რატომ ეშინიათ ძლიერ ზვიგენებს დელფინების?
18:00 ოთხ. 9 აპრილი

ზვიგენებს დელფინების პანიკურად ეშინიათ…
დიახ, მრისხანე ზვიგენებს იმ დელფინების ეშინიათ, რომლებიც დელფინარიუმებში რგოლებში ხტებიან და ადამიანებს ართობენ.
ამის მიზეზი ისაა, რომ დელფინებს ევოლუციის პროცესში განუვითარდათ ისეთი თვისებები, რომლებიც არასასიამოვნო მეტოქეებად აქცევთ.
ზვიგენები მარტო ნადირობენ. ისინი ჩუმად მიპარვას, მოულოდნელად შეტევას და გამარჯვებას არიან მიჩვეულები.
დელფინები კი პირიქით – გუნდურად მოქმედებენ. ისინი ჯგუფურად დაცურავენ და კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარი აქვთ. თუ შემთხვევით ზვიგენი მათ ტერიტორიაზე აღმოჩნდა და რომელიმე დელფინზე თავდასხმა სცადა, დანარჩენები მაშინვე თანამოძმის დასახმარებლად მივლენ და მტაცებელს ყველა მხრიდან შეუტევენ.
ბრძოლის ტაქტიკა – არა მარტო კბილები, არამედ ჭკუაც
ზვიგენები ფიზიკურად ძლიერები არიან, მაგრამ დელფინები ჭკუით და მოქნილობით იმარჯვებენ. მათი მთავარი იარაღია სისწრაფე, მოხერხება და საჭირო დროს ძლიერი დარტყმები.
დელფინები 50 კმ/სთ-მდე სიჩქარეს ავითარებენ - მათი დაჭერა ადვილი არაა.
დელფინებმა ზუსტად იციან, სად დაარტყან - ძლიერმა დარტყმამ გვერდში შეიძლება შინაგანი ორგანოების დაზიანება გამოიწვიოს, მით უმეტეს, რომ ზვიგენი დელფინივით სწრაფად და მოქნილად ვერ მოძრაობს, ამიტომ გაქცევა ყოველთვის არ გამოსდის.
დელფინების მეორე საბრძოლო ტაქტიკა ქვემოდან ზემოთ, მუცლის არეში შეტევაა და ეს ისეთი მტკივნეულია, რომ ბევრი ზვიგენი ბრძოლის გაგრძელებას ვერ ახერხებს.
ამასთან, დელფინები იმაზე გაცილებით ძლიერები არიან, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. მათი სხეული მოქნილი და ღონიერია, ხოლო კუდი – ნამდვილი იარაღია. კუდის ერთი ძლიერი მოქნევა საკმარისია, რომ ზვიგენს სერიოზული ტრავმა მიაყენოს.
გონიერება და კოორდინაცია
დელფინები არა მარტო შესანიშნავი მოცურავეები, მშვენიერი მზვერავებიც არიან.
მათი მთავარი ინსტრუმენტი ექოლოკაციაა. მისი დახმარებით, დელფინი ზვიგენს შორიდან ამჩნევს და მეგობრებს ინფორმაციას აწვდის. ამის შემდეგ დელფინები გუნდად იკრიბებიან და ერთად უტევენ.
წარმოიდგინეთ მარტოხელა დელფინზე მონადირე ზვიგენი, რომელსაც ხუთიოდე წამში გარშემო ათი გაბრაზებული დელფინი არტყამს წრეს. ამ შემთხვევაში გამარჯვების შანსი ნულია.
ზვიგენს გარისკვა არ უყვარს ის უკიდურესად იშვიათად ესხმის თავზე მსხვერპლს თუ მოწინააღმდეგე ძლიერია, რატომ უნდა გარისკო, თუ შეიძლება გაცილებით ადვილი მსხვერპლი ნახო?
სწორედ ამიტომ ზვიგენები იშვიათად ესხმიან თავს ადამიანებსაც – ჩვენ უცნაური „ნადავლი“ ვართ და შეიძლება კბილიც გაიფუჭონ.
დელფინიც არაპროგნოზირებადი და საფრთხის შემცველი არსებაა, ამიტომ ზვიგენების უმეტესობა დელფინების დანახვისას უკან იხევს. რატომ გარისკოს, როცა ოკეანე იოლი ნადავლით სავსეა?
რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობს – მაგალითად, ახალგაზრდა, გამოუცდელი ზვიგენი შეიძლება მარტოხელა დელფინის დანახვამ აცდუნოს. საკმარისია დანარჩენმა დელფინებმა საფრთხე შეამჩნიონ, რომ ნადირობა სწრაფად, ზვიგენისთვის საკმაოდ უსიამოვნოდ მთავრდება.
ერთად ნადირობა
ზოგჯერ ზვიგენები და დელფინები თანამშრომლობენ, მაგალითად, როცა თევზების დიდ გუნდზე ერთდროულად ნადირობენ - დელფინები თევზებს ერთ კუთხეში იმწყვდევენ, ზვიგენები კი ქვემოდან თავს ესხმიან. ყველა თავის წილს იღებს და არავინ არავის ერჩის.
ზოგჯერ ზვიგენები დელფინებს უკან მიჰყვებიან, რადგან ისინი თევზს უკეთ პოულობენ.
რა თქმა უნდა, ასეთი თანამშრომლობის გამო ზვიგენები და დელფინები მეგობრები არ ხდებიან - თუ დელფინებმა საფრთხე იგრძნეს, თანამშრომლობა მაშინვე წყდება.
ვინ იმარჯვებს?
თუ მხოლოდ ზომით და ძალით ვიმსჯელებთ, ზვიგენი, რომელიც ზომითაც უფრო დიდია და კბილებიც უფრო ძლიერი აქვს, დელფინთან ერთი ერთზე აუცილებლად გაიმარჯვებს.
მაგრამ თუ ბრძოლის ტაქტიკას, ინტელექტს და გუნდურ მუშაობას გავითვალისწინებთ, დელფინები გაცილებით ძლიერები არიან.
ასე რომ, ამ საზღვაო ომში გამარჯვებული არ არსებობს – ზღვის ეკოსისტემაში ორივეს თავისი როლი აქვს.
ესეც დაგაინტერესებთ:
„დელფინი თითქოს სთხოვდა, უკან გამომყევიო,“ - დაუჯერებელი ამბავი, რომელიც იტალიელ მყვინთავს შეემთხვა
რატომ ერიდებიან ზვიგენები შავ ზღვას?
სიახლეები ამავე კატეგორიიდან