ცნობილი კომპოზიტორების სეხნია კერძები
14:04 სამ. 22 მარტი, 2022 წელი

ბევრი ცნობილი კომპოზიტორი არა მხოლოდ შესანიშნავ მუსიკას თხზავდა, არამედ კულინარიაშიც კარგად ერკვეოდა და გასტრონომიულ თემებზე მუსიკალურ ნაწარმოებებსაც თხზავდა. მაგალითად, როსინის მუსიკალური მინიატურა „ოთხი საუზმე“ ან ბახის „ყავის კანტატა“. კულინარებიც არ რჩებოდნენ კომპოზიტორებს ვალში და მათ სახელებს თავიანთ კერძებს არქმევდნენ. სწორედ ამიტომ ბევრი მუსიკოსის სახელი რესტორნის მენიუშიც შეგხვდებათ.
ჯოაკინო როსინი (1792-1868)
ის სამართლიანად მიიჩნევა ყველაზე დიდ კომპოზიტორ-გურმანად . 37 წლის ასაკში მან 40-მდე ოპერა დაწერა და დამშვიდებული გულით გადაწყვიტა, თავი მეორე გატაცებისთვის - კულინარიისთვის მიეძღვნა.
ის პატივს მიაგებდა გემოს მრავალფეროვნებას. არსებობს პასტა a La Rossini, ომლეტი, ქათამი და, რასაკვირველია, ტურნედო როსინი - სახელგანთქმული იტალიელი კომპოზიტორის პატივსაცემად შექმნილი კერძი ძროხის ხორცის ფილეთი, ფუა-გრით (სპეციალური ტექნოლოგიით გაცხიმოვნებული ბატის ან იხვის ღვიძლი) და ტრიუფელებით მზადდება და მას მადერას სოუსთან ერთად მიირთმევენ.
დანიელ ობერი (1782-1871)
მან სახელი გაითქვა, როგორც ფრანგული "დიდი" ოპერის ფუძემდებელმა. მისი ნაწარმოებები იმდენად პოპულარული იყო, რომ რესტორნების მზარეულები მის სახელს ხშირად არქმევდნენ საკუთარ კერძებს. მისადმი მიძღვნილი კერძებიდან განსაკუთრებით ცნობილია "ობერის კვერცხები" ანდა "კვერცხები ობერულად" (Oeuf Auber).
ობერულად კვერცხების მოსამზადებლად შუაზე გაჭრილ პომიდვრებს ქათმის დაბრაწული ფარშით ავსებენ. ზემოდან კვერცხ-პაშოტს ადებენ (პაშოტი კვერცხის მოხარშვის ფრანგული მეთოდია - როცა ცილა კარგად ეკვრის კვერცხის გულს, თავად გული კი კრემისებრი კონსისტენციისაა). კერძს ცნობილი ფრანგული სოუსით - ველიუტეს სოუსით აფორმებენ.
ჰექტორ ბერლიოზი (1803-1869)
ბერლიოზი თავის მუსიკას ხშირად კაფეს ანდა რესტორნის მაგიდასთან მიმჯდარი თხზავდა. კომპოზიტორი Cafe de Paris-ის ხშირი სტუმარი იყო. ეს რესტორანი იმ დროს ყველაზე მდიდრულ და ელეგანტურ რესტორნად მიიჩნეოდა.
ბერლიოზს დესერტსა და ტკბილეულზე მეტად, ქათმის ფრიკასე მოსწონდა - მოხარშული ქათმის მკერდი და ბოსტნეულის ასორტი ბეშამელის სოუსში. თუკი მის დღიურებს ვენდობით, პარიზის რესტორნებში ეს კერძი 300-ჯერ მაინც ჰქონდა შეკვეთილი. ამიტომაც გასაკვირი არ უნდა იყოს, თუკი ცნობილმა პარიზელმა კულინარმა კაზიმირ მოისონმა კომპოზიტორს კერძი "ქათმის მკერდი ა ლია ბერლიოზი" მიუძღვნა.
ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი
მიცარტის სახელი მარციპანის შიგთავსის მქონე შოკოლადის კანფეტებს - მოცარტკიუგელს ეწოდა.
მისი ავტორი ზალცბურგელი კონდიტერი პაულ ფიურსტია, რომელმაც პირველი მოცარტკიუგელი ჯერ კიდევ 1890 წელს დაამზადა. დღემდე ავთენტიკური კანფეტები ზალცბურგის მცირე ზომის საკონდიტროში, უძველესი რეცეპტით, ხელით მზადდება და Original Salzburger Mozartkugel-ი ეწოდება
ვინჩენცო ბელინი (1801-1835)
„პასტა ა ლია ნორმა“ ცნობილი სიცილიური კერძია. გადმოცემით, ეს სახელი მან ცნობილი ოპერა „ნორმას“ სახელიდან მიიღო. ეს ოპერა კომპოზიტორმა ვინჩენცო ბელინიმ 1831 წელს დაწერა.
როგორც ამბობენ, ამ შედევრის შექმნის პროცესში კომპოზიტორი რესტორანში ვეგეტარიანულ ბადრიჯნის პასტას ხშირად უკვეთდა. ოპერის ტრიუმფალური წარმატების შემდეგ რესტორნის მეპატრონემ კერძს „პასტა ა ლია ნორმა“ უწოდა.
თეფშზე ჯერ ბადრიჯანს ათავსებდნენ, შემდეგ მაკარონს ადებდნენ და ზემოდან სოუსს ასხამდნენ. ყველაფერი ეს ვულკან ეტნას გამოსახავდა, მიწა, თოვლი და ლავა. ახლა კომპონენტებს ერთმანეთში ურევენ და ზემოდან გახეხილ ყველსაც აყრიან.
ესეც საინტერესოა:
6 ისტორიული პიროვნება, რომელთა სახელებიც კერძებს და ნივთებს ეწოდა
„მკიდია“ - ღვინოები უცნაური სახელებით!
საკვები გონებისთვის - რას ჭამდა ლეონარდო და ვინჩი
სიახლეები ამავე კატეგორიიდან