რა მოხდება, თუ მარილის მიღებაზე უარს იტყვით?
16:19
ალბათ ერთხელ მაინც გსმენიათ, რომ მარილის ჭარბი მიღება ჯანმრთელობისთვის მავნებელია და სხეულის შეშუპებას და ჰიპერტენზიას იწვევს. მარილზე უარის თქმა პოპულარული იდეაა მათთვის, ვისაც წონაში სწრაფად დაკლება და ჯანმრთელი ცხოვრება სურს, თუმცა, ამ ერთი შეხედვით მარტივ ნაბიჯს შეიძლება მოულოდნელი და საშიში შედეგები მოჰყვეს. მოდი, ერთად გავარკვიოთ, რა მოხდება, თუ მენიუდან მარილს მთლიანად ამოიღებთ.
დავიწყოთ იმით, რომ მარილი მხოლოდ სანელებელი კი არა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნატრიუმია. ის ორგანიზმში წყლის ბალანსს აწესრიგებს, სიგნალებს ტვინიდან კუნთებს გადასცემს და გულის მუშაობას ეხმარება. პრობლემას თავად მარილი კი არა, მისი სიჭარბე წარმოადგენს.
პირველი კვირა
მარილის მიღების შეწყვეტიდან ერთი კვირის შემდეგ 3 კგ-მდე წონას დაიკლებთ - ნატრიუმი სხეულში წყალს აკავებს, ამიტომ მარილის მოცილების შემდეგ სხეული ზედმეტი სითხისგან თავისუფლდება.
მოემზადეთ იმისთვის, რომ თავიდან ყველაფერი უგემური იქნება, თუმცა 2-3 კვირის შემდეგ თქვენი გემოვნების რეცეპტორები ადაპტირდება და საკვების ბუნებრივი არომატების უფრო ნათლად აღქმას დაიწყებთ.
რატომ არის მარილის სრულად გამორიცხვა ცუდი იდეა?
ნატრიუმის ხანგრძლივმა დეფიციტმა შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს:
ჰიპონატრიემია: ეს არის არის საშიში მდგომარეობა, როდესაც სისხლში ნატრიუმის დონე კრიტიკულ დონემდე ეცემა. მისი სიმპტომებია თავის ტკივილი, გულისრევა, კუნთების სპაზმები და დაბნეულობა. განსაკუთრებულად ფრთხილად უნდა იყვნენ ისინი, ვინც ენერგიულად ვარჯიშობს და ბევრ წყალს სვამს.
კუნთებისა და ნერვების მუშაობის დარღვევა: სისუსტე, გამძლეობის დაქვეითება და ზოგჯერ მტკივნეული სპაზმები.
იოდის დეფიციტის რისკი: მაღაზიაში ნაყიდი მარილის უმეტესობა იოდირებულია. ეს ბევრი ადამიანისთვის იოდის მთავარი წყაროა. იოდის დეფიციტმა შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები გამოიწვიოს.
მთავარი მტერი - ფარული მარილი
მარილის დაახლოებით 80%-ს მზა საკვებიდან ვიღებთ, ამიტომ საკვებში მარილის დამატება კიდეც რომ შეწყვიტოთ, ნატრიუმს მაინც მოიხმართ.
სად გვხვდება ყველაზე ხშირად:
ძეხვეული, ჰოთ-დოგი, ბეკონი;
ყველი (განსაკუთრებით, მაგარი),
მზა სოუსები (სოიოს სოუსი, კეტჩუპი, მაიონეზი),
კონსერვები (ბოსტნეული, თევზი),
პური, ცომეული და ჩიფსები.
ჯანსაღი ბალანსი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ყოველდღიურად მარილის მიღება, ფარული მარილის ჩათვლით, 5 გრამს (1 ჩაის კოვზი) არ უნდა აღემატებოდეს.
როგორც ხედავთ, ჩვენი მიზანი მარილის სრულად შეზღუდვა კი არა, მისი კონტროლი უნდა იყოს:
➡️ წაიკითხეთ პროდუქციაზე დატანილი იარლიყები და ყურადღება მიაქციეთ ნატრიუმის შემცველობას.
➡️ კერძს მარილის ნაცვლად, სიმჟავე დაამატეთ: ლიმონის ან ლაიმის წვენი, ძმარი. სანელებლები: ნივრის და ხახვის ფხვნილი, შებოლილი პაპრიკა, კურკუმა, კარი, შავი პილპილი. მწვანილი: ახალი მწვანილი (კამა, ოხრახუში, ქინძი) ან ხმელი მწვანილი (ორეგანო, რეჰანი, თიამი). გამოიყენეთ სხვა კულინარიული ხრიკები.
➡️ გარეცხეთ დაკონსერვებული საკვები. დაკონსერვებული ლობიოს, ბარდის ან თინუსის გამდინარე წყლის ქვეშ გარეცხვით შეგიძლიათ მარილის 40%-მდე მოაცილოთ.
➡️ მარილი კერძს ბოლოს დაუმატეთ. ქვაბის ნაცვლად, საკუთარ თეფშზე დამატებული მარილი გემოვნების რეცეპტორებისთვის უფრო შესამჩნევია და ნაკლებია საჭირო.
➡️ დაბოლოს - საჭმელი სახლში მოამზადეთ. ეს ყველაზე საიმედო გზაა იმის გასაკონტროლებლად, თუ რას მიირთმევთ.
***
მარილის რა დოზაა სასიკვდილო ადამიანისთვის?
სიახლეები ამავე კატეგორიიდან