საკნატუნო ამბები

როცა მგზავრობის ფული არ გაქვს - სტუდენტმა საკუთარი თავი ფოსტით გააგზავნა

funtime

19:06 კვი. 18 აპრილი

მგზავრობა ჩემოდანში
14
დაკოპირებულია

რა შეიძლება გააკეთოს ღარიბმა სტუდენტმა, რომელსაც ავსტრალიიდან დიდ ბრიტანეთში დასაბრუნებელი ფული არ აქვს? ბრიტანელმა ბრაიან რობსონმა (Brian Robson) უფასოდ მგზავრობის ვარიანტებიდან ერთ-ერთი ყველაზე სარისკო შეარჩია და სახლში ამანათის სახით, ფოსტით გაემგზავრა...

ბრაიანმა 50 წლის შემდეგ აღიარა, რომ მოგზაურობა საავადმყოფოში მკურნალობით და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტების დაკითხვით დასრულდა. ყველაფრის მიუხედავად, მამაკაცი არაფერს ნანობს, რადგან საბოლოოდ, დანიშნულების ადგილზე მოხვდა.

ახლა ბრაიან რობსონი 76 წლისაა, მაგრამ მისი სიცოცხლე შეიძლება1965 წელს დასრულებულიყო, როდესაც 19 წლის ბიჭი ხის ყუთში ჩაჯდა, - წერს The Guardian.

იმ დროს ბრაიანი მონაწილეობდა პროგრამაში, რომელსაც დღეს Work and Travel ჰქვია. პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდას მელბურნის კომპანიამ ავსტრალიაში სამსახური და მიმდინარე ხარჯების დაფარვა შესთავაზა. ბრაიანს მხოლოდ სახლიდან შორს მუშაობა და უკან დასაბრუნებელი ბილეთისთვის ფულის მოგროვება მოეთხოვებოდა. ავსტრალიაში სტუდენტი გულმოდგინედ მუშაობდა, მაგრამ მშობლიური სახლის მონატრებით იტანჯებოდა. ის მზად იყო, ყველაფერი მიეტოვებინა და ბრიტანეთში დაბრუნებულიყო, მაგრამ ხელს ორი გარემოება უშლიდა: პირველ რიგში, კომპენსაცია უნდა გადაეხადა კომპანიისთვის, რომელშიც მუშაობდა და უკან დასაბრუნებელი ბილეთები შეეძინა. მთლიანობაში, ბრაიანს 800 ფუნტი სჭირდებოდა.

„მივხვდი, რომ სახლში დასაბრუნებლად რამდენიმე წელი უნდა მემუშავა, მაგრამ ამასთან შეგუებას არ ვაპირებდი. მზად ვიყავი, სამშობლოში დასაბრუნებლად ყველაზე გიჟური, თავგანწირული ნაბიჯი გადამედგა. სწორედ ამ დროს გამიჩნდა იდეა, რომ საკუთარი თავი სახლში ფოსტით გამეგზავნა. ამას მარტო ვერ მოვახერხებდი, ამიტომ დახმარება მეგობრებს, პოლს და ჯონს ვთხოვე,“ - იხსენებს ბრაიანი.

ბიჭები ბრაიანთან ერთად მუშაობდნენდნენ. ავსტრალიაში ორივე ირლანდიიდან ჩავიდა. პოლს საბეჭდ მანქანასთან წვდომა ჰქონდა და შეეძლო, რომ ამანათის გაგზავნისთვის საჭირო ყველა საბუთი შეევსო. ბრაიანი თითქმის ერთი კვირის მანძილზე ცდილობდა მეგობრები დახმარებაზე დაეთანხმებინა. პოლი მალე დათანხმდა, ჯონი კატეგორიულ უარზე იყო, მაგრამ საბოლოოდ, მეგობრის ხვეწნა-მუდარას ვერ გაუძლო...

გეგმის მიხედვით, ირლანდიელ მეგობრებს ჩაქუჩით შეიარაღებული ბრაიანი ხის ყუთში უნდა დაემალათ. როდესაც სიდნეიდან გაფრენილი თვითმფრინავი ლონდონის ჰითროუს აეროპორტში დაეშვებოდა, ბრაიანი ჩაქუჩის დახმარებით ყუთს სახურავს მოხსნიდა, ამოვიდოდა, აეროპორტის ღობეზე გადაძვრებოდა და სახლისკენ გაიქცეოდა.

საბოლოოდ, საბუთების გაფორმება წარმატებით დასრულდა, ჩაქუჩი და ხის ყუთიც მზად იყო. მოგზაურობამდე რამდენიმე დღით ადრე ბრაიანმა საფაღარათე საშუალებები მიიღო, რათა გზაზე ტუალეტში გასვლა არ დასჭირვებოდა. ჯერჯერობით, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა...

პოლმა და ჯონმა თავგანწირულ მეგობარს წარმატება უსურვეს, ყუთს თავსახური დააჭედეს და მელბურნის აეროპორტში ჩააბარეს. წესით, ყუთი აეროპორტის საწყობში დიდხანს არ უნდა გაეჩერებინათ, მაგრამ გეგმა მაინც ჩაიშალა.

თვითმფრინავი, რომელსაც ბრაიანი ლონდონში უნდა ჩაეყვანა, გადატვირთული აღმოჩნდა, ამიტომ აეროპორტის თანამშრომლებმა სტუდენტის ყუთი სხვა რეისს გადასცეს - თვითმფრინავს, რომელიც ბრიტანეთში ლოს-ანჯელესში გავლით მიფრინავდა.

საერთო ჯამში, ბრაიანმა ყუთში 96 საათი (ოთხი დღე) გაატარა. სუფთა ჰაერისა და სივრცის არარსებობის გამო, ბიჭი სწრაფად დასუსტდა. ის უკვე ვეღარ ხვდებოდა სად იყო და მის თავს რა ხდებოდა. როდესაც თვითმფრინავი ლოს-ანჯელესში დაეშვა, ვიღაცას ეჭვი გაუჩნდა და ყუთი გახსნა.

ამ დროისთვის, ბრაიანი იმდენად დასუსტებული იყო, რომ ჩაქუჩის დახმარებით ყუთის გახსნის ძალა აღარ ჰქონდა.

„გავიგე, რომ ვიღაც ყვიროდა - ჩქარა, აქ ადამიანია“ - იხსენებს მამაკაცი.

ბრაიანი სასწრაფოდ უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ხუთი დღის განმავლობაში სარეაბილიტაციო კურსი ჩაუტარდა. ის საავადმყოფოში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლებმა მოინახულეს, რომლებსაც ბრაიანი ჯაშუში ეგონათ. უიღბლო მოგზაურის საბედნიეროდ, ყველაფერი გაირკვა და FBI–ის უფროსის დახმარებით, სტუდენტი სახლში აღმოჩნდა.

76 წლის ასაკში ამ უცნაური ამბის მთავარი გმირი მხოლოდ იმას ნანობს, რომ პოლთან და ჯონთან კავშირი გაწყდა. ბრაიანს ძველი მეგობრების პოვნა ძალიან უნდა, მაგრამ არ იცის, ეს როგორ მოახერხოს.

თუ ოდესმე მათ შევხვდი, ბოდიშს მოვუხდი, რომ ამ ყველაფერში გავხვიე. ეს ორი ადამიანი დღემდე ძალიან მენატრება - ამბობს მამაკაცი.

წყარო: www.theguardian.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

შემთხვევა, რომელიც ფილმის სიუჟეტს ჰ...

68 წელი ერთად

მსხვერპლშეწირვა შვილებისთვის - მამრ...

ქამელეონი

5 ისტორიული დესერტი

დესერტის ისტორია

როგორ ებრძვის მსოფლიოს სხვადასხვა ქ...

საცობი ქალაქში

5 ჰოლივუდური შეყვარებული წყვილი, რო...

საუკეთესო კინოწყვილები

ყავის ჭიქიდან დაწყებული, უნიტაზით დ...

ოქროს სასტუმრო ჰანოეში

მიკროსახლები უსახლკაროებისთვის - რო...

სახლი 17 კვ.მ.

როკ ენ როლი და ვაქცინაცია - როგორ ი...

როგორ იხსნა ელვის პრესლიმ
მსოფლიო ეპიდემიისგან

როგორ გამოიყურებოდნენ ისტორიული პირ...

პავლე მოციქული