CDC-მა მსოფლიოში ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული დაასახელა
17:00
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) ბროკოლი ყველაზე სასარგებლო პროდუქტებს შორის აბსოლუტურ ჩემპიონად ოფიციალურად აღიარა.
ამერიკელმა სპეციალისტებმა კვლევის ფარგლებში, 41 სახეობის ხილი და ბოსტნეული შეისწავლეს და ბროკოლიმ ყველაზე მაღალი შეფასება — 100 ქულა დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ ამავე რეიტინგში პომიდორმა ხილის ჯგუფში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჩვენა, თუმცა მან მხოლოდ 20,37 ქულა დააგროვა. მიუხედავად იმისა, რომ კულინარიაში პომიდორს ბოსტნეულად მიიჩნევენ, CDC მას ბოტანიკური თვალსაზრისით, ხილის კატეგორიას მიაკუთვნებს.
CDC-ის კვლევის მეთოდოლოგია ამა თუ იმ პროდუქტის თითოეულ ულუფაში სასარგებლო ნივთიერებების შემადგენლობის გაზომვას ეფუძნება. კვლევისას გათვალისწინებული იყო ვიტამინების, მინერალებისა და ანტიოქსიდანტების შემცველობა. საბოლოოდ, ბროკოლიმ ყველა ბოსტნეულს შორის პირველი ადგილი დაიკავა, რადგან ის ორგანიზმს მიკროელემენტების ყველაზე დიდი მრავალფეროვნებით უზრუნველყოფს.
ბროკოლის შემადგენლობა და სარგებელი
ბროკოლი „ვიტამინების ბომბია“, რომელიც სასიცოცხლო სისტემების გამართულ მუშაობას ხელს უწყობს. ამ ბოსტნეულის მხოლოდ ერთი ულუფა K ვიტამინის დღიური ნორმის 106%-ს შეიცავს, რაც ძვლების სიმტკიცისა და სისხლის ნორმალური შედედებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
გარდა ამისა, ბროკოლი ორგანიზმს ამარაგებს:
C და A ვიტამინებით;
ფოლიუმის მჟავით, რომელიც პასუხისმგებელია უჯრედების ზრდასა და დნმ-ის აღდგენაზე;
ანტიოქსიდანტებითა და გლუკოზინოლატებით, რომლებიც მხედველობას იცავენ და ხელს უშლიან ქრონიკული დაავადებების განვითარებას.
ბროკოლი არა მხოლოდ მიკროელემენტების შემცველობით, არამედ დიეტური თვალსაზრისითაც ლიდერი აღმოჩნდა — მისი ერთი ულუფა, სულ რაღაც, 4 კალორიას შეიცავს.
დიეტოლოგების რჩევით, სასურველია ბროკოლი მენიუში კვირაში 3-ჯერ ან 4-ჯერ ჩართოთ, თუმცა, ადამიანებმა, რომლებიც ანტიკოაგულანტებს (სისხლის გამათხელებლებს) იღებენ, სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. K ვიტამინის მაღალმა შემცველობამ შესაძლოა მედიკამენტის მოქმედებაზე გავლენა მოახდინოს, ამიტომ ასეთ შემთხვევებში კვების რაციონი ექიმმა უნდა აკონტროლოს. საუკეთესო შედეგის მისაღებად, ექიმები ბროკოლის მონაცვლეობას სხვა ფოთლოვან ბოსტნეულთან, მაგალითად, ისპანახთან ან ფოთლოვან ჭარხალთან გვირჩევენ.
ბროკოლი ისეთი პროდუქტია, რომლის გემოვნური თვისებები სწორ მომზადებაზეა დამოკიდებული. გთავაზობთ სამ მარტივ რეცეპტს, რომელიც ვიტამინების მარაგის შევსებაში დაგეხმარებათ.
ბროკოლის კერძები
ბროკოლის კრემ-სუპი
პროდუქტი: 1 ბროკოლი, 1 თავი ხახვი, 1 კბილი ნიორი, 1 კარტოფილი, ცოტა ნაღები ან ქოქოსის რძე და ბოსტნეულის ბულიონი.
მომზადების წესი: მოშუშეთ ხახვი და ნიორი, დაუმატეთ დაჭრილი კარტოფილი და ბროკოლი. დაასხით ბულიონი ისე, რომ ბოსტნეული დაიფაროს. მოხარშვის შემდეგ დააბლენდერეთ, დაუმატეთ ნაღები, მარილი და პილპილი.
რჩევა: მიირთვით გახუხულ პურთან ერთად.
ბროკოლის სალათი სამარხვო
ეს სალათი ვიტამინების ნამდვილი საბადოა.
პროდუქტი: წვრილად დაჭრილი უმი ბროკოლი, გახეხილი ვაშლი, მოხალული ნიგოზი ან ნუში და წითელი ხახვი.
სოუსი: ლიმონის წვენი, ზეითუნის ზეთი და ცოტა თაფლი.
მომზადება: უბრალოდ აურიეთ ინგრედიენტები. ვაშლის სიტკბო და ლიმონის სიმჟავე ბროკოლის განსხვავებულ გემოს იდეალურად აწონასწორებს.
დაიმახსოვრეთ: მომზადებისას ბროკოლი არ გადახარშოთ. როგორც კი ის მუქ მწვანე ფერს დაკარგავს და „ჩაიფუფქება“, მისი სასარგებლო თვისებების დიდი ნაწილი დაიკარგება.
***
ბროკოლი თუ ყვავილოვანი - რომელი უფრო სასარგებლოა და ვისთვის?
ნიტრატები ბოსტნეულში - რომელი ნაწილი უნდა მოაცილოთ
სიახლეები ამავე კატეგორიიდან