ურთიერთობა

„კენედების წყევლა“ - 1941-2020 წლების განმავლობაში მომხდარი 22 ტრაგედია ამერიკის ყველაზე ცნობილ ოჯახში

fun time

18:00 კვი. 7 თებერვალი, 2021 წელი

კენედების ოჯახის წყევლა

14
დაკოპირებულია

შეერთებულ შტატების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ოჯახს უბედურება გამუდმებით თან დასდევს. 1940-იანი წლებიდან მოყოლებული, კენედების ოჯახში ოცზე მეტი ტრაგედია მოხდა. ბევრი მკვლევარი დარწმუნებულია, რომ საქმე გვაქვს ოჯახურ წყევლასთან. 

კენედების ოჯახი შეერთებულ შტატებში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ოჯახად მიიჩნევა. ბევრი ამერიკელი დღემდე სიყვარულით იხსენებს კენედების ყველაზე ცნობილ წარმომადგენლებს: ყოფილი პირველი ლედი ჟაკლინ კენედი, მისი მეუღლე ჯონ ფიცჯერალდ კენედი, რომლის მოულოდნელმა და ტრაგიკულმა სიკვდილმა მთელი ქვეყანა შეარყია. მოვლენების ტრაგიკული განვითარების გამო გასული საუკუნის განმავლობაში ამ ოჯახს გამუდმებით უბედურება დაჰყვებოდა, ამიტომ გამოთქმაც კი გაჩნდა - „კენედის წყევლა“.

ფოტოზე: ამერიკელი მულტიმილიონერი ჯოზეფ პატრიკ კენედი (მარჯვნივ), მისი მეუღლე როუზ კენედი (მარჯვნიდან მეორე) და მათი ცხრა შვილიდან რვა (მარცხნიდან მარჯვნივ):
ედვარდი, ჟანი, რობერტი, პატრიცია, ეუნიკა, კატლინი, როზმარი და ჯონი კ. კენედი, რომელიც მოგვიანებით შეერთებული შტატების 35-ე პრეზიდენტი გახდა.

„ოჯახური წყევლის" ბოლო მსხვერპლნი გახდნენ სენატორ რობერტ კენედის შვილიშვილი და აშშ-ის პრეზიდენტის, ჯონ კენედის შვილთაშვილი მეივ კენედი თაუნსენდ მაკკინი და მისი უფროსი ვაჟი გედეონი. უბედური შემთხვევა 2020 წლის გაზაფხულზე, მერილენდში მოხდა. მეივი და მისი ოჯახი აგარაკზე, თვითიზოლაციაში იყვნენ. როგორც ჟურნალისტებს დაკარგული ქალის მეუღლემ, დევიდ მაკკინმა განუცხადა, ბავშვებს ბურთი წყალში ჩაუვარდათ. მეივმა და გედეონმა მისი ამოღება გადაწყვიტეს, მაგრამ ძლიერი დინების გამო ნაპირზე დაბრუნება ვერ შეძლეს. დედა-შვილს ორი დღის განმავლობაში, ვერტმფრენებისა და სანაპირო დაცვის დახმარებით, უშედეგოდ ეძებდნენ და ბოლოს უგზო-უკვლოდ დაკარგულებად გამოაცხადეს.

ამ შემთხვევამდე რვა თვით ადრე რობერტ კენედის კიდევ ერთი შვილიშვილი, 22 წლის სორს კენედი ჰილი მეტადონის გადაჭარბებული დოზით გარდაიცვალა. გოგონას თინეიჯერობის ასაკიდან დეპრესია აწუხებს, მაგრამ მკურნალობამ ვერ უშველა. ის დეიდის, მერი რიჩარდსონ კენედის გვერდით დაკრძალეს, რომელმაც 2012 წლის მაისში თავი მოიკლა. მოდი, 80 წლით უკან დავბრუნდეთ გავიხსენოთ ყველა, ვინც კენედების ოჯახურ წყევლას ემსხვერპლა.


1941 - როზმარი კენედი

როზმარი ჯოზეფ პატრიკ კენედის ცხრა შვილიდან ერთ-ერთი იყო. ის შეერთებული შტატების 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის და გახლდათ. ცნობილი ძმისგან განსხვავებით, როზმარი საზოგადოების თვალსაწიერიდან გარკვეული დროით გაქრა და წლების მანძილზე არავინ იცოდა, რა დაემართა.

გოგონას ბავშვობიდან დისლექსია აწუხებდა, რასაც დეპრესიისა და ისტერიის ნიშნები დაემატა. წვეულებებზე როზმარი საზოგადოებას სილამაზით და სასიამოვნო მანერებით ხიბლავდა, მაგრამ უცხო თვალისგან მოშორებით მისი კონტროლი თითქმის შეუძლებელი იყო. ოჯახის გადაწყვეტილებით როზმარის დასახმარებლად ახალ სამედიცინო ტექნიკას, ლობოტომიას მიმართეს, რომელიც იმ დროს ყველა ფსიქიური დაავადების პანაცეად მიაჩნდათ.

ეს მკურნალობის ახალი მეთოდი იყო, ამიტომ მისი საშინელი შედეგების შესახებ ცოტამ თუ იცოდა. ოპერაციას სავალალო შედეგები მოჰყვა - როზმარის ინტელექტი 2 წლის ბავშვის დონემდე დაეცა. როზმარი კენედიმ 86 წლამდე იცოცხლა, მაგრამ ბარბაროსული სამედიცინო ჩარევის შემდეგ მისი ტვინი ვეღარ გამოჯანმრთელდა.

1944 - ჯოზეფ პატრიკ კენედი უმცროსი

„ოჯახური წყევლის" მორიგი მსხვერპლი როზმარის ძმა გახდა. ჯოზეფ პატრიკ კენედი უმცროსი გონიერი და მამაცი ახალგაზრდა კაცი იყო. ის ჰარვარდის იურიდიული ფაკულტეტის ბოლო კურსზე იყო, როდესაც სწავლა მიატოვა და აშშ–ის საზღვაო ძალების მფრინავი გახდა, რათა მეორე მსოფლიო ომში თავისი ქვეყნისთვის ებრძოლა.

27 წლის ჯოზეფი 1944 წელს ერთ-ერთ საბრძოლო მისიაში დაიღუპა.

1948 - კეტლინ კენედი

კეტლინიც ჯოზეფ პატრიკ კენედი უფროსის ქალიშვილი გახლდათ. როდესაც მამამისს ბრიტანეთში აშშ-ს ელჩის პოსტი შესთავაზეს, ის მამასთან ერთად ლონდონში საცხოვრებლად გადავიდა. სწორედ ლონდონში, ერთ-ერთ წვეულებაზე გაიცნო კეტლინმა მომავალი მეუღლე, ბრიტანეთის არმიის ოფიცერი უილიამ კავენდიში.

სამწუხაროდ, მათი ოჯახური ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. უილიამი ქორწილიდან ერთი თვის შემდეგ ბრძოლაში დაიღუპა და კეტლინი 24 წლის ასაკში ქვრივი გახდა.

ახალგაზრდა და მიმზიდველი გოგონა მარტო დიდხანს არ დარჩენილა. მას შესანიშნავი თაყვანისმცემელი გამოუჩნდა. შეყვარებულები უკვე ქორწილს გეგმავდნენ, როდესაც ტრაგედია მოხდა - შეყვარებულების თვითმფრინავი საფრანგეთის რივიერასკენ მიმავალ გზაზე ჩამოვარდა. ამ დროს კეტლინი მხოლოდ 28 წლის იყო.

1956 და 1963 - არაბელა და პატრიკ ბუვიე კენედები

არაბელა ჯონ და ჟაკლინ კენედების პირველი ქალიშვილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ გოგონა 1956 წლის 23 აგვისტოს მკვდარი დაიბადა. ეს წყვილისთვის საშინელი დარტყმა იყო.

ფოტოზე: ჯონი და ჟაკლინი ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე.

ჯონს და ჟაკლინს 1957-1960 ქალიშვილი კეროლაინი და ვაჟი ჯონი ეყოლათ. წყვილის მესამე შვილი, ბიჭი პატრიკი, 1963 წელს დაიბადა. ახალშობილს მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი დაუდგინდა. მისი სიცოცხლისთვის ბრძოლა თითქმის 40 საათს გაგრძელდა, მაგრამ ექიმებმა ბავშვის გადარჩენა ვერ შეძლეს. ექიმები იხსენებდნენ, რომ შვილის გარდაცვალების შემდეგ ჯონ კენედი საავადმყოფოს ერთ-ერთ ცარიელ ოთახში შევიდა და ტირილი დაიწყო.

1963 - ჯონ ფიცჯერალდ კენედი

შეერთებული შტატების 35-ე პრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობა მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დანაშაული გახდა. მიუხედავად იმისა, რომ 1963 წელს კენედის ახალშობილი ვაჟი გარდაეცვალა, მან საკუთარ თავში მონახა ძალა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიეღო. ის აქტიურად აწარმოებდა საარჩევნო კამპანიას და ალბათობით, ამერიკის პრეზიდენტი მეორე ვადით გახდებოდა, რომ არა დალასში, ლი ჰარვი ოსვალდის მიერ გასროლილი ტყვია.

ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობა საშინელი ტრაგედია იყო არა მხოლოდ კენედის ოჯახის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. სწორედ ამ გახმაურებული დანაშაულის შემდეგ დაიწყეს საუბარი კენედების ოჯახის წყევლაზე.

1968 - რობერტ კენედი

ჯონ კენედის ძმა, რობერტ კენედი პრეზიდენტი ძმის მკვლელობიდან 10 თვის შემდეგ აშშ-ის გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გადადგა და ნიუ-იორკელი სენატორი გახდა. ბევრ ამერიკელს იმედი ჰქონდა, რომ ის შეძლებდა, გავლენა მოეხდინა აშშ-ის სიტუაციაზე, მოეგვარებინა რასობრივი პრობლემები და ვიეტნამის საკითხის დარეგულირებაში საკუთარი წვლილი შეეტანა.

მოგვიანებით, რობერტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აშშ-ის პრეზიდენტად კენჭი ეყარა და ძმის ბურუსით მოცული მკვლელობისთვის ფარდა აეხადა. რობერტს გამარჯვების დიდი შანსი ჰქონდა, მაგრამ 1968 წლის 5 ივნისს, 22 წლის პალესტინელმა სერან სერჰანის ტყვიამ მის გეგმებს წერტილი დაუსვა. ოფიციალური ვერსიით, მკვლელმა რობერტ კენედის პოლიტიკა გააპროტესტა, რომელმაც პალესტინა-ისრაელის კონფლიქტში ისრაელს მხარი საჯაროდ დაუჭირა.

გარდაცვლილი რობერტ კენედი ნიუ-იორკიდან ვაშინგტონის არლინგტონის სასაფლაომდე მილიონამდე ამერიკელმა მიაცილა. 1960-იანი წლების ბოლოს, ჯონ კენედის ხელისუფლებაში მოსვლით ფრთაშესხმული ამერიკელები ამ ორმა ტრაგედიამ სრულიად გაანადგურა.

1984 დევიდ კენედი

12 წლის დევიდ კენედი ლოს ანჯელესის სასტუმროში იმყოფებოდა, როდესაც ტელევიზორში მამამისის, რობერტ კენედის მკვლელობა აჩვენეს. სავარაუდოდ, ამ ტრავმულმა გამოცდილებამ მის ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა.

28 წლის დევიდი, რომელიც დიდი ხნის მანძილზე ჰეროინზე და ალკოჰოლზე დამოკიდებულებას ებრძოდა, ნარკოტიკის გადაჭარბებული დოზით დაიღუპა.

1997 - მაიკლ კენედი

დევიდის ძმა, მაიკლ კენედი არაკომერციულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა, რომელიც ღარიბებს ეხმარებოდა და ასევე, საკუთარი ოჯახის წევრთა პოლიტიკურ კამპანიებში მონაწილეობდა.

1997 წლის ახალი წლის ღამეს 39 წლის მაიკლი კოლორადოს შტატში იმყოფებოდა და ნათესავებთან ერთად, თხილამურებით სრიალებდა. რაღაც მომენტში, მაიკლმა კონტროლი დაკარგა და ხეს შეეჯახა. ის მძიმე ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.

1999 ჯონ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი და კაროლინ კენედი

სამი წლის ჯონ ფიცჯერალდ კენედი ამერიკელთა მეხსიერებაში ლურჯი ფერის ქურთუკსა და მოკლე შარვლში გამოწყობილი პატარა ბიჭის სახით შემორჩა, რომელიც მამის კუბოსთან იდგა. ეს იყო ამაღელვებელი და ტრაგიკული მომენტი, რა დროსაც პატარა ბიჭუნას ზრდასრული ადამიანივით ღირსეულად ეჭირა თავი. მამის დაკრძალვის დღე - 25 ნოემბერი ჯონ ფიცჯერალდ კენედი უმცროსის დაბადების დღე იყო.

მოგვიანებით, მან ბრაუნის უნივერსიტეტში დაასრულა და სწავლა ნიუ იორკის უნივერსიტეტის იურიდიულ სკოლაში განაგრძო, მანჰეტენის საოლქო პროკურატურაში პროკურორად და პოლიტიკურ ჟურნალ „ჯორჯის“ რედაქტორად იმუშავა, რომელიც თავად დააარსა. ის წარმატებული ადამიანი იყო და პოლიტიკაში მოსვლისთვის ემზადებოდა, როდესაც ოჯახის წყევლა წამოეწია.

1999 წელს, კერძო თვითმფრინავი, რომელშიც 38 წლის ჯონი იმყოფებოდა, ატლანტის ოკეანეში, მასაჩუსეტსის სანაპიროსთან ჩამოვარდა. ბორტზე, ჯონთან ერთად, იმყოფებოდნენ მისი მეუღლე კაროლინი და მისი და. ისინი რობერტ კენედი უმცროსის ვაჟის, რორის ქორწილში მიდიოდნენ. ამ ავიაკატასტროფაში ცოცხალი არავინ გადარჩენილა.

2012 წელი - მერი რიჩარდსონი კენედი

მერი რიჩარდსონი რობერტ კენედი უმცროსზე 1994 წელს დაქორწინდა. წყვილს ოთხი შვილი ეყოლა. მალე ოჯახური იდილია ქალის ალკოჰოლსა და ნარკომანიებზე დამოკიდებულებამ დაანგრია.

მერი რამდენჯერმე ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვის დააპატიმრეს. 2010 წელს ქმარმა სასამართლოში განქორწინების მოთხოვნა შეიტანა.

2012 წლის 16 მაისს 52 წლის მერი რიჩარდსონ კენედი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ექიმებმა ქალის სისხლში დიდი დოზით ანტიდეპრესანტების კვალი აღმოაჩინეს.

▪️▪️▪️

კენედების ოჯახში სხვა უბედური შემთხვევებიც მოხდა, რომლებსაც კატასტროფული შედეგები მოჰყვა:

• 1961 წელს - ჯო კენედი უფროსს ინსულტი დაემართა. ოჯახის უფროსი თითქმის მთლიანად პარალიზებული დარჩა და მეტყველების უნარი დაკარგა.

• 1964 - ედვარდ „ტედ“ კენედი ავიაკატასტროფაში მოყვა, ხერხემალი დაიზიანა და ხანგრძლივი და მტკივნეული რეაბილიტაცია დასჭირდა.

• 1969 - ტედ კენედიმ ავტომობილის საჭე ვერ დაიმორჩილა. ავტომობილი წყალში გადავარდა და ტედის თანმხლები ქალბატონი ადგილზე დაიღუპა.

• 1973 წელს - სრულიად ახალგაზრდა ტედ კენედი უმცროსს კიბოს გამო ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა.

• 1973 წ. - ბობი კენედის ვაჟი, ჯო კენედი III, ავტოავარიაში მოყვა, რის შედეგადაც ავტომობილში მყოფი ქალბატონი მთელი ცხოვრება პარალიზებული დარჩა.

• 1991 წელი - ჯინ კენედის ვაჟი უილიამ კენედი სმიტი გაუპატიურების ბრალდებით გაასამართლეს და მოგვიანებით გაამართლეს.

• 1994 - ჯეკი კენედი 64 წლის ასაკში ლიმფომით გარდაიცვალა.

• 2009 წელი - ტედ კენედი ტვინის კიბოთი გარდაიცვალა.

• 2011 წ. - ტედ კენედის ერთადერთი ქალიშვილი, კარა კენედი-ალენი 51 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვის დარჩება ალენ დელონის მრავალმილი...

ალენ დელონი შვილებთან
ერთად

როგორ წარიმართა ისტორიაში ყველაზე ჭ...

უილიამ სიდისი

რატომ არ უყვარდა ელისაბედ მეორეს ეს...

დედოფალი ელისაბედ მეორე

ნობელიანტი ნეირობიოლოგი რიტა ლევი-მ...

ნობელიანტი ნეირომეცნიერი
რიტა ლევი-მონტალჩინი

რატომ არ შეიძლება ადამიანის წუწუნის...

წუწუნა ადამიანი

უცხო თავისიანებში - იგავი თეთრი ყვა...

იგავი თეთრი ყვავის
შესახებ

თეთრკანიან წყვილს ფერადკანიანი შვილ...

თეთრკანიან წყვილს
ფერადკანიანი შვილი
შეეძინა

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად