მერლინ მონროს საიდუმლო - როგორ იმოქმედა კაბის აფრიალებამ ვარსკვლავის ბედზე
23:34 ორშ. 10 იანვარი, 2022 წელი
მე-20 საუკუნის დასაწყისში მანჰეტენი მარტოხელა ნიუ-იორკელი მამაკაცებისთვის საყვარელი სასეირნო ადგილი გახლდათ. ისინი ქუჩის სხვადასხვა კუთხეებში პატარა ჯგუფებად იკრიბებოდნენ და ელოდნენ, როდის დაუბერავდა ტროტუარიდან სიო და რომელიმე ლამაზი გოგოს კაბას იალქანივით ააფრიალებდა. ასეთი გასართობის მიმართ მიმართ ინტერესი მხოლოდ 60-იან წლებში გაქრა. სწორედ ამ პერიოდის გამოძახილია მერლინ მონროს ცნობილი ჟესტი, რომელიც მსოფლიო კინოს ისტორიაში შევიდა.
1954 წლის 15-16 სექტემბრის ღამეს ნიუ-იორკში, ლექსინგტონის გამზირისა და 52-ე ქუჩების კვეთასთან უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი. მიმდინარეობდა ფილმის „შვიდი წლის თავზე“ გადაღებები, სადაც მერლინ მონრო მონაწილეობდა. თეთრ კაბაში გამოწყობილი ლამაზმანი ტროტუარზე ჩაშენებულ ცხაურზე იდგა და მის კაბას მიწიდან ამომავალი ჰაერის ნაკადი აფრიალებდა.
ჰაერის ნაკადებს ნიუ-იორკის მეტროს მატარებლებს მოძრაობას წარმოქმნიდა. მერლინის კაბის ყოველ აფრიალებას დამსწრე საზოგადოება მოწონების ყიჟინით ხვდებოდა და ოპერატორი ყველაფერს ფირზე აღბეჭდავდა.
მართალია, ნიო-იორკელი მამაკაცებისთვის მიწიდან მომავალი ნიავის თამაშები ახალი არ იყო, მაგრამ ტროტუარის ცხაურზე პირველად აღმოჩნდა სუპერვარსკვლავი და მილიონების კერპი.
კაბები და მეტრო
1904 წელს ნიუ-იორკის მეტროს პირველი ხაზი ამოქმედდა და მანჰეტენის ქვეშ მიწისქვეშა გვირაბების დიდი ქსელი გაჩნდა.
როგორც წესი, მიწისქვეშა გვირაბებისთვის სავენტილაციო სატუმბი სადგურები შენდება, მაგრამ არა მანჰეტენზე, სადაც მიწის ყოველი გოჯი ასტრონომიული თანხა ღირს.
ამიტომ, ვენტილაციისთვის, მათ უბრალოდ ღიობები გააკეთეს, რომლებიც მძიმე ლითონის ბადეებით დაფარეს. როდესაც მატარებელი ასეთი ღიობის ქვეშ გაივლის, იქმნება ჰაერის ძლიერი ნაკადი, რომელიც მიწის ზედაპირზე ამოდის.
ბუნებრივია, თუ ამ დროს ქალბატონი ბადით დაფარულ ღიობზე მოხვდა, ქარის ნაკადი კაბას აუფრიალებს.
14 წარუმატებელი დუბლი და...
1954 წლის 15 სექტემბრის ღამეს, მონროს 14 დუბლი გადაუღეს, მაგრამ ფილმის რეჟისორმა, ბილი უაილდერმა ყველა დაიწუნა. მოგვიანებით, მერლინის თეთრი კაბის ეპიზოდი ჰოლივუდის პავილიონში გადაიღეს.
ფილმმა „შვიდი წლის თავზე“ მსახიობის კიდევ ერთი წარმატება მოუტანა და მის ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. არა, საქმე პოპულარობის ზრდაში კი არა, ქუჩაში გადაღებულ წარუმატებელ კადრებშია.
საბედისწერო ქარი მიწიდან
კაბის ეპიზოდის გადაღების ღამეს მამაკაცების ჯგუფში ბეისბოლის ყოფილი ვარსკვლავი ჯო დიმაჯიოც (Joe DiMaggio) იდგა (ისინი 1954 წლის იანვარში დაქორწინდნენ), მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, მერილინის აფრიალებული ქვედაკაბით აღფრთოვანებულს არ ჰგავდა. ეს გასაკვირი არ არის, რადგან ის მსახიობის პათოლოგიურად ეჭვიანი მეუღლე გახლდათ.
დიმაჯიო მამაკაცების ყიჟინას და მისი ცოლის მისამართით ნასროლ უხამს რეპლიკებს ჭკუიდან გადაჰყავდა. არავინ იცის, რა მოხდა იმ ღამეს ცოლ-ქმარს შორის, მაგრამ ორი კვირის შემდეგ მონრომ სასამართლოში განქორწინების განცხადება შეიტანა.
1954 წლის ოქტომბერში წყვილი განქორწინდა. დიმაჯიოსთან განშორება მერლინისთვის მტკივნეული აღმოჩნდა - მსახიობს პირველი ნერვული სტრესი სწორედ მაშინ დაემართა.
ასე შეიტანა მიწიდან დაბერილმა ქარმა მსახიობის ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები.
მერლინ მონროს ძეგლი ჩიკაგოში
დღეს მეტროდან მქროლავი ჰაერის ნაკადებით მხოლოდ ტურისტები ინტერესდებიან, რომლებსაც ისტორიული კადრების გამეორება სურთ. ისე კი ნიუ-იორკში შიშველი ფეხებით (და არა მარტო) დიდი ხანია ვერავის გააკვირვებ, ამიტომ მამაკაცებმა სხვა გასართობი მონახეს.
რაც შეეხება მერლინის ისტორიულ „აფრიალებულ“ კაბას, ის 2011 წელს აუქციონზე 4,6 მილიონ დოლარად გაიყიდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან