კოლიო - ტრადიციული კერძი, რომელიც შობის წინა საღამოს მზადდება
19:07 ოთხ. 5 იანვარი, 2022 წელი

კოლიო ხორბლისგან დამზადებული ტრადიციული კერძია, რომელსაც მართლმადიდებლები შობის წინა საღამოს ამზადებენ. ზოგადად, კოლიოს ანუ წანდილის მომზადების ტრადიციას საინტერესო ისტორია აქვს:
კონსტანტინოპოლის იმპერატორმა იულიანე განდგომილმა (იმპერატორობის პერიოდი 361–363 წწ) უარყო ქრისტე და კერპთაყვანისმცემლობას შეუდგა.
მან იცოდა, რომ დიდმარხვის პირველ კვირას მორწმუნენი მარხვას განსაკუთრებით წმინდად ინახავდნენ და ცოდვებს ინანიებდნენ.
იულიანემ უბრძანა ქალაქის თავს, მთელი კვირის მანძილზე ყოველდღე შეებღალა ბაზარში გასაყიდი სანოვაგე სამსხვერპლო ცხოველთა სისხლით. მეფის ბრძანება შესრულდა.
კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოს ევდოქსის გამოეცხადა წმინდა თეოდორე ტირონი და ამცნო, რომ საზრდელი ნაკერპალის სისხლით იყო შებილწული და ურჩია, მის ნაცვლად კოლიო - თაფლთან ერთად მოხარშული ხორბალი მიეღოთ. ქრისტიანებმა შეიძინეს ხორბალი, კოლიო მოხარშეს და მთელი კვირის განმავლობაში მას ჭამდნენ. ასე გადაურჩნენ მარხვის დარღვევას.
საქართველოში ოდითგან სწამდათ, რომ ქრისტეს შობის შემდეგ ღვთისმშობელმა ბაგაში პირველად ხორბალი მიირთვა და მის პატივსაცემად შობის წინა დღეს კოლიოს ამზადებდნენ:
- ხორბლის მარცვლებს გადაარჩევდნენ და ცეხვავდნენ, რათა ქერქი გაცლოდა;
- ამის შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში ალბობდნენ და ხარშავდნენ;
- ცეცხლიდან გადმოდგმის შემდეგ მოხარშულ ხორბალს თბილად ფუთავდნენ;
- რამდენიმე საათის შემდეგ დაჭრილ ნიგოზს და თაფლს ურევდნენ.
დასავლეთ საქართველოში კოლიოს მომზადების განსხვავებული რეცეპტი აქვთ:
მოხარშულ ხორბალს მარილით, ნივრით და დანაყული ნიგვზით კმაზავენ (ზოგან კარაქსაც უმატებენ), თუმცა ტრადიციული, საეკლესიო კოლიოს რეცეპტი უცვლელია.
კოლიოს რეცეპტი
- ხორბალი - 1 კგ
- ქიშმიში - 150-200 გრ
- თაფლი - გემოვნებით
- დაჭრილი ნიგოზი - 200 გრ
- მარილი
ერთ კილოგრამ ხორბალს, დაახლოებით, 3 ლიტრი წყალი დაასხით;
ხარშვის დროს ხორბალს პერიოდულად უნდა მოურიოთ და წყალი დაამატოთ, რათა ქვაბის ძირზე არ მიიწვას; ცეცხლიდან გადმოდგმის შემდეგ ხორბალი თბილად შეფუთეთ და რამდენიმე საათით (უმჯობესია, მთელი ღამით) ასე შეფუთული დატოვეთ;
დილას ხორბალს დაჭრილი ნიგოზი, თაფლი და ცოტაოდენი მარილი დაუმატეთ;
სურვილის შემთხვევაში, შეიძლება შაქრის დამატებაც.
***
კოლიოს გამოყენების მითითებას ტიპიკონის 48-ე თავში, ქრისტეს შობის მსახურების აღწერისას ვხვდებით: „და შევდივართ სატრაპეზოში. არ ვჭამთ თევზს, არამედ კოლიოს თაფლით“.
ტიპიკონში სამონასტრო პრაქტიკის უმნიშვნელოვანესი წესია დაფიქსირებული. კერძოდ, შობის წინა ღამეს მონასტრებში ხანგრძლივი წირვა იწყებოდა, რომელიც საღამოს მთავრდებოდა. მორწმუნეები მთელი დღის განმავლობაში არაფერს მიირთმევდნენ, კოლიოს გარდა.
ასევე, საშობაო რეცეპტები 🔰:
საშობაო ინდაური არომატული გულსართით
სიახლეები ამავე კატეგორიიდან