ურთიერთობა

„სადაც შენ, იქაც მე“ - „ტიტანიკის“ მგზავრების რეალური სიყვარულის ისტორიები

fun time

18:00 ოთხ. 14 აპრილი, 2021 წელი

ტიტანიკის ისტორიები

14
დაკოპირებულია

1912 წლის 14 აპრილს, 22:40-ზე, ტიტანიკი აისბერგს შეეჯახა. 2 საათისა და 40 წუთის შემდეგ კი ეს უდიდესი ინგლისური ლაინერი ოკეანეში ჩაიძირა. ოსკაროსანი ფილმის „ტიტანიკის“ რეჟისორ ჯეიმს კამერონის თქმით, ფილმის სიუჟეტი, სადაც არისტოკრატი გოგონასა და ღარიბი მხატვრის სიყვარულია გადმოცემული, გამოგონილია, თუმცა ჩაძირულ ხომალდზე ნამდვილად იმყოფებოდნენ შეყვარებული წყვილები, რომელთა ამბავი როზისა და ჯეკის ისტორიაზე ნაკლებად ამაღლებული არ გახლავთ.

 

რობერტა მეონი და უცნობი სტიუარდი

რობერტა მეოინის შესახებ ჟურნალისტებს მისმა შვილიშვილმა ჯოანა ვუდმა უამბო.

გოგონას მონაყოლიდან ირკვევა, რომ 21 წლის რობერტა გრაფინიას მოახლე იყო და, მასთან ერთად, „ტიტანიკზე“ პირველი კლასის კაიუტით მგზავრობდა.

გემბანზე სეირნობისას რობერტამ გემის ახალგაზრდა სტიუარდი (სამგზავრო გემის ოფოციანტი) გაიცნო. ახალგაზრდებმა ვერც შენიშნეს, როგორ გადაიზარდა მოწონება სიყვარულში. როცა გემმა ჩაძირვა დაიწყო, სტიუარდმა რობერტას მოძებნა სცადა. საბოლოოდ, კაიუტაში იპოვა, გემბანზე აიყვანა და სამაშველო ნავში ჩასვა.

სანამ დაემშვიდობებოდა, ვაჟმა რობერტას საკუთარი სამაშველო ჟილეტი ჩააცვა და მაგრად ჩაეხუტა. ორივემ იცოდა, რომ ერთმანეთი უყვარდათ, მაგრამ არც ერთს არ უნდოდა იმის დაჯერება, რომ ეს მათი ერთად ყოფნის უკანასკნელი წუთები იყო.

ახალგაზრდა სტიუარდი, ეკიპაჟის ბევრი წევრის მსგავსად, დაიღუპა, რობერტა კი ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც „კარპატიამ“ ნიუ-იორკში ჩაიყვანა.
სწორედ „კარპატიას“ გემბანზე აღმოაჩინა გოგონამ სამაშველო ჟილეტის ჯიბეში კომპანია „White Star Line“-ის სამკერდე ნიშანი, რომელიც ვაჟმა სახსოვრად დაუტოვა.
1926 წელს რობერტა მეოინმა „ტიტანიკზე“ მომხდარი ისტორიის შესახებ ერთ-ერთ გაზეთს უამბო. შვილიშვილის თქმით, ქალი შეყვარებულის სახსოვარს სიკვდილამდე თან ატარებდა, მაგრამ ისე გარდაიცვალა, რომ ახალგაზრდა სტიუარდის სახელი არავისთვის გაუმხელია.

ემილიო პორტალუპი და მადლენ ასტორი

ამბობენ, რეალურ „ტიტანიკზე“ ლეონარდო დი კაპრიოს გმირის პროტოტიპი მეორე კლასის მგზავრი, იტალიელი მოქანდაკე ემილიო პორტალუპი გახლდათ, ხოლო კეიტ უინსლეტის პროტოტიპი - გემის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მგზავრი, მილიონერ ჯონ ასტორ IV-ის 19 ცოლი მადლენ ასტორი იყო.

პორტალუპი გემზე ასტორის ოჯახის სტუმრის სტატუსით მოხვდა. ნიჭიერი სკულპტორი, რომელიც ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის შენობის რელიეფზე მუშაობდა, იტალიიდან ამერიკაში დაბრუნებას „ოკეანია 2“-ით აპირებდა, მაგრამ ასტორებმა ის „ტიტანიკზე“ მიიწვიეს. ოჯახს სურდა, ახალგაზრდა მოქანდაკეს რამდენიმე ძეგლის შეკვეთაზე დალაპარაკებოდა.

იმ ღამეს, როცა „ტიტანიკი“ აისბერგს შეეჯახა, პორტალუპი, ასტორებთან ერთად, პირველი კლასის მგზავრებისთვის განკუთვნილ რესტორანში ვახშმობდა.
მოქანდაკე მადლენზე იყო შეყვარებული, თუმცა თანაუგრძნობდა თუ არა გათხოვილი გოგონა, უცნობია. პორტალუპი და მადლენი ტრაგედიას გადაურჩნენ, მაგრამ გემის ჩაძირვის დროს მადლენის ქმარი გარდაიცვალა.

სამშვიდობოს გამოსულმა მოქანდაკემ პირველ მსოფლიო ომში მიიღო მონაწილეობა და 1974 წელს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მადლენ ასტორი ორჯერ გათხოვდა და 1940 წელს 46 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.

ისიდორ და იდა შტრაუსები

„ტიტანიკის“ ელიტარულ მგზავრთა შორის ცნობილი ქველმოქმედი და ამერიკის უმსხვილესი უნივერმაღების ქსელის მფლობელი ისიდორ შტრაუსი და მისი მეუღლე იდაც იყვნენ.
იდა ქმარს ბიზნესსა თუ ქველმოქმედებასთან დაკავშირებულ საკითხებში ეხმარებოდა და 40 წლის მანძილზე, მის გარეშე, ერთი დღე არ გაუტარებია.

თვითმხილველთა მონაყოლიდან ირკვევა, რომ გემის ოფიცერმა შტრაუსებს სამაშველო ნავში ჩასხდომა შესთავაზა, მაგრამ ისიდორმა უარი განაცხადა და სხვა მამაკაცებთან ერთად, გემზე დარჩენა არჩია.

ამის შემდეგ, სამაშველო ნავში ჩაჯდომა არც იდამ მოინდომა. შვილების გამო, უნდა წახვიდე, - უთხრა სამუელმა გაჯიუტებულ ცოლს. „ისინი გამიგებენ... სადაც შენ, იქაც მე... მთელი ცხოვრება ერთად ვიყავით, დაე, ერთად დავიღუპოთ“, - უპასუხა ქალმა და სამაშველო ნავიდან ზუსტად ისე გადმოხტა, როგორც ფილმში როუზმა გააკეთა.
მოგვიანებით, ისიდორის სხეული ნიშნობის ბეჭდით ამოიცნეს, ხოლო იდა უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

კარლ ბერი და ჰელენ ნიუსომი

„ტიტანიკის“ მგზავრებს შორის იყო ცნობილი ჩოგბურთელი კარლ ბერი და მისი შეყვარებული ჰელენ ნიუსომი. როგორც გაზეთები წერდნენ, კარლმა ჰელენს ხელი სწორედ ტრაგედიის ღამეს სთხოვა.

გოგონა უზრუნველყოფილი ოჯახიდან იყო და მისი ოჯახი შესაფერის სიძეზე ოცნებობდა, ამიტომ ჰელენის არჩევანი არავის მოსწონდა. შვილისთვის ჩოგბურთელი რომ დაევიწყებინა, დედამ გოგონა ევროპაში სამოგზაუროდ წაიყვანა, მაგრამ ჯიუტი სასიძო მათ კვალდაკვალ გაჰყვა და საბედისწერო რეისზე საცოლესთან და მის დედასთან ერთად მოხვდა.

აისბერგთან შეჯახებისთანავე სპორტსმენი ქალების კაიუტასთან გაჩნდა და შეყვარებული, დედასთან ერთად, სამაშველო ნავებამდე მიიყვანა. სწორედ იმ მომენტში, როცა შეყვარებულები ერთმანეთს სამუდამოდ უნდა დამშვიდობებოდნენ, „ტიტანიკის“ მფლობელი კომპანიის კომპანია „White Star Line“-ის ხელმძღვანელმა ბრიუს ისმეიმ კარლს სამაშველო ნავში ადგილი დაუთმო.
კარლი და ჰელენი ერთი წლის შემდეგ დაქორწინდნენ. მათ სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი შეეძინათ.

სემუელ მორლი და კეიტ ფილიპსი

ელენ უოკერი დარწმუნებული იყო, რომ მისი ჩასახვა „ტიტანიკის“ აისბერგთან შეჯახებამდე რამდენიმე წუთით ადრე მოხდა. მისი მშობლები - საიუველირო მაღაზიის 39 წლის მფლობელი სემუელ მორლი და მისი 19 წლის თანამშრომელი კეიტ ფილიპსი იყვნენ. მორლის ლონდონში ცოლი და 12 წლის შვილი ჰყავდა, მაგრამ ოჯახის მიტოვება და კეიტთან ერთად ამერიკაში ახალი ცხოვრების დასაწყებად გამგზავრება გადაწყვიტა.

„ტიტანიკზე“ ისინი კონსპირაციულად, მისტერ და მისის მარშალების სახელით მოხვდნენ. ტრაგედიის შემდეგ კეიტი ქალებისა და ბავშვებისთვის განკუთვნილ სამაშველო ნავში ჩასვეს. ქალთან ერთად ნავში რომ მოხვედრილიყო, სემუელი წყალში გადახტა, მაგრამ ცურვა არ იცოდა და ფსკერისკენ წავიდა.
საყვარლისგან სახსოვრად, კეიტს „ტიტანიკზე“ ნაჩუქარი საფირონის ყელსაბამი და ულამაზესი გოგონა დარჩა, რომელიც ქვეყანას 1913 წლის 11 იანვარს მოევლინა.

„დედას მამა ძალიან უყვარდა და ამერიკაში მასთან ერთად, ბედნიერ ცხოვრებაზე ოცნებობდა, მაგრამ შოკი, რომელიც მიიღო, მის ფსიქიკაზე აისახა, ამიტომ გადაწყვიტა, ამის შესახებ არავისთან და არასოდეს ესაუბრა. მამის სახელსაც ვერ გავიგებდი, რომ დეიდას არ გაემხილა“, - იხსენებდა ელენ უოკერი.

ელენი მთელი ცხოვრება იბრძოდა, რომ სემუელ მორლის სახელი და გვარი მისი დაბადების მოწმობაში ჩაეწერათ, მაგრამ უშედეგოდ. ის 2006 წელს გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, მისი ფერფლი ოკეანეში, ტიტანიკის ტრაგედიის ადგილის მახლობლად ჩაუშვეს.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!