რატომ ღებავენ თვითმფრინავებს თეთრად?
12:09 სამ. 3 დეკემბერი
ალბათ შეგინიშნავთ, რომ სამგზავრო თვითმფრინავები (იშვიათი გამონაკლისის გარდა) თეთრი ფერისაა, თუმცა ყოველთვის ასე არ იყო. თვითმფრინავების თეთრად შეღებვის გადაწყვეტილება ავიაწარმოებაში მრავალწლიანი გამოცდილების, უზარმაზარი ფინანსური ხარჯებისა და უამრავი ინციდენტის შედეგად მოვიდა.
მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში თავდაპირველად თვითმფრინავებს საერთოდ არ ღებავდნენ, უბრალოდ აპრიალებდნენ. ამას თავისი უპირატესობა ჰქონდა - სარკესავით გაპრიალებული თვითმფრინავი ლამაზი სანახავიც იყო და ნაკლები წონაც ჰქონდა, რადგან თვითმფრინავის ერთი ფენის შეღებვას 80-დან 250 კილოგრამამდე საღებავი სჭირდება, რაც დამატებით წონა და, შესაბამისად, საწვავის ხარჯია.
გაპრიალებული თვითმფრინავებით ფრენა დიდხანს არ გაგრძელებულა... კოროზიისგან ლითონის დასაცავად მწარმოებლები იძულებული გახდნენ, თვითმფრინავის კორპუსის შეღებვაზე გადასულიყვნენ. 1976 წლიდან თვითმფრინავის თეთრ ფერად გადაღებვა ერთგვარ სტანდარტად იქცა, რასაც თავისი მიზეზები აქვს.
1. თეთრი ფერი ფრინველებისთვის ხილვადობას ზრდის
თვითმფრინავისთვის ფრინველი მთავარი ბუნებრივი მტერია, ვინაიდან მასთან შეჯახება მძიმე შედეგებს და ზოგჯერ ავიაკატასტროფასაც კი იწვევს. რამდენიმე კილოგრამიან ფრინველთან შეჯახების შედეგად კორპუსზე ხვრელები და ჩაღრმავებები ჩნდება, პილოტების კაბინაში მინა მსხვრევა და ძრავი მწყობრიდან გამოდის.
ამის თავიდან აცილების ერთადერთი გზა თვითმფრინავის თეთრად შეღებვის გზით ხილვადობის გაზრდაა. ეს არის თვითმფრინავის უსაფრთხოებისთვის გატარებული პრევენციული ღონისძიება, თუმცა ჯერჯერობით, დაბალ სიმაღლეებზე ფრინველებთან შეჯახებები მაინც ხდება.
2. ფინანსური საკითხები
მზის სხივების ხანგრძლივი ზემოქმედების გამო, თვითმფრინავის კორპუსზე არცერთი ფერის საღებავი დიდხანს არ ძლებს, თუმცა თეთრი ნებისმიერი სხვა ფერის საღებავზე უფრო გამძლეა.
ამასთან, ფერადი პიგმენტების დამატების შემთხვევაში საღებავი გაცილებით ძვირია. თვითმფრინავის შეღებვის შემთხვევაში ფასში განსხვავებამ შეიძლება ათობით ათას დოლარს მიაღწიოს, ამიტომ არჩევანი ისევ თეთრი ფერის სასარგებლოდ კეთდება.
3. თეთრი თვითმფრინავის მოვლა უფრო ადვილია
ავტომობილის მსგავსად, ნაწილები შეცვლა, მოვლა და შეკეთება თვითმფრინავსაც სჭირდება, თუმცა თვითმფრინავის ექსპლუატაციის პირობები გაცილებით რთულია. უზარმაზარი დატვირთვა, ტემპერატურის რყევები, ტენიანობის, მტვრის და ვიბრაციის მუდმივი ზემოქმედება და ა.შ.
ტექნიკურ პერსონალს პრობლემის პოვნაში თეთრი საღებავი ძალიან ეხმარება. იდეალურად თეთრ საღებავზე კორპუსის ბზარები, ნაკაწრები და სხვადასხვა სითხეების გაჟონვის ადგილები მშვენივრად მოჩანს.
4. თვითმფრინავის ექსპლუატაციის ვადა იზრდება
უცნაურია, მაგრამ თეთრი ფერის საღებავი თვითმფრინავის სიცოცხლეს და უპრობლემოდ მუშაობის ვადას ახანგრძლივებს. თვითმფრინავს ძალიან დიდი ზედაპირი აქვს, რომელიც მზის უზარმაზარ ენერგიას შთანთქავს და ამის გამო ძალიან ცხელდება.
თეთრი ფერის დახმარებით თვითმფრინავის ზედაპირი გამოსხივების ნაწილს ირეკლავს და კორპუსი ნაკლებად ხურდება, შესაბამისად, ნაკლებად დეფორმირდება და დიდხანს ძლებს.
ესეც დაგაინტერესებთ:
რატომ არ დაფრინავენ თვითმფრინავები ანტარქტიდის თავზე?
ვინ იყო ადამიანი, ვინც თვითმფრინავი შეჭამა?
როგორ იქცა საბჭოთა მფრინავი ინდიელების ბელადად?
სიახლეები ამავე კატეგორიიდან