როგორ შეარყია „კოკაინის კოვზმა“ მაკდონალდსის რეპუტაცია
12:00 პარ. 2 აპრილი, 2021 წელი
მაკდონალდსი ცნობილია, როგორც ოჯახური ბრენდი და მისი რესტორნები, პირველ რიგში, ბავშვთა ბედნიერ სახეებთან ასოცირდება. მაგრამ კომპანიის ისტორიაში იყო არცთუ ისე სასიამოვნო მომენტი, როდესაც ბრენდმა სერიოზული რეპუტაციული ზარალი განიცადა და სკანდალების ცენტრში აღმოჩნდა. „კოკაინის კოვზის“ ამბავი ის შემთხვევაა, რომლის გახსენებაც ქსელის მენეჯმენტს არ უყვარს.
1970-იან წლებში მაკდონალდსის რესტორნის ერთ-ერთმა სტუმარმა შენიშნა, რომ ბრენდის პლასტმასის კოვზი ყავისთვის, რომელსაც ხალხში მაკსპუნი (McSpoon) უწოდეს, იდეალურია კოკაინის დოზის გასაზომად.
ფოტოზე: მაკსპუნი, „მაკდონალდსის“ სკანდალური კოვზი
რა თქმა უნდა, ყავის კოვზების არატრადიციული გამოყენების შესახებ არავინ საუბრობდა, მაგრამ არა არს დაფარული, რომელი არა გაცხადდეს. მით უმეტეს, თუ საქმეში ჟურნალისტები ერევიან.
1979 წელს ჟურნალისტმა მარსია კრამერმა გამოაქვეყნა სტატია ნიუ-იორკის ერთ-ერთ ლოფტში მოწყობილი არალეგალური შეკრების შესახებ. ჟურნალისტმა თითქოს სხვათა შორის აღინიშნა, რომ სტუმრები მაკდონალდსის კოვზებს აქტიურად იყენებდნენ კოკაინის საჭირო რაოდენობის გასაზომად.
სტატია, რომელმაც საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია, აშშ-ის მთავრობას შეუმჩნეველი არ დარჩენია. მალე კონგრესში მოსმენები გაიმართა, სადაც ერთ-ერთი მთავარი საკითხი ნარკოტიკების უკანონო ბრუნვაზე კონტროლის გამკაცრება გახლდათ.
კონგრესმენებმა რამდენიმე სადავო საკითხი განიხილეს. მაგალითად: უნდა აიკრძალოს თუ არა აშშ-ში ბონგის და მარიხუანის მოწევისთვის განკუთვნილი სხვა ხელსაწყოების გაყიდვა. რა თქმა უნდა, ეს პროდუქტები ნარკოტიკულ ნივთიერებებს არ განეკუთვნება, მაგრამ მათი მოხმარებისთვის გამოიყენება და მათთან ასოცირდება. სწორედ ამ დროს გაიხსენეს „მაკპუნი“, რომელიც, მილიონობით ამერიკელის აზრით, კოკაინით თრობის სიმბოლოდ იქცა.
სენატორი ჯო ბაიდენი - ახალგაზრდა და აქტიური
სენატში მაკდონალდსის კოვზთან დაკავშირებული დებატები კონგრესმენმა და ატრიბუტიკის სავაჭრო ასოციაციის წარმომადგენელმა, აშშ-ის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაიწყო.
დამსწრე საზოგადოებას პლასტმასის კოვზები გადასცეს და ჰკითხეს, უნდა მომხდარიყო თუ არა ამ კოვზების ისეთივე მოწყობილობად აღიარება, როგორიც ბონგები და სპეციალური მილებია.
ფოტოზე: კონგრესმენი ჯო ბაიდენი, 1979 წელი
მშობელთა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ჯოის ნალეპკა ბაიდენის არგუმენტებს დაეთანხმა. მალე მას ზნეობისა და კანონის სხვა დამცველებიც შეუერთდნენ. ამრიგად, „მაკსპუნი“ ერთ დღეში ჩვეულებრივი ერთჯერადი კოვზიდან არალეგალური ნივთიერებების მოყვარულთა საყვარელ საეჭვო მოწყობილობების კატეგორიაში მოექცა.
ამერიკის მშობელთა ეროვნულმა ფედერაციამ „მაკსპუნთან“ დაკავშირებული სიტუაცია კონტროლზე აიყვანა, ხოლო ფედერაციის პრეზიდენტი მაკდონალდსის ქსელის ხელმძღვანელ ედვარდ შმიდტს შეხვდა.
ქალმა შმიდტს ჰკითხა, რისი გაკეთება შეეძლო ამ პრობლემის გადასაჭრელად. როგორც მოსალოდნელი იყო, მაკდონალდსის ქსელის ხელმძღვანელი ვიზიტით აღფრთოვანებული არ დარჩენილა.
მან განაცხადა, რომ კომპანია მსოფლიოს მასშტაბით 4500 რესტორანს ფლობს და თითოეული მათგანი პლასტმასის კოვზებს იყენებს, მაგრამ ჯოის ნალეპკა უკან დახევას არ აპირებდა.
„მე უფრო მაინტერესებს, რამდენი შვილი გყავთ. გააკეთეთ ეს ამერიკელი ბავშვებისთვის“ - უთხრა ქალმა შმიდტს.
მაკდონალდსის ქსელის ხელმძღვანელმა პირობა დადო, რომ ამ საკითხზე იფიქრებდა. მალე ნალეპკამ მიიღო წერილი, რომელშიც შმიდტმა აღუთქვა, რომ კოვზების დიზაინს უახლოეს მომავალში შეცვლიდა.
კომპანიის პრეზიდენტმა დანაპირები შეასრულა და მალე აშშ-ში მდებარე ქსელის რესტორნებში, პლასტმასის კოვზების ნაცვლად, ყავის მოსარევად ცნობილი ბრტყელი ჩხირები გამოჩნდა.
კოვზების დიზაინის შეცვლის შემდეგ კომპანიის საწყობებში უამრავი „მაკსპუნი“ დარჩა, რომლებიც სხვა ქვეყნებში გაგზავნეს, სადაც კოკაინი ნაკლებად პოპულარული იყო. მალე გაირკვა, რომ ეს მცდარი გადაწყვეტილება იყო, რადგან აღმოჩნდა, რომ ჰეროინიც კოვზებით იზომება. ეს გაურკვევლობა მანამდე გაგრძელდა, სანამ ერთჯერადი კოვზების მთელი მარაგი არ ამოიწურა და ისინი ბრტყელი ჩხირებით ჩანაცვლდა.
როგორც ხედავთ, შეიძლება სრულიად ჩვეულებრივი ნივთი აიკრძალოს, თუ კრიმინალური მიზნებისათვის გამოსადეგი აღმოჩნდა, წარუმატებელმა რებრენდინგმა კი - ხანგრძლივი ისტორიის მქონე ტრადიციები გააფუჭოს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან