აქვთ თუ არა ტყუპისცალებს ერთსა და იმავე ნივთიერებებზე ალერგია?
16:05
ალბათ იცით, რომ ალერგია იმუნური სისტემის ჰიპერმგრძნობიარე რეაქციაა ნივთიერებებზე, რომლებიც ადამიანთა უმეტესობისთვის, უვნებელია. ამ ნივთიერებებს ალერგენები ეწოდება და მათ რიცხვს საკვები პროდუქტები, ჰაერში არსებული ნაწილაკები, მედიკამენტები ან მწერის ნაკბენი მიეკუთვნება.
ალერგია შეიძლება ნებისმიერ ასაკში და სხვადასხვა სიმძიმით განვითარდეს. მის ჩამოყალიბებაში, გარემო ფაქტორებთან ერთად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს გენეტიკა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და მსოფლიო ალერგიის ორგანიზაციის (WAO) მონაცემებით:
მსოფლიო მოსახლეობის 20%-დან 30%-მდე ალერგიის რომელიმე ფორმა (რინიტი, ასთმა, ეგზემა ან კვებითი ალერგია) აწუხებს.
ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში ეს მაჩვენებელი 40-50% აღწევს, რაც ნიშნავს, რომ დედამიწაზე მცხოვრებ 2 მილიარდზე მეტ ადამიანს ალერგიული მგრძნობელობა აქვს.
როდესაც ალერგიული ადამიანი ალერგენს ეხება, მისი იმუნური სისტემა იმუნოგლობულინ E (IgE)-ს გამოიმუშავებს. IgE უკავშირდება ალერგენებს და იწყება ჰისტამინის გამოყოფა უჯრედებიდან, რაც ალერგიული რეაქციის სიმპტომებს იწვევს დაწყებული ცემინებით, ქავილითა და სურდოთი, დამთავრებული ისეთი სერიოზული გართულებებით, როგორიცაა სასუნთქი გზების შეშუპება და ანაფილაქსია.
ალერგიის მემკვიდრეობითობის შესწავლა აჩვენებს, რომ მშობლებისგან შვილებს გადაეცემათ არა კონკრეტული დაავადება, არამედ ალერგიული რეაქციისადმი მიდრეკილება (ატოპია).
ალერგიის მემკვიდრეობითობის შესწავლაში ტყუპები უმნიშვნელოვანეს საკვლევ ჯგუფს წარმოადგენენ.
ერთკვერცხისეული (იდენტური) ტყუპები, რომელთაც იდენტური გენეტიკური კოდი აქვთ, ალერგიული დაავადებების განვითარების კუთხით ბევრად მაღალ კონკორდანტულობას (დამთხვევას) ავლენენ, ვიდრე სხვადასხვა კვერცხისეული ტყუპები.
კვლევებმა აჩვენა, რომ ასთმის კონკორდანტულობის მაჩვენებელი იდენტურ ტყუპებში, დაახლოებით, 75%-ია, მაშინ როცა არაიდენტულ ტყუპებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 40%-ს შეადგენს. იგივე სურათია ატოპიური დერმატიტის შემთხვევაშიც: იდენტურ ტყუპებში დამთხვევა 77%-ია, არაიდენტულებში - მხოლოდ 15%. თუმცა, ალერგიის განვითარებისთვის მხოლოდ გენეტიკა არ კმარა — საჭიროა მისი ურთიერთქმედება გარემო ფაქტორებთან. სწორედ ამით აიხსნება რატომ არ აღწევს დამთხვევის დონე 100%-ს იდენტურ ტყუპებშიც კი.
ავსტრალიურ სამედიცინო ჟურნალში (Medical Journal of Australia) აღწერილია 7 წლის იდენტური ტყუპის შემთხვევა, რომელთაგან ერთს თხილეულზე მწვავე ალერგია ჰქონდა, მეორეს კი არა. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ იდენტური გენების მიუხედავად, ერთმა ტყუპისცალმა ინტენსიური თერაპიის კურსი გაიარა და დიდი რაოდენობით ანტიბიოტიკები მიიღო, რამაც მის ნაწლავურ მიკრობიომში ცვლილებები გამოიწვია.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კვლევა 2019 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩატარდა, სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში 168 იდენტურ ტყუპს აკვირდებოდნენ. კვლევამ აჩვენა, რომ ტყუპებს, რომლებიც სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობდნენ, რესპირატორული ალერგიების დამთხვევის გაცილებით დაბალი მაჩვენებელი (58%) ჰქონდათ მათთან შედარებით, ვინც ერთად ცხოვრობდა (87%). ეს ადასტურებს, რომ ჰაერში არსებულ ალერგენებს შორის განსხვავებამ შეიძლება გენეტიკურად იდენტურ ადამიანებშიც კი სხვადასხვა ალერგიული პროფილის ჩამოყალიბება გამოიწვიოს.
უცნობია რამდენი ალერგიული ტყუპია მსოფლიოში, რადგან გლობალურად ასეთი ვიწრო სტატისტიკური აღრიცხვა არ წარმოებს, თუმცა, არსებობს სამეცნიერო კვლევები (Twin Studies), რომლებმაც დაასკვნეს:
- თუ იდენტურ ტყუპისცალს აქვს ალერგია, არსებობს 75-80% შანსი, რომ მეორესაც იგივე პრობლემა ექნება.
- არაიდენტური ტყუპის შემთხვევაში ეს ალბათობა უფრო დაბალია (დაახლოებით 30-40%), რაც ადასტურებს, რომ ალერგიის ჩამოყალიბებაში გენეტიკას გადამწყვეტი როლი აქვს.
საინტერესო ფაქტი
თუ გავითვალისწინებთ, რომ მსოფლიოში ყოველი 1000 ახალშობილიდან საშუალოდ 12-13 ტყუპია და მათი მესამედი მაინც ალერგიულია, საუბარია ათეულობით მილიონ წყვილზე.
მოკლედ რომ ვთქვათ, მსოფლიოში ყოველი მეოთხე-მეხუთე ადამიანი ალერგიულია, ხოლო ტყუპებში გენეტიკური კავშირის გამო ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია — თუ ერთი ალერგიულია, დიდი ალბათობით მეორესაც ალერგია აქვს, თუმცა ხშირად იდენტურ ტყუპს, რომლებსაც ერთი და იგივე გენეტიკა აქვთ, სხვადასხვა გარემოში ცხოვრების გამო განსხვავებული სიმძიმის ალერგია უვითარდებათ.
***
20 საოცარი ფაქტი ტყუპების შესახებ
რატომ იმატა მსოფლიოში ტყუპების რაოდენობამ?
ტყუპისცალმა დებმა ერთმანეთი 36 წლის შემდეგ სოციალური ქსელით აღმოაჩინეს
სიახლეები ამავე კატეგორიიდან