მარტო ოკეანეში - ყველაზე გაბედული გაქცევა საბჭოთა კავშირიდან
20:52 ხუთ. 4 მაისი, 2023 წელი

1974 წლის 13 დეკემბერს საბჭოთა კავშირიდან ყველაზე გაბედული და ცნობილი გაქცევა მოხდა - ოკეანოლოგი სტანისლავ კურილოვი სამგზავრო გემიდან წყნარ ოკეანეში გადახტა. მეცნიერმა სამი დღე და ორი ღამე წყლისა და საკვების გარეშე გაატარა, 100 კილომეტრი გაცურა და ფილიპინების კუნძულ სიარგაოს მიაღწია.
კურილოვზე ამბობდნენ, რომ პროფესიით ოკეანოლოგი, ბუნებით - რომანტიკოსი, მოწოდებით კი დედამიწის მოქალაქე გახლდათ. კურილოვს უცხოეთში მცხოვრების ნათესავების გამო „რკინის ფარდის“ მიღმა გასვლა აკრძალული ჰქონდა, თუმცა გამუდმებით საბჭოთა კავშირიდან გაქცევაზე ოცნებობდა და დიდი ხნის შემდეგ ამის შანსი მიეცა.
თბომავალი „საბჭოთა კავშირი“ ვლადივოსტოკიდან წყნარი ოკეანით ეკვატორამდე და უკან, 20-დღიან კრუიზს ასრულებდა. მოგზაურობა უცხოურ საზღვაო პორტებში შესვლას არ ითვალისწინებდა, ამიტომ საბჭოთა ტურისტებისთვის ვიზის გაცემას არ ითხოვდნენ. კურილოვისთვის ეს გემი სსრკ-დან გაქცევის ერთადერთი გზა იყო. ის, რომ თბომავალ „საბჭოთა კავშირის“ საშუალებით საბჭოთა კავშირიდან გაქცევა შესაძლებელი იყო, კურილოვის გარდა ვერავინ წარმოიდგენდა.
მოგვიანებით, საბჭოთა კავშირში, სადაც კურილოვმა 38 წელი გაატარა, სასამართლო ჩატარდა, რომელმაც კურილოვს "სამშობლოს ღალატისთვის" დაუსწრებლად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა ოკეონოლოგი ამაზე აღარ დარდობდა. ფილიპინებიდან ის საცხოვრებლად ისრაელში კანადაში გადავიდა და იმის განხორციელება დაიწყო, რაზედაც მთელი ცხოვრება ოცნებობდა. აგრძელებდა ოკეანის შესწავლას, ბევრს მოგზაურობდა და აწყობდა ექსპედიციებს, მათ შორის ჩრდილოეთ პოლუსზე.
“... თავისუფლებამდე მხოლოდ ერთი ნახტომი მაშორებდა, მაგრამ დღისით, ასობით ადამიანის თვალწინ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. მაშინვე ნავს ჩამოუშვებდნენ და უკან დამაბრუნებდნენ. დაღამებას უნდა დავლოდებოდი - ღამე გაქცვის დროა! ციხიდან გაქცევებიც ხომ ღამით ხდება“ - წერდა სლავა კურილოვი თავის წიგნში "მარტო ოკეანეში":
კანადაში ცხოვრების დროს კურილოვი თავისი ცხოვრების სიყვარულს შეხვდა და მასთან ერთად, საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა.
იგი ქალაქ ხაიფას ოკეანოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი გახდა. მეცნიერი 1998 წლის 29 იანვარს, 62 წლის ასაკში, კინერტეტის ტბაში წყალქვეშა სამუშაოების დროს, ტრაგიკულად დაიღუპა.
ესეც საინტერესოა:
სიახლეები ამავე კატეგორიიდან