როცა მუდმივად გცივა ან მუდმივად გცხელა - რა ამის არის მიზეზი?
13:44 შაბ. 18 თებერვალი, 2023 წელი

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ჩვენ გვერდით არიან ადამიანები, რომლებსაც თბილ ამინდშიც კი სცივათ, სხვებს კი პირიქით - მუდმივად სცხელათ. დიახ, ადამიანები ტემპერატურაზე განსხვავებულად რეაგირებენ და შესაძლოა, ეს ჯანმრთელობის გარკვეულ პრობლემებს უკავშირდებოდეს.
რა იწვევს მუდმივი სიცივის განცდას?
კვლევების თანახმად, „მცივანები“, ძირითადად, ქალები არიან და მათთვის ყველაზე კომფორტული 25 გრადუსთან მიახლოებული ტემპერატურაა. მამაკაცების უმეტესობისთვის 22 გრადუსიც საკმარისია, რომ თავი კომფორტულად იგრძნონ.
ჯანმრთელობის რომელ პრობლემებზე მეტყველებს მუდვივად სიცივის შეგრძნება?
1. ანემია
სიცივის შეგრძნების მიზეზი შესაძლოა სისხლში ჰემოგლობინის არასაკმარისი დონე იყოს, რაც შინაგან ორგანოებსა და ქსოვილებში ჟანგბადის მიწოდების შეფერხებას იწვევს. ასეთ დროს აუცილებელია სისხლში რკინის დონის ამაღლება. შეგიძლიათ მენიუ წითელი ხორცით, ჭარხლით, წიწიბურით, თხილით, კვერცხით და ჰემატოგენით გაამდიდროთ.
2. ავიტამინოზი
მუდმივი სიცივის შეგრძნების მიზეზი შესაძლოა, ცხიმებისა და A და E ვიტამინების ნაკლებობაში იმალებოდეს. სწორედ ეს ნივთიერებები აგებს პასუხს ღვიძლში ბიოქიმიური პროცესების ბალანსზე, რაც გათბობს ეხმარება. ამ ვიტამინების ნაკლებობამ შეიძლება თბილ ამინდშიც კი სიცივის შეგრძნება გამოიწვიოს. მიირთვით მეტი სტაფილო, გოგრა, მარცვლეული, წითელი ბოსტნეული და ხილი. მენიუში შეიტანეთ ჯანსაღი ცხიმები, რომლებიც ცხიმიან თევზში, ყველში, კვერცხსა და სხვა საკვებში გვხვდება, მაგრამ მოერიდეთ მავნე ტრანსცხიმებს. ექიმთან შეთანხმებით დალიეთ სინთეზური ვიტამინის კომპლექსი.
3. ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები
ფარისებრი ჯირკვალი ორგანიზმში ენერგეტიკული რეზერვების განაწილებაზე აგებს პასუხს, მათ შორის - გათბობისთვის. ჰიპოთირეოზი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებაა, რომლის დროსაც საკვების კალორიებიდან სითბოს წარმოქმნა ფერხდება. იმის გაგებაში, რომ საქმე ფარისებრ ჯირკვალს ეხება, ფეხები დაგეხმარებათ - თუ ფეხები მუდმივად ცივი გაქვთ, ენდოკრინოლოგს უნდა მიმართოთ.
4. სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემები
ხშირად ცივი კიდურები პერიფერიული კაპილარული სისხლის მიმოქცევის დარღვევის ნიშანია. ამ დროს სითბო კიდურებამდე ვერ აღწევს. ეს მდგომარეობა კარგადაა ცნობილი ჰიპოტონიკებისთვის (დაბალი წნევის მქონე ადამიანები). წნევის დაქვეითება სისხლის მიწოდების დარღვევას და შინაგან „სიცივეს“იწვევს. მკურნალობა ითვალისწინებს ვიტამინების მიღებას, ფიზიკურ აქტივობას, სუფთა ჰაერზე სეირნობას, ხილითა და ბოსტნეულით მდიდარ მენიუს.
5. დიაბეტი
ეს დაავადება მეტაბოლურ დარღვევებს, ასევე გულ-სისხლძარღვთა სისტემის სერიოზულ პრობლემებს იწვევს. ამ დროს პაციენტები მუდმივად „ცივ ფეხების შეგრძნებას“ უჩივიან. ამას შეიძლება დაემატოს პირის მუდმივი სიმშრალე, თავბრუსხვევა, წონის მკვეთრი მატება ან კლება. თუ ეს თქვენთვის ნაცნობი სიმპტომებია, ენდოკრინოლოგთან ვიზიტი დროულად უნდა დაგეგმოთ.
6. ძილის ნაკლებობა
ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც ტემპერატურის აღქმაზე გავლენას ახდენს, ძილის ხარისხია. თუ სხეულს დასვენებისთვის საკმარისი დრო არ აქვს, შეიძლება თერმორეგულაციის ფუნქცია დაზიანდეს და შემცივნების განცდა გაჩნდეს. მეცნიერებმა ჯერჯერობით ამის მიზეზი ვერ გაარკვიეს. ამიტომ, მცივანებმა ძილის გრაფიკი უნდა მოაწესრიგონ. ეცადეთ ერთსა და იმავე დროს დაიძინოთ და გაიღვიძოთ. იდეალურია ძილი, თუ 22:00 საათიდან 06:00 საათამდე გრძელდება. ძილის წინ ოთხი საათით ადრე ყავა და ალკოჰოლური სასმელები არ უნდა დალიოთ, ასევე უმჯობესია ზედმეტ საკვებზე უარი თქვათ.
რა იწვევს მუდმივი სიცხის შეგრძნება?
ჩვენ გარშემო ისეთი ადამიანებიც არიან, ვისაც ნებისმიერ სიტუაციაში ცხელა. ისინი თოვლშიც მსუბუქი ქურთუკებით დადიან და ზამთარშიც ფანჯრის გახსნას ითხოვენ. ტემპერატურის ამ აღქმას თავისი ახსნა აქვს.
1. კოფეინის ბოროტად გამოყენება
ყავა არა მხოლოდ ტვინის აქტივობის სტიმულატორია, არამედ სხეულის ტემპერატურის გაზრდაც შეუძლია. დაახლოებით, იგივე ეფექტი აქვს დარიჩინს და ჯანჯაფილს, ამიტომ სასურველია, დღეში 1-2 ფინჯან ყავაზე მეტი არ დალიოთ.
2. სტრესი
ემოციების მკვეთრმა ნახტომმა შეიძლება გულისცემის რიტმისა და ტემპერატურის მატება გამოიწვიოს. ვიღაცს სტრესის მოხსნაში სპეციალური სუნთქვის ვარჯიშები ეხმარება, ვიღაცას ჰერზე სეირნობა ან მედიტაცია. თუ არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი საშუალება არ გეხმარებთ, ნევროპათოლოგს უნდა მიმართოთ.
3. ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები
თუ ის ძალიან აქტიურად მუშაობს, ნივთიერებათა ცვლა ჩქარდება და მუდმივი სიცხის შგრძნება ჩნდება. სხვა სიმპტომები - წონის ცვლილება, დაღლილობა, გულისცემის აჩქარება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებაზე მეტყველებს. ასეთ დროს ენდოკრინოლოგთან კონსულტაცია აუცილებელია
ასე რომ, თუ მუდმივი სიცივის ან სიცხის შეგრძნება გაქვთ, უმჯობესია ექიმთან ვიზიტი დანიშნოთ, რომელიც ზუსტ დიაგნოზს დაადგენს და სწორ მკურნალობას დანიშნავს.
ასევე დაგაინტერესებთ:
სიახლეები ამავე კატეგორიიდან