ურთიერთობა

ბერიას ცოლი: სხვა ერი არასოდეს დაგიფასებს სამსახურს!

fun time

14:00 კვი. 19 დეკემბერი, 2021 წელი

ნინო გეგეჭკორი

14
დაკოპირებულია

ამბობენ, რომ ის კრემლის ლიდერთა ცოლებს შორის ყველაზე ლამაზი, კეთილი, ჭკვიანი, ელეგანტური და გემოვნებიანი ქალი იყო. სტალინის ეპოქაში პარტიული ჩინოვნიკების ცოლები მოკრძალებულად გამოიყურებოდნენ - არ დაჰყვებოდნენ ქმრებს საქმიან ვიზიტებზე, არ ატარებდნენ ბრილიანტის სამკაულებს და სხვებთან შედარებით, კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდნენ. მოლოტოვის, კალინინის, ბუდიონისა და სტალინის გარემოცვის სხვა წევრების ცოლებისგან განსხვავებით, მას რეპრესიები ნაკლებად შეეხო - ის ბერიას ცოლი იყო...

1991 წელი იდგა. კიევის გარეუბანში, მყუდრო, მწვანეში ჩაფლულ ქუჩაზე, „ხრუშჩოვის“ ტიპის ბინაში 86 წლის სანდომიანი, ცოცხალთვალება და მკვირცხლი გონების ქართველი მანდილოსანი ცხოვრობდა, რომელსაც ოდინდელი სილამაზის კვალი და საოცარი მეხსიერება ბოლომდე შერჩა.

ერთ დროს ულამაზეს და ძლევამოსილ ქალბატონს საბჭოთა კავშირის ისტორიაში არასოდეს შეუსრულებია მნიშვნელოვანი როლი. არც მაშინდელ შინაურ თუ საგარეო პოლიტიკაზე მოუხდენია გავლენა.
არც საზღვარგარეთ მოგზაურობდა და კრემლში ოფიციალურ მიღებებსაც იშვიათად ესწრებოდა.
და მაინც...

თითქმის თხუთმეტი წლის განმავლობაში ის იყო საბჭოთა კავშირის უპირველესი ლედი, მეუღლე კაცისა, ვის სახელს დღესაც კი ერთგვარი შიშითა და კრძალვით ახსენებენ - ლავრენტი ბერია.

ნინო გეგეჭკორის დის შვილიშვილმა, ქართველმა ჟურნალისტმა თეიმურაზ ქორიძემ ქალბატონი ნინო სიცოცხლის უკანასკნელ თვეებში ნახა და მოახერხა მასთან ინტერვიუს ჩაწერა, რომელიც ბერიას ცოლის ერთადერთი ინტერვიუა!

ჟურნალისტი იხსენებს, რომ კიევში ბიძაშვილთან, ცირა ქორიძესთან ერთად ჩავიდა. ნინო გეგეჭკორი ცირა ქორიძესთან შეხვედრას სიამოვნებით დასთანხმდა, მაგრამ თეიმურაზის მიღებაზე უარი განაცხადა. შეხვედრა მას შემდეგ შედგა, რაც საქმეში ნინოს შვილი, სერგო ჩაერია.

თეიმურაზ ქორიძე დაინტერესდა, რატომ არ უნდოდა ნინო გეგეჭკორს მისი სტუმრად მიღება.

„დეიდა ნინომ თითქოს დაიმორცხვა, ეშმაკურად შემომხედა, მერე თავი დახარა და... - არ მინდოდა, ასე დაუძლურებული ვინმე მამაკაცს ვენახეო“, - იხსენებს ჟურნალისტი.
ინტერვიუში ნინო გეგეჭკორმა დეტალურად გაიხსენა, სად და რა ვითარებაში გაიცნო ძლევამოსილი მეუღლე და როგორ მოხდა მათი დაქორწინება.

***

„ღარიბი კაცის ოჯახში დავიბადე. საერთოდ, იმ დროს, შეძლებული ოჯახები საქართველოში თითზე ჩამოსათვლელი თუ იქნებოდა. დროც არეული იყო - რევოლუციები, პარტიები, შეხლა-შემოხლა.
ბიძის, საშა გეგეჭკორის ოჯახში ვიზრდებოდი. ქუთაისში ვცხოვრობდით, სკოლაშიც იქ დავდიოდი.
საშა რევოლუციური მოღვაწეობისთვის ციხეში იჯდა. მისი მეუღლე ხშირად დადიოდა ქმრის სანახავად.
მე პატარა გოგო ვიყავი და ბიცოლას სულ უკან დავდევდი. ციხეშიც მივყვებოდი ხოლმე, მაინტერესებდა. სხვათა შორის, მაშინ პატიმრებს ურიგოდ არ ეპყრობოდნენ. ის ვაჟბატონიც მაშინ საშასთან ერთად ბრძანდებოდა ციხეში. მე მას არ ვიცნობდი, თვითონ კი, თურმე, დამიმახსოვრა.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ საშა თბილისში გადმოიყვანეს და, ბუნებრივია, მეც მათ ოჯახთან ერთად ჩამოვედი. უკვე მოზრდილი გოგო ვიყავი.

ერთი წყვილი კარგი ფეხსაცმელი მქონდა, მაგრამ ბიცოლა ყოველდღე არ მაცმევდა, უფრთხილდებოდა. სასწავლებელში ძველებით დავდიოდი. ცენტრალურ ქუჩებს ვერიდებოდი, მრცხვენოდა.
მახსოვს, საბჭოთა ხელისუფლება ახალი დამყარებული იყო და ჩვენ, მოსწავლეებმა და სტუდენტებმა, მის წინააღმდეგ დემონსტრაცია გავმართეთ. წყალი მოგვასხეს, სულ გავიწუწე და შინ გავიქეცი. იქ კიდევ ბიცოლა მეკითხება, რა მოხდაო. მეც ვუამბე. ამის გამო ერთი წამითაქა კიდეც - საშა გეგეჭკორის ოჯახში ცხოვრობ და თან საშა გეგეჭკორის წინააღმდეგ დემონსტრაციებში მონაწილეობო?!

ერთხელ სკოლის გზაზე დამხვდა ლავრენტი (გასაბჭოების შემდეგ ხშირად მოდიოდა საშასთან და მე მას უკვე ვიცნობდი). ჩამაცივდა, გინდა თუ არა, უნდა შევხვდეთ და ვილაპარაკოთო. დავთანხმდი.

ნაძალადევში შევხვდით. იქ ჩემი უფროსი და და სიძე ცხოვრობდნენ და ამიტომ იმ უბანს კარგად ვიცნობდი. სკამზე ჩამოვჯექით. ლავრენტის შავი პალტო ეცვა და სტუდენტის ქუდი ეხურა. მითხრა, რომ დიდი ხანია, მაკვირდება, ძალიან მოვწონვარ... ჰო, ისიც მითხრა, რომ ვუყვარდი და უნდოდა, ცოლად გავყოლოდი. მაშინ თექვსმეტნახევარი წლისა ვიყავი.
როგორც ამიხსნა, საბჭოთა ხელისუფლება გზავნიდა ბელგიაში ნავთობის საკითხების შესასწავლად, ოღონდ, ერთი პირობით - ცოლი უნდა შეერთო. მითხრა, რომ მეც ხელს შემიწყობდა სწავლაში.
დავფიქრდი და დავთანხმდი - სხვის ოჯახში ცხოვრებას ვარჩიე, ამ კაცს გავყოლოდი და საკუთარი ოჯახი შემექმნა. იგი მაშინ ოცდაორი წლის იყო.


არავისთვის მითქვამს, ისე გავყევი ცოლად. ალბათ, ამის გამო მერე გავრცელდა ჭორი, თითქოს ლავრენტიმ მომიტაცა. არა, ბატონო, საკუთარი ნებით გავყევი. თუმცა, ახლაც ასე არ არის? - გაჰყვება გოგო ბიჭს და მერე ამას დაარქმევენ მოტაცებას“.

ახლად შექმნილი ოჯახი ერთ წელიწადს ბაქოში ცხოვრობდა, თბილისში დაბრუნების შემდეგ კი ცოლ-ქმარს ვაჟი შეეძინათ.

სურათზე: ლავრენტი ბერია, ნინო გეგეჭკორი და მათი შვილი სერგო

სამსახურებრივი საქმეებით დაკავებულ ბერიას ოჯახისა და ცოლ-შვილისთვის სულ უფრო ნაკლები დრო რჩებოდა:

„ოცდაოთხში შეგვეძინა ბიჭი, სერგო. საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა ჯერ გადაიდო, მერე შეუძლებელი გახდა, რადგან ლავრენტი სახელმწიფო საქმეებში ჩაეფლო და აღარსად გაგზავნეს. ღარიბად ვცხოვრობდით. მაშინ დრო იყო ასეთი, ადამიანურად ცხოვრება სირცხვილად ითვლებოდა, სიმდიდრეს ვებრძოდით. ოცდათერთმეტში ლავრენტი საქართველოს ცეკას პირველ მდივნად დანიშნეს.
ლავრენტი მუდამ უაღრესად დაკავებული იყო და ოჯახისთვის დრო თითქმის არ რჩებოდა. ძალიან ბევრს შრომობდა“.

***

სტალინის ეპოქაზე საუბრისას, ნინო გეგეჭკორი ბელადისა და მისი შვილებთან ურთიერთობის შესახებაც იხსენებს:

„ახლა ადვილია კრიტიკა, მაგრამ მაშინ მართლა ბრძოლა იყო - საბჭოთა ხელისუფლებას უნდა გაემარჯვა. ახლა ყველა ბუღალტერს შეუძლია, ადგეს და რამდენიც უნდა, აკრიტიკოს სტალინი. მართალია, იგი ძალიან მკაცრი, სასტიკიც კი იყო, მაგრამ ვინ იტყვის, რომ იმ პერიოდში სისასტიკე საჭირო არ იყო? სტალინს უნდოდა, შეექმნა ძლიერი სახელმწიფო და მან ეს შექმნა შთამომავლობისთვის. მართალია, ამას შეეწირა ბევრი ადამიანი, მაგრამ სად იყო, რატომ ვერავინ დაინახა სხვა გზა, რომელიც უმტკივნეულოდ მიგვიყვანდა მიზნამდე?

მერე სტალინის ქალიშვილმა, სვეტამაც დაწერა, მამაჩემი სასტიკად მეპყრობოდაო. სვეტა ჩემ თვალწინ გაიზარდა. ძალიან ნიჭიერი და მიზანდასახული ადამიანი იყო, საყვარელი ბავშვი. ძალიან უყვარდა მამამისს. ჰოდა, ეს საყვარელი ქალიშვილი ერთ მშვენიერ დღეს უცხადებს მამას, რომ შეუყვარდა მასზე 23 წლით უფროსი ებრაელი რეჟისორი კაპლერი და აპირებს, ცოლად გაჰყვეს.

თქვენ როგორ მოიქცევით, თქვენმა თექვსმეტი წლის ქალიშვილმა საკითხი ასე რომ დაგისვათ? მამამ ერთი სილა გააწნა თავის ქალიშვილს. კაპლერმა კი ის მიიღო, რისი ღირსიც იყო - მას არ ჰყვარებია სვეტა. უნდოდა, სტალინის ოჯახში შემძვრალიყო და, დარწმუნებული ვარ, ამაში მას რაღაც ძლიერი ორგანიზაცია უმაგრებდა ზურგს. ახლა სტალინზე ათასგვარ ზღაპარს ჰყვებიან. ის ჩვეულებრივი ადამიანი იყო. თავისი სისუსტეებიც ჰქონდა. შვილებს ყურადღებას არ აქცევდაო, როგორ არ აქცევდა, მაგრამ იგი შვილებს არ აქცევდა ზედმეტ ყურადღებას. მიაჩნდა, რომ მათ თვითონ, დამოუკიდებლად უნდა ეპოვათ ცხოვრების გზა. თუნდაც იაშას, სტალინის უფროსი ვაჟის ცხოვრებაა ამის მაგალითი“.

ნინო გეგეჭკორი იხსენებს, რომ იმ პერიოდისთვის, როცა მათი ოჯახი მოსკოვში საცხოვრებლად გადავიდა, 1937 წლის რეპრესიები უკვე ჩავლილი იყო.

ფოტოზე: ნინო გეგეჭკორი, სერგო ბერია, ლავრენტი ბერია და მარფა პეშკოვა (რძალი)

„მოსკოვში გადავედით 1938 წლის დამლევს. ამ დროს ოცდაჩვიდმეტის რეპრესიები უკვე ჩავლილი იყო. როცა ჩემი ქმრის შესახებ წერენ, ამ გარემოებას არ ითვალისწინებენ. ასე უმჯობესია - არის კაცი, ვისაც შეიძლება, ყველა ამქვეყნიურ ცოდვაში დასდო ბრალი. დარწმუნებული ვარ, ოდესღაც დაიწერება ობიექტური ისტორია, რომელიც ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს.

მე არასოდეს ჩავრეულვარ ჩემი ქმრის სამსახურებრივ საქმეებში. მაშინდელი მოღვაწეები ცოლებს არ ანებივრებდნენ ისე, დღეს რომ ანებივრებენ. ამიტომ ჩემთვის შეუძლებელია, ლავრენტის საქმეებზე ლაპარაკი. ის, რაც მას ოფიციალურად დასდეს ბრალად - სახელმწიფოს ღალატი - უბრალოდ, დემაგოგიაა. რაღაც ხომ უნდა დაებრალებინათ.

ეშინოდათ, სტალინის შემდეგ მისი ადგილი ბერიას არ დაეჭირა. მე ვიცნობდი ჩემი ქმრის ხასიათს და დარწმუნებული ვარ, მას ეყოფოდა გონიერება და არ დაიჩემებდა პირველობას. იგი პრაქტიკული ჭკუის კაცი იყო და იცოდა, რომ სტალინის შემდეგ ისევ ქართველი კაცის სახელმწიფოს სათავეში მოსვლა გამორიცხული იყო.

ამიტომ, ალბათ, იგი ხელს შეუწყობდა მისთვის სასურველ პიროვნებას, მაგალითად, მალენკოვს“.

***

1953 წლის ივნისში ნინო გეგეჭკორი და მისი შვილი მოულოდნელად დააპატიმრეს. როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ბერიას ცოლს ბრალად რუსეთის არაშავმიწიანი ზონიდან მოსკოვში ერთი კასრი წითელი მიწის ჩამოტანა წაუყენეს. ზეწოლის მიუხედავად, ნინო გეგეჭკორი არ გატყდა და ქმრის საწინააღმდეგო ჩვენებების მიცემას არ დასთანხმდა:

ფოტოზე: ნინო გეგეჭკორი შვილთან სერგო ბერიასთან და რძალთან მარფა პეშკოვა-ბერიასთან ერთად

„ორმოცდაცამეტის ივნისში ჩვენ (მე და ჩემი შვილი სერგო) მოულოდნელად დაგვაპატიმრეს და სხვადასხვა ციხეში ჩაგვკეტეს. თავიდან ვფიქრობდით, რომ სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, უფრო სწორად, რაღაც კონტრრევოლუციის მაგვარი და სათავეში მოვიდა ანტიკომუნისტური ძალა.

მე „ბუტირკაში“ ვიყავი. ყოველდღე მოდიოდა გამომძიებელი, რომელიც მოითხოვდა ჩვენებებს ჩემი ქმრის წინააღმდეგ. მეუბნებოდა, რომ „ხალხი აღშფოთებული იყო ლავრენტის საქციელით“. მე მას განვუცხადე, რომ არავითარ ჩვენებას არ მივცემდი, არც კარგს და არც ცუდს. მერე აღარ შევუწუხებივარ. წელიწადზე მეტხანს ვიყავი ციხეში. ბრალდებები? როგორ არა, წამომიყენეს, მაგრამ ნუ გაიცინებთ, ეს სავსებით სერიოზულად იყო ნათქვამი - ბრალი მედებოდა ერთი კასრი წითელი მიწის ჩამოტანაში რუსეთის არაშავმიწიანი ზონიდან მოსკოვში.

საქმე ის გახლავთ, რომ მე ვმუშაობდი სასოფლო-სამეურნეო აკადემიაში, ვიკვლევდი ნიადაგის შემადგენლობას. ჩემი თხოვნით ოდესღაც მართლა ჩამომიტანეს ერთი კასრი წითელი მიწა. იგი, თურმე, ჩამოუტანიათ თვითმფრინავით. ესე იგი, სახელმწიფოს ტრანსპორტი გამოიყენეს კერძო მიზნებისთვის. მეორე ბრალდება გახლდათ დაქირავებული შრომის გამოყენება - თბილისში ცხოვრობდა ცნობილი მკერავი, ვინმე „საშა პარტნოი“. სწორედ ეს „საშა პარტნოი“ ჩამოსულა ჩემთან მოსკოვში, შეუკერავს კაბა და მე მისთვის გადამიხდია შესაბამისი გასამრჯელო. ალბათ, ასეც იყო. ახლა ზუსტად არ მახსოვს, როდის იყო ჩემთან თბილისელი მკერავი, მაგრამ ნამდვილად იქნებოდა. ოღონდ, თუ ეს დანაშაულია, ახლაც არ ვიცი.

ჩემი ყურით მომისმენია, როგორ ჰყვებოდნენ, თითქოს ქუთაისიდან გურიამდე ვიმგზავრე ოქროს ეჟვნებიანი ცხენით. ცხენით მართლაც ვიმგზავრე ოდესღაც, მაგრამ ოქროს მოსართავებიანი ნამდვილად არ ყოფილა. ხომ იცით, ადამიანებს ძალიან უყვართ არარსებულის გამოგონება და მერე იმის სინამდვილედ წარმოჩენა... ც

იხეში მოვიდა ერთი ჩემი „კეთილისმყოფელი“ და დამარიგა, ასეთ პირობებში ყოფნას გიჯობს, განცხადება დაწერო და საავადმყოფოში გადაგიყვანთო. მართლაც, ძალზე მძიმე პირობებში ვიყავი. „ოდინოჩკა“ კარცერი ხომ გაგიგონიათ, სწორედ იქ. იმ საკანში არც დაწოლა შეიძლებოდა, არც დაჯდომა. ასე ვიყავი ერთ წელიწადზე მეტხანს. საავადმყოფოზე უარი განვაცხადე, რადგან ზედამხედველმა მიჩურჩულა, თქვენზე ამბობენ, გაგიჟდა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იმყოფებაო“.

***

ერთი წლის შემდეგ დედა-შვილი ციხიდან გაათავისუფლეს და პირუტყვის გადასაყვანი მატარებლით სვერდლოვსკში ჩაიყვანეს. იქ ხუთასი მანეთი (ახლანდელი ორმოცდაათი) მისცეს და... გაუშვეს.

„ძალიან გვიჭირდა უბინაოდ, უსახსროდ, უმუშევრად. მერე, როგორც იქნა, სერგომ ტექნიკოსის თანამდებობა იშოვა (ციხიდან გამოსვლისას ზეინკალ-ტექნიკოსის დიპლომი მისცეს) და მუშაობა დაიწყო. სხვათა შორის, სერგო დაპატიმრების მომენტში ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი იყო. მე არ ვამტკიცებ, რომ იგი რაღაც არაჩვეულებრივი ნიჭით დაჯილდოებული კაცია, მაგრამ იგი ნამდვილად ძალზე ნიჭიერი და შრომისმოყვარე ადამიანია. ასეთი იყო მუდამ.

ამის გარდა, რა დასამალია, მას საშუალება ჰქონდა, ესწავლა, კონსულტაციები მიეღო საუკეთესო სპეციალისტებისგან, ბოლოს და ბოლოს, შეერჩია ის სპეციალობა, რომელიც ყველაზე მეტად აინტერესებდა. დაპატიმრების შემდეგ მას ჩამოართვეს ხარისხები და, როგორც გითხარით, ტექნიკოსის მოწმობა მისცეს. მერე, ჩემი დაჟინებული თხოვნით, თავიდან დაიწყო ყველაფერი და ახლა, მადლობა ღმერთს, ბედს არ ვემდურით - კარგი სამსახური აქვს, მაღალი ხელფასი, დაფასება“.

***

ნინო გეგეჭკორი ლავრენტი ბერიას მრავალრიცხოვანი საყვარლის შესახებ მოარულ ხმებზეც საუბრობს და მეუღლის ერთგულებაში დარწმუნებული აცხადებს, რომ ის ქალები ბერიას აგენტები იყვნენ და ნაზი გრძნობები არაფერ შუაშია:

ფოტოზე: ნონო გეგეჭკორი-ბერია

„ერთ დღეს გამომძიებელმა მამცნო, შვიდას სამოცმა ქალმა აღიარა, ბერიას საყვარლები ვართო! საოცარია, პირდაპირ - ლავრენტი დღეს და ღამეს შრომაში ასწორებდა და როდისღა მოასწრო, ნეტავ, ქალთა ამ ლეგიონის საყვარლებად გადაქცევა?! სხვა ამბავია აქ - ომის დროს და მერეც იგი ხელმძღვანელობდა დაზვერვას და კონტრდაზვერვას. ეს ქალები კი იყვნენ მისი ინფორმატორები, რომლებსაც მხოლოდ ლავრენტისთან ჰქონდათ უშუალო კავშირი.

ლავრენტის ფენომენალური მეხსიერება ჰქონდა და ეს სამსახურებრივი ურთიერთობანი ამ ქალებთან (ალბათ, სხვებთანაც) ინახებოდა მის გონებაში. ხოლო, როცა ამ თანამშრომლებს შეფთან ურთიერთობის შესახებ ჰკითხეს, ბუნებრივია, ყველამ თქვა, საყვარელი ვიყავიო. აბა, აგენტობას ხომ არ დაიბრალებდნენ?!“

***

მთელი საუბრის განმავლობაში ნინო გეგეჭკორი ცდილობს, სტალინისა და ბერიას დროინდელი სისასტიკე ეპოქის გამოწვევებით გაამართლოს, თუმცა საუბრის დასასრულს კრემლის ქართველი ლიდერების გარკვეულ შეცდომებზე მაინც ამახვილებს ყურადღებას:

„მე და სერგოს სვერდლოვსკის გადასახლება რამდენიმე წლის შემდეგ შეგვიცვალეს და უფლება მოგვცეს, გვეცხოვრა საბჭოთა კავშირის ნებისმიერ ქალაქში, მოსკოვის გარდა.

ბუნებრივია, მე საქართველოში ჩამოსვლა ვინდომე. ჩამოვედი კიდეც. ჩემს მშობლიურ მარტვილს მივაშურე. იქაურ რაიკომის მდივანს მივაკითხე და ვთხოვე, ორიოდე გოჯი მიწა გამოეყო ჩემთვის. იმედი მქონდა, კეთილი ხალხის დახმარებით პატარა სახლს ჩავდგამდი, იქ ვიცხოვრებდი და იქვე დავიმარხებოდი. მარგრამ, არ გამართლდა ჩემი მოლოდინი. მალე ქუთაისიდან ჩამოვიდა ორგანოს ორი თანამშრომელი და „ძალზე თავაზიანად“ გამოგვისტუმრა უკან, რუსეთში. მას შემდეგ აქა ვარ და საქართველოს ნატვრაში ამომდის სული.

თვალყურს ვადევნებ ყველაფერს, რაც საქართველოში ხდება. ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველას, ვინც თავისი სამშობლოს კეთილდღეობისთვის იბრძოლებს.

ადამიანი მხოლოდ თავისი სამშობლოსთვის უნდა ზრუნავდეს. სხვა ერი არასოდეს დაგიფასებს სამსახურს. ავიღოთ, თუნდაც სტალინი, ორჯონიკიძე, ჩხეიძე, წერეთელი, გეგეჭკორი, ბერია და ბევრი სხვა. იმათ მართლაც სწამდათ, რომ იბრძოდნენ რაღაც დიადი მიზნისთვის, კაცობრიობისთვის. რა გამოვიდა მერე აქედან? - თავის ერს, სამშობლოს ვერც ერთი ვერ გამოადგა, იმ მეორე ერმა კი არ მიიღო მათი სამსახური. ეს ხალხი უსამშობლოდ გადაეგო. ასე მოუვა ყველას, ვინც თავისი ერის ინტერესებს სხვას ანაცვალებს. ეს უნდა გაითვალისწინონ ახლანდელმა პოლიტიკურმა მოღვაწეებმაც...“

***

ნინო გეგეჭკორს სამშობლოში დაბრუნების ოცნება მხოლოდ სიკვდილის შემდეგ აუხდა.
ის ინტერვიუს ჩაწერიდან ორიოდე თვის შემდეგ, 1991 წლის აგვისტოში, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა და თბილისში, „ზღვის სასაფლაოზე“ დაკრძალეს.

ნინო გეგეჭკორი კრემლის ლიდერთა ოჯახის წევრებს შორის ერთ-ერთია, თუ არა ერთადერთი, ვინც კეთილდღეობისთვის საკუთარი მეუღლის წინააღმდეგ ჩვენებების მიცემაზე უარი განაცხადა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!