დროს და როგორც შარდმდენი საშუალება 3-10 წვეთი დღეში სამჯერ,.
ზეთი
ჭინჭრის ზეთის მოსამზადებლად აგროვებენ ჭინჭრის ნორჩ, სუფთა ფოთლებს ყვავილობამდე.
ფოთლებს რეცხავენ, აშრობენ, შემდეგ კარგად აქუცმაცებენ, შუშის ქილაში ათავსებენ (ქილის 2/3 უნდა შეივსოს) და მზესუმზირას ან ზეითუნის ზეთს ასხამენ.
ქილას თავსახურს აფარებენ და ბნელ ადგილზე ინახავენ, თან ყოველდღიურად ანჯღრევენ.
ჭინჭრის ზეთი, დაახლოებით, ორ კვირაში მზად იქნება — ამ დროისთვის მწვანე მასა გამუქდება.
ჭინჭრის ზეთი გამოიყენება ართრიტის დროს, ჭრილობების შესახორცებლად, თმის გასამაგრებლად და მისი ზრდის სტიმულირებისთვის, ასევე კანის ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლისა და სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად.
***
გიმპი-გიმპი - ჭინჭრის ნათესავი, რომელიც რამდენიმეთვიან მტანჯველ ტკივილს იწვევს
ქრისტესისხლა — ჯადოსნური ბალახის გამოყენება სამკურნალოდ
სიახლეები ამავე კატეგორიიდან