დიდებული მსახიობი ქალები, რომლებსაც „ოსკარი“ არ მიუღიათ
12:12 შაბ. 26 ივნისი, 2021 წელი
უცნაურია, მაგრამ ფაქტია - ამ ნიჭიერ მსახიობებს, რომლებსაც მილიონობით მაყურებელი ეთაყვანება, „ოსკარი“ არ მიუღიათ. ზოგიერთისთვის ეს უკვე მიუღწეველი ჯილდოა, თუმცა ამ ჩამონათვალიდან რამდენიმეს ყველაფერი წინ აქვს...
ჰელენ ბონემ კარტერი
ამ უნიჭიერესი მსახიობის ფილმოგრაფიაში ნამდვილად არის გამორჩეული და დასამახსოვრებელი როლები: გაიხსენეთ მარლა სინგერი ფილმიდან „მებრძოლთა კლუბი“ ან ბელატრისა ლესტრეინჯი „ჰარი პოტერიდან“. ჰელენი „ოსკარზე“მთავარი როლისთვის ორჯერ იყო წარდგენილი ფილმებიდან „მტრედის ფრთები“ და „მეფის სიტყვა“. იმედია, შემდეგი ნომინაცია უფრო წარმატებული აღმოჩნდება.
ემი ადამსი
ნომინაციების რაოდენობით ემი ადამსი არაფრით ჩამოუვარდება ლეონარდო დიკაპრიოს: მსახიობი 5-ჯერ იყო ნომინირებული, მაგრამ ძირითადად კატეგორიაში „საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვანი როლისთვის“. სამწუხაროდ მისი ერთ-ერთი გამორჩეული როლი უყურადღებოდ დატოვეს კრიტიკოსებმა და მისმა შესრულებულმა როლმა ფილმში „ჩამოსვლა“ ნომინაციაც კი ვერ მოიპოვა.
დემი მური
90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და პოპულარული მსახიობი მაყურებელს თავისი როლებით ფილმებში „ჯარისკაცი ჯეინი“ და „მოჩვენება“ სამუდამოდ დაამახსოვრდა. მართალია, „მოჩვენებამ“ „ოსკარზე“ 5 ნომინაცია მოიპოვა, მაგრამ მურის სამსახიობო ნამუშევარი კინოაკადემიამ უყურადღებოდ დატოვა.
კირა ნაიტლი
32 წლის ნაიტლიმ უკვე მოასწრო, შეესრულებინა ანა კარენინა, ჰერცოგინია ჯორჯიანა კავენდიში და ერთ-ერთი მთავარი როლი „კარიბის ზღვის მეკობრეებში“. ის ორჯერ იყო ნომინირებული „ოსკარზე“: ჯეინ ოსტინის რომანის „სიამაყე და ცრურწმენა“ ეკრანიზაციის როლზე და ასევე, ისტორიულ დრამაში „იმიტაციის თამაში“. მას შემდეგ, რაც 2015 წელს შვილი შეეძინა, ის ეკრანებზე იმდენად ხშირად აღარ ჩნდება, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ მას მნიშვნელოვანი როლები და „ოსკარის“ ქანდაკებაც წინ აქვს.
გლენ კლოუზი
გახსოვთ ბოროტმოქმედი კრუელა დე ვილი „101 დალმატინელიდან“? მსახიობს „ოსკარზე“ მთელი 6 ნომინაცია აქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, გამარჯვებით არც ერთი წარდგენა არ დასრულებულა. ძალიან სამწუხაროა, რადგან გლენი გარდასახვის ნამდვილი ოსტატია, ავიღოთ, მაგალითად, თუნდაც ფილმი „ალბერტ ნობსი“.
ჯესიკა ჩესტეინი
მიუხედავად იმისა, რომ ჯესიკა ჩესტეინი მაყურებლის უმეტესობას ფილმიდან „ინტერსტელარი“ დაამახსოვრდა და შეუყვარდა, ის უკვე 2-ჯერ იყო „ოსკარზე“ ნომინირებული: არაჩვეულებრივი შესრულებისთვის ფილმში „მოსამსახურე“ და მთავარი როლისთვის ფილმში „მიზანი ნომერი ერთი“.
კატრინ დენევი
ნიჭიერი ფრანგი მსახიობის თამაში კინოაკადემიამ მხოლოდ ერთხელ აღნიშნა: 1993 წელს „ოსკარზე“ ის ფილმისთვის „ინდოჩინეთი“ წარადგინეს, მაგრამ სანატრელი ქანდაკება ემა ტომპსონმა მიიღო. უნდა აღინიშნოს დენევის როლები ფილმებში „შერბურის ქოლგები“, „წყვდიადში მოცეკვავე“, „8 ქალი“.
მიშელ უილიამსი
მსახიობი „ოსკარზე“ 4-ჯერ იყო ნომინირებული როლებისთვის ფილმებში: „კუზიანი მთა“, „სევდიანი ვალენტინი“, „ჩემი ერთი კვირა მერილინთან“, სადაც მან ოსტატურად შეასრულა ლეგენდარული მსახიობის როლი და ასევე, ფილმში „მანჩესტერი ზღვასთან“. თუ მსახიობმა ასეთი ტემპით გააგრძელა, „ოსკარის“ ქანდაკება, იმედია, მალე მისი გახდება...
უმა თურმანი
კვენტინ ტარანტინოს მუზა „ოსკარზე“ 1995 წელს იყო ნომინირებული როლისთვის ფილმში „მაკულატურა“ – მაშინ ქანდაკება დაიანა უესტმა მოიპოვა ფილმში „ტყვიები ბროდვეის თავზე“. შემდეგ უმამ შეასრულა როლები ისეთ ფილმებში, როგორებიცაა „გატაკა“, „საბრალონი“, „მოკალი ბილი“, მაგრამ ამ როლებმა ნომინაცია ვერ მოიპოვა.
მერილინ მონრო
გულუბრყვილო ქერა პერსონაჟების გამო კრიტიკოსები მონროს სერიოზულად არ აღიქვამდნენ, თავად მსახიობი კი მთელი კარიერის მანძილზე ცდილობდა ამ დაღისგან გათავისუფლებას. ხანდახან მას ეს გამოსდიოდა - მაგალითად, ფილმში „შეუფერებელნი“, სადაც მერილინმა განქორწინებული ქალის როლი შეასრულა. იმ დროს ყველაზე მოთხოვნადმა მსახიობმა და ჰოლივუდის სექსსიმბოლომ „ოსკარის“ ვერც ერთი ნომინაცია ვერ მოიპოვა. მისი უმაღლესი ჯილდო „ოქროს გლობუსი“ აღმოჩნდა ფილმისთვის „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან