რომელი ხიზილალაა უფრო სასარგებლო?
15:00
ხიზილალა გემრიელი და სასარგებლო პროდუქტია, რომელიც თითქმის ფუფუნების სიმბოლოდ ითვლება. მისი ღირებულება საკმაოდ მაღალია, რასაც თავისი ობიექტური მიზეზები აქვს.
ყველაზე პოპულარულია ორი სახეობის ხიზილალა: წითელი და შავი. პირველი მათგანი უფრო ხელმისაწვდომია, მეორე კი გაცილებით ძვირი ღირს. ჩვენ გიამბობთ, როგორ მოიპოვებენ ხიზილალას და რომელი უფრო სასარგებლოა.
ხიზილალას მომზადება
როგორ მოიპოვებენ პროდუქტს?
შავ და წითელ ხიზილალას სხვადასხვა ჯიშის თევზისგან იღებენ. ეს გავლენას ახდენს პროდუქტის გემოზე, მისი მოპოვების ხერხებზე, თევზის მოშენების თავისებურებებსა და საბოლოო ჯამში, თვითღირებულებაზე.
წითელი ხიზილალა
წითელ ხიზილალას ორაგულისებრთა ოჯახის თევზებისგან (კეტა, ღურკანა, კალმახი, ნერკა) იღებენ. ეს ჯიშები წყნარი ოკეანის სანაპიროებთან, ოხოტის და ბერინგის ზღვებში ბინადრობენ.
თევზის მოპოვების სეზონი ივნისიდან ოქტომბრამდე გრძელდება - სწორედ ამ დროს აქტიური ქვირითობა მიმდინარეობს და თევზები დიდ გუნდებად იკრიბებიან.
თევზს გემებიდან ბადეებით იჭერენ, 10–20 წუთში ამუშავებენ, ხიზილალას ზღვის წყლით რეცხავენ და ამარილებენ. ზედმეტი სითხის მოსაშორებლად მას ე.წ. ცენტრიფუგაში ატარებენ, შემდეგ კი პლასტმასის კონტეინერებსა თუ ქილებში აფასოებენ.
შავი ხიზილალა
შავი ხიზილალა ზუთხისებრთა ოჯახის თევზებისგან (სვია (ბელუგა), ზუთხი, ტარაღანა და სხვა) იღებენ. ეს სახეობები გადაშენების პირასაა, ამიტომ კანონით მათი ბუნებრივი მოპოვება აკრძალულია.
ნამდვილი ხიზილალა თევზსაშენი მეურნეობების პროდუქტია. მანამ, სანამ თევზი გაიზრდება და ქვირითის მოცემას შეძლებს, 7–15 წელი უნდა გავიდეს. 3–4 წლამდე თევზის სქესის დადგენაც კი შეუძლებელია. სქესის დადგენის შემდეგ მამრებს კვების მრეწველობაში აგზავნიან, მდერებს კი სქესობრივ მომწიფებამდე უვლიან. ამის შემდეგ თევზმა ქვირითი შეიძლება მხოლოდ 2–3 წელიწადში ერთხელ დაყაროს.
შავი ხიზილალის მოპოვების ორი გზა არსებობს
„დაკვლა“ - თევზს კლავენ და ქვირითის გამოსაღებად ფრთხილად კვეთენ. ასეთი ხიზილალა უფრო ნაზია, ნაღების მსგავსი გემო აქვს, თუმცა, თევზის მოკვლის გამო, ეს ხერხი უფრო ძვირი ჯდება.
„მოწველა“ - ოვულაციის დროს თევზს კვერცხსავალთან კვეთენ და ქვირითს ისე იღებენ. ამ დროს თევზი ცოცხალი რჩება, თუმცა მიღებული პროდუქტი ბოლომდე „მწიფე“ არ არის და უფრო მკვრივი სტრუქტურა აქვს.
ზუთხისებრთა დელიკატესის წარმოება უზარმაზარ ხარჯებთანაა დაკავშირებული: თევზებისთვის სათანადო პირობების შექმნა, მოვლა, იშვიათი ქვირითობა და პერსონალის შრომა დიდ ინვესტიციებს მოითხოვს. სწორედ ამიტომ არის შავი ხიზილალა ასეთი ძვირად ღირებული.
ხიზილალას სასარგებლო თვისებები
ადამიანები ხშირად კითხულობენ: „რომელი ხიზილალა უფრო სასარგებლოა: შავი თუ წითელი?“. სინამდვილეში, სასარგებლო ნივთიერებების შემცველობით ისინი თითქმის იდენტურია. ორივე შეიცავს:
- მჟავებს — ფოლიუმის, ასკორბინის, ომეგა-3-სა და 6-ს.
- ვიტამინებს — E, D, A, B.
- მინერალებს — კალციუმს, ფოსფორს, ნატრიუმს, იოდს.
მთავარი განსხვავება 100 გრამ პროდუქტში სასარგებლო ელემენტების შემცველობაა — ზუთხის ხიზილალაში ის მეტია, ცილის შემცველობით კი უდავო ლიდერია. მეორე განსხვავება გემოვნური თვისებებია: შავ ხიზილალას უფრო დახვეწილი გემო აქვს და სიმწარე თითქმის არ დაჰკრავს.
ექიმების რეკომენდაციით, ზღვის პროდუქტების მცირე ულუფებით, ყოველდღიური მიღება სასარგებლოა წნევის, კანის პრობლემებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს. ის დადებითად მოქმედებს რეპროდუქციულ ფუნქციაზე, აუმჯობესებს მეხსიერებას, ზრდის სეროტონინის დონეს და ბუნებრივი აფროდიზიაკია.
დასკვნა
ამ პროდუქტის მაღალი ფასი ხშირად ბრაკონიერებს იზიდავს, ამიტომ მაღაზიებში ყოველთვის ნამდვილი ხიზილალა არ იყიდება. გახსოვდეთ, რომ ეს პროდუქტი იაფი ვერ იქნება. თუ მისი ღირებულება ბაზარზე არსებულ საშუალო ფასზე ბევრად დაბალია, დიდი ალბათობით, საქმე ფალსიფიკაციასთან გვაქვს.
ნამდვილი ხიზილალა მარცვლოვანია, აქვს ზღვის და არა თევზის სუნი და მისი შენახვის ვადა ერთ წლამდეა. შეცდომა რომ არ დაუშვათ, პროდუქტი მხოლოდ სანდო მწარმოებლებისგან შეიძინეთ, ეჭვის შემთხვევაში კი ხარისხის სერტიფიკატი მოითხოვეთ.
***
სიახლეები ამავე კატეგორიიდან