იცით თუ არა

რა კავშირშია ტაქსი და ჭადრაკი ერთმანეთთან?

fun time

12:00 ორშ. 22 მარტი, 2021 წელი

ტაქსის ემბლემა

14
დაკოპირებულია

22 მარტი ტაქსის მძღოლების საერთაშორისო დღეა. ტაქსი პირველად 1907 წლის 22 მარტს, ბრიტანეთის დედაქალაქის ქუჩებში გამოჩნდა და ლონდონელმა მეეტლებმა „ტაქსიმეტრი“ შეარქვეს. ჭადრაკის უჯრების წყალობით, ტაქსის ჩვეულებრივი ავტომობილისგან გარჩევა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ძალიან ადვილია, მაგრამ ოდესმე თუ დაფიქრებულხართ, რატომ მაინცდამაინც ჭადრაკის უჯრები ან რატომ მაინცდამაინც ტაქსზე?

ამ კითხვებზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს, მაგრამ არსებობს რამდენიმე ვერსია, რომელთაგან თითოეული საკმაოდ სარწმუნოა.

ჭადრაკის უჯრები თავის ტაქსებზე პირველად ამერიკულმა კომპანიამ Checker Motors Corporation–მა დაახატა, რომელმაც მოგვიანებით, ავტომობილების წარმოება თავისი ჩიკაგოს ტაქსის პარკის Checker Taxi– სთვის დაიწყო. კომპანიამ გადაწყვიტა, პოპულარული თამაშის მოედანი საკუთარი ტაქსების სიმბოლოდ გამოეყენებინა.

მეორე ვერსიით, ტაქსის სიმბოლო არა პოპულარული თამაშიდან, არამედ ავტორბოლებიდან აიღეს, სადაც ფინიშთან სწორედ ასეთ, ჭადრაკულ ალამს აფრიალებენ. ეს არის გარკვეული მინიშნება, რომ ტაქსი ყველაზე სწრაფი ტრანსპორტია.

ჭადრაკული ავტომობილები სსრკ-ში 1948 წელს გამოჩნდა. ტაქსის სიბოლო საბჭოთა ავტომობილ „პობედაზე“ დაამაგრეს, რომელიც ტაქსების პირველი ოფიციალური ბრენდი გახდა.

დღეს ტაქსები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მოძრაობენ. რაც შეეხება ტაქსების გარეგნულ სახეს, ეს სხვადასხვა ქვეყანასა თუ ქალაქში სხვადასხვანაირად რეგულირდება:

ესპანეთში ყველა ქალაქი დამოუკიდებლად განსაზღვრავს ტაქსის ფერს. მადრიდში ტაქსები თეთრია – წინა კარზე წითელი დიაგონალური ზოლით. სევილიაში ეს ზოლი ყვითელია და უკანა კარზეა. ყველაზე განსხვავებული ამ მხრივ ბარსელონას შავ-ყვითელი ტაქსებია.

გერმანიის ქალაქებში ტაქსები კრემისფერია. ეს ქვეყნის მასშტაბით სავალდებულო იყო 2005 წლამდე. 2005 წელს კანონი გაუქმდა, თუმცა კრემისფერი დღემდე ტაქსის უნივერსალურ ფერად დარჩა და კომპანიებიც თავიანთი მანქანებისთვის მაინც ამ ფერს ამჯობინებენ.

ბუდაპეშტში 2013 წლიდან ტაქსის სავალდებულო ფერი ყვითელია.

ნიუ-იორკის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი ყველასთვის ცნობილი ყვითელი ტაქსებია. 2013 წლიდან მათ მწვანე ფერის ტაქსებიც დაემატა. თუმცა მათ მგზავრების აყვანის უფლება მხოლოდ ქალაქის 5 მთავარი უბნის გარეთ აქვთ.

იტალიაში ტაქსის ფერი თეთრია, თუმცა მანამდე ყვითელი იყო. ამიტომ დღეს აქ ორივე ფერის ტაქსებს შეხვდებით.

ლონდონის ღირსშესანიშნაობა შავი ტაქსია. მიუხედავად იმისა, რომ ტაქსის ფერზე აქ ოფიციალური რეგულაციები არ არსებობს, მათი უმეტესობა მაინც შავია.

ბანგკოკში ყველაზე ფერად ქუჩებს შეხვდებით. აქ ტაქსებს ფერად კანფეტებს ამსგავსებენ. ადგილობრივები კი სწორედ ამის მიხედვით ცნობენ მათ, რადგან ყველა კომპანიას თავისი ფერი აქვს. თუმცა უპირატესობას ყვითელ-მწვანე მანქანებს ანიჭებენ, რადგან ეს კერძო ტაქსებია, რომელთა მძღოლებიც თავადვე არიან ავტომობილის მეპატრონეები. გარდა ამისა, 2008 წელს შემოვიდა რეგულაცია, რომლის მიხედვითაც ყველა ახალი ტაქსი ყვითელი უნდა იყოს.

პარიზში ტაქსის ფერი განსაზღვრული არ არის. თუმცა ლიცენზირებული ტაქსი შეგიძლიათ ამოიცნოთ ნიშანზე წარწერით „TAXI PARISIEN”, რომელსაც ქვევით სამი პატარა ნათურა აქვს.

ამსტერდამშიც სხვადასხვა ფერის ტაქსებს შეხვდებით. მათთვის სავალდებულო ლურჯი სანომრე ნიშნის ტარებაა.

იაპონურ ტაქსებსაც არ აქვთ ოფიციალური ფერი. ყველა კომპანიას თავისი დიზაინის მანქანა ჰყავს, თუმცა აქ ყურადღება მძღოლების ჩაცმულობას ექცევა. მათი დრესკოდი მოიცავს ქუდს და ხელთათმანებს.

თბილისში 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან ყველა ლიცენზირებული (A კატეგორიის) ტაქსი თეთრი ფერისაა.

ეს სია სრულყოფილი არ არის, ბევრი ქვეყანა ტაქსის აღსანიშნავად საკუთარ პირობებს იყენებს. თუმცა მთავარი არსი არ იცვლება - დანიშნულების ადგილამდე სწრაფად და მოხერხებულად მისვლა. ამ ამოცანას კი ნებისმიერი ფერის ტაქსი გაუმკლავდება!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ გაჩნდა გამოთქმა „კედლებსაც ყუ...

გამოთქმა „კედლებსაც
ყურები აქვს“

ახალი კვლევა - ქორწინების ხანგრძლივ...

ქორწინების ხანგრძლივობა

როგორ დავკიდოთ ხატები სახლში

როგორ დავკიდოთ ხატები
სახლში

როგორ გამოიყურებოდა სანტა კლაუსის პ...

სანტა კლაუსის პროტოტიპი

რატომ ლაპარაკობენ თუთიყუშები?

თუთიყუშის ლაპარაკი

ნაძვის ხის მატარებელი - ერთი საშობა...

ნაძვის ხის მატარებელი

სად მიდის ტყვია ჰაერში სროლის შემდე...

სად მიდის ტყვია ჰაერში
სროლის შემდეგ?

როდის შეიძლება ნიადაგი გაუვარგისდეს...

სიცოცხლისთვის უვარგისი
მიწა

რას გულისხმობდა რომაელი პოეტი, როდე...

დეციმუს იუნიუს იუვენალი