რატომ დასაჯეს სიკვდილით მეცნიერი, ვინც ჟანგბადი აღმოაჩინა - ვინ იყო ლავუაზიე?
17:08 სამ. 21 თებერვალი, 2023 წელი

1794 წლის 8 მაისს პარიზში ცნობილი ფრანგი მეცნიერის და თანამედროვე ქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ანტუან-ლორან ლავუაზიეს სიცოცხლე დასრულდა. მეცნიერი მხოლოდ 50 წლის იყო, როდესაც გილიოტინაზე თავი მოჰკვეთეს.
თანამედროვე ქიმიიის ფუძემდებელი, ადამიანი, ვინც აღმოაჩინა და დაამტკიცა, რომ ჩვენ ჩავისუნთქავთ ჟანგბადს და ამოვისუნთქავთ ნახშირორჟანგს - ანტუან-ლორან ლავუაზიე 1743 წლის 26 აგვისტოს, პარიზელი ადვოკატის ოჯახში დაიბადა.
კოლეჯის წარმატებით დასრულების შემდეგ ახალგაზრდა ლავუაზიემ, ოჯახური ტრადიციით, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა და იურისტის წოდება მიიღო, თუმცა ადვოკატი არ გამხდარა.
20 წლის ასაკიდან მოყოლებული, ლავუაზიე ძალებს სხვადასხვა სფეროში ცდიდა - დრამებს წერდა და ფილოსოფიურ თემებზე დისკუსიებს ატარებდა, გატაცებული იყო მათემატიკით და მეტეოროლოგიურ დაკვირვებებს ატარებდა. რაც უფრო დრო გადიოდა, არშემდგარ იურისტს საბუნებისმეტყველო მეცნიერებები სულ უფრო იტაცებდა.
25 წლიდან უკვე საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრია
იმ დროის ცნობილი მეცნიერების ხელმძღვანელობით ლავუაზიემ ბოტანიკის, გეოლოგიის, მინერალოლოგიის, ანატომიის, ფიზიკისა და ქიმიის შესწავლა დაიწყო.
1768 წელს საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიამ ანტუან-ლორან ლავუაზიე, როგორც იმედის მომცემი ქიმიკოსი, წევრ-კორესპონდენტად აირჩია, 1772 წელს კი უკვე სრულუფლებიან წევრად მიიღო.
მე-18 საუკუნეში საფრანგეთში მეცნიერებათა აკადემია ერთგვარ სამეცნიერო და ტექნიკურ ცენტრს წარმოადგენდა, რომლის მოვალეობები ახალი მანქანების შექმნაზე მუშაობას, გამოგონებებსა და წარმოების ახალი მეთოდების შემოწმებას, ასევე ტექნიკური პრობლემების გადაჭრას მოიცავდა.
25-წლიანი მუშაობის მანძილზე ლავუაზიემ სხვადასხვა ტექნიკურ საკითხზე 200-ზე მეტი ნაშრომი გამოსცა. ამასთან, მეცნიერს პატარა ქიმიური ლაბორატორიაც კი არ ჰქონდა. ლაბორატორია არც აკადემიას ჰქონდა - ყველაფერი, რაც ქიმიაში ექსპერიმენტული მუშაობისთვის იყო საჭირო, მეცნიერებს საკუთარი ხარჯებით უნდა შეეძინათ.
ლავუაზიეს ბიოგრაფები ერთხმად ამტკიცებენ, რომ სწორედ ლაბორატორიის ძვირად ღირებული ინსტრუმენტების შეძენის სურვილმა აიძულა ქიმიკოსი, რომ აკადემიაში არჩევიდან მალევე, ფინანსურ კომპანია „Ferme Generale"-ში ჩაედო ინვესტიცია. შედეგად ლავუაზიემ უზარმაზარი ქონება - დაახლოებით 1,200,000 ლივრი მიიღო და ძვირად ღირებული ინსტრუმენტებით აღჭურვილი შესანიშნავი ლაბორატორია შექმნა.
ლავუაზიეს ლაბორატორია პარიზის სამეცნიერო ცხოვრების მთავარ ცენტრად იქცა, რომელსაც მთელი მსოფლიოდან ცნობილი მეცნიერები სტუმრობდნენ.
რა გააკეთა მეცნიერებაში ლავუაზიემ?
ლავუაზიეს შრომებმა ქიმია ზუსტ გაზომვებზე დაფუძნებულ მეცნიერებად აქცია. 1772 წლიდან 1789 წლამდე პერიოდი მისი შემოქმედებითი მოღვაწეობის „ოქროს ხანაა“.
„ქიმიის მამამ“ ცდების საფუძველზე:
- დაასაბუთა, რომ წვა და გამოწვა ნივთიერების ჟანგბადთან შეერთების პროცესია;
- დაადგინა, რომ წყალი ჟანგბადისა და წყალბადის ნაერთია;
- გადამწყვეტი სიტყვა თქვა ჟანგბადის აღმოჩენის ისტორიაში - განასხვავა ჟანგბადი ჰაერისგან და დაადგინა რომ იგი წვას და სუნთქვას უწყობს ხელს:
- დაამტკიცა, რომ ცოცხალ ორგანიზმებში ჟანგბადი, საკვებთან შერწყმით, წვის პროცესის მსგავსად, ენერგიას იძლევა;
- დაამტკიცა, რომ სუნთქვის დროს ჟანგბადის შთანთქმა და ნახშირორჟანგის გამოყოფა ხდება;
- გამოაქვეყნა „ქიმიის საწყისი კურსი“, რომელშიც ქიმია განსაზღვრა, როგორც მეცნიერება შედგენილობისა და ანალიზის შესახებ.
- და ა.შ.
ლავუაზიეს საქმიანობა "ქიმიურ რევოლუციად" ფასდება, მაგრამ მალე ქვეყანაში დიდი რევოლუცია დაიწყო.
„რესპუბლიკას მეცნიერები არ სჭირდება“!
1793 წელს ანტუან ლორან ლავუაზიე დააპატიმრეს. იგი საფრანგეთის მტრებთან შეთქმულებასა და მათ დასახმარებლად უზარმაზარი თანხების მითვისებაში დაადანაშაულეს (თითქოსდა Ferme Generale-თან თანამშრომლობის დროს).
ის ვერც დიდებამ, ვერც საფრანგეთისადმი მსახურებამ და ვერ ხელოვანთა და მეცნიერთა შუამდგომლობამ ვერ გადაარჩინა.
რევოლუციური ტრიბუნალის თავმჯდომარემ შეწყალების შუამდგომლობის საპასუხოდ განაცხადა: „რესპუბლიკას მეცნიერები არ სჭირდება“. განაჩენი 1794 წლის 7 მაისს გამოცხადდა და მეორე დღესვე შესრულდა.
სიკვდილის შემდგომ რეაბილიტირებული
„ამ თავის მოსაჭრელად წამი დასჭირდათ, მაგრამ მსგავსი შეიძლება ასი წელი ვერ დაიბადოს“ (It took them only an instant to cut off that head, and a hundred years may not produce another like it) - ასე გამოეხმაურა ქიმიკოსის სიკვდილს ლავუაზიეს თანამედროვე, უდიდესი ფრანგი მათემატიკოსი ჟოზეფ-ლუი ლაგრანჟი.
ორი წლის შემდეგ ლავუაზიე გაამართლეს და სიკვდილის შემდგომ სრულად იქნა რეაბილიტირებული.
ჩვენ ვერასდროს გავიგებთ, რამდენი აღმოჩენა დაკარგა სამყარომ ამ დიდი მეცნიერის „დასჯით“.
ფოტოზე: ლავუაზიეს ძეგლი ლუვრის ეზოში (პარიზი)
***
მეცნიერი, რომლის წყალობითაც ცოცხლები ვართ
დოქების ველი - საიდუმლო, რომელსაც მეცნიერება დღემდე ვერ ხსნის
გენიოსების გამოგონებები, რომლებითაც ყოველდღე ვსარგებლობთ
წყარო: www.britannica.com
სიახლეები ამავე კატეგორიიდან