ვინ იყო ერთადერთი მამაკაცი, ვინც ელიზაბეტ ტეილორი უარყო
14:00 შაბ. 10 ივლისი, 2021 წელი
ჰოლივუდის ვარსკვლავი, ორი ოსკარის მფლობელი და პირველი მსახიობი ქალი, რომლის ჰონორარმა მილიონ დოლარს გადააჭარბა - ელიზაბეტ ტეილორის სამსახიობო კარიერასთან ერთად საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოველთვის იყო მისი პირადი ცხოვრება.
ტეილორი ოფიციალურად, 8-ჯერ იყო დაქორწინებული. აქედან ორჯერ - ერთსა და იმავე მამაკაცზე. მეუღლეები მას ახასიათებდნენ, როგორც ერთგულ და პატიოსან ცოლს. თავად ელიზაბეტი კი ამბობდა: „მე მხოლოდ იმ კაცებთან ვწვებოდი, ვისი ცოლიც მერქვა“.
სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ ვარსკვლავის ცხოვრებაში ცალმხრივი სიყვარულიც არსებობდა.
ტეილორის ბიოგრაფმა ჩარლზ კასილომ საზოგადოებას მსახიობის ერთადერთ, ნამდვილ სიყვარულზე უამბო, რომელიც უპასუხო დარჩა.
კასილოს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ელიზაბეტი რვაჯერ იყო დაქორწინებული, მას ნამდვილად მხოლოდ ერთი მარტოხელა მამაკაცი - მასზე 11 წლით უფროსი მსახიობი მონტგომერი კლიფტი უყვარდა.
ელიზაბეტმა და მონტიმ ერთად ითამაშეს ფილმში „ადგილი მზის ქვეშ“. მათი პერსონაჟების სასიყვარულო სცენებში იმ დროისთვის სრულიად ახალი და განსხვავებული რომანტიკული ურთიერთობაა ნაჩვენები. გადაღებების დროს ელიზაბეტი საკუთარ თავს გამოუტყდა, რომ პარტნიორი თავდავიწყებით შეუყვარდა. „ეს იყო უდიდესი უპასუხო სიყვარული ჰოლივუდის ისტორიაში”, - აღნიშნავს ბიოგრაფი.
„მანამდე შეეძლო, ნებისმიერი მამაკაცი მოეხიბლა, რომელსაც ისურვებდა, მაგრამ კლიფტის შემთხვევაში ამან არ იმუშავა. ისინი მონათესავე სულები იყვნენ, მაგრამ მონტიმ აგრძნობინა, რომ ბისექსუალი იყო. ასე თავს ბევრად უფრო კომფორტულად გრძნობდა,“ - იხსენებს კასილო.
მსახიობის ცხოვრების შესწავლისას ბიოგრაფი მივიდა დასკვნამდე, რომ ელიზაბეტს არცერთი მამაკაცი ისე ძლიერ არ ჰყვარებია, როგორც მონტგომერი კლიფტი.
სხვათა შორის, ეს ტეილორის ერთ-ერთმა ქმარმა - რიჩარდ ბარტონმაც აღიარა, რომელმაც ერთხელ მონტგომერის უთხრა: „მას მე მოვწონვარ, მაგრამ შენ უყვარხარ".
ელიზაბეტსა და მონტის შორის ბოლომდე მეგობრული ურთიერთობა დარჩა, თუმცა, კასილოს თქმით, ელიზაბეტი ამით იტანჯებოდა.
„დანარჩენ მამაკაცებს მხოლოდ მისი სილამაზე აინტერესებდათ. მონტი კი ესაუბრებოდა ფილმებსა და წიგნებზე, რომლებიც მოსწონდა, სამომავლო გეგმებზე და როლებზე, რომელთა შესრულებაც სურდა. მე ვფიქრობ, რომ მონტგომერი კლიფტი პირველი იყო, ვინც ელიზაბეტ ტეილორით როგორც პიროვნებით დაინტერესდა”, - წერს ბიოგრაფი.
ჰოლივუდის ლამაზმანმა უპასუხო სიყვარული მთელი ცხოვრება გულით ატარა:
„მე არასოდეს ვბრაზდები და ვეჭვიანობ, როდესაც მამაკაცებთან მონტის რომანების შესახებ ამბებს ვიგებ, მაგრამ როდესაც მისი ქალებთან ურთიერთობის შესახებ მიყვებიან, ბრაზს ვერ ვმალავ, იმიტომ, რომ ის ჩემია,“ - ამბობდა მსახიობი.
კლიფტი 1966 წლის ივლისში, 45 წლის ასაკში, ინფარქტით გარდაიცვალა, რასაც წინ უძღოდა მძიმე ავარია, შედეგად სახის კუნთის პარალიჩი, რასაც მოჰყვა ნარკოტიკები და ალკოჰოლი.
როგორ მისი კოლეგები ამბობდნენ, ის, რასაც მონტგომერი საკუთარ თავს უკეთებდა, „ჰოლივუდის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი თვითმკვლელობა იყო“.
„როცა მისი სიკვდილის შესახებ შეიტყო, ტეილორი თავის საძინებელში ჩაიკეტა. დიდი ხნის მანძილზე რიჩარდ ბარტონს და მომსახურე პერსონალს ოთახიდან ტირილის ხმა ესმოდათ,“ - წერს კასილიო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან