15 საინტერესო ფაქტი თოვლის შესახებ
12:00 სამ. 11 იანვარი, 2022 წელი
ფერადი თოვლის შესახებ რამე გსმენიათ? ჩვენ ჩამოგითვლით რამდენიმე საინტერესო და უცნაურ ფაქტს თოვლის შესახებ:
1. არსებობს, სულ მცირე, 35 სხვადასხვა სახის ფიფქი
ამის შესახებ კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ფიფქების სპეციალისტი კენ ლიბრეხტი წერს თავის წიგნში „საველე გზამკვლევი ფიფქებისთვის“, თუმცა განსხვავებული მოსაზრებებიც არსებობს. ატმოსფერული ყინულის ფიზიკის ექსპერტის უკიჰირო ნაკაიას თქმით, სამყაროში 41 სახის ფიფქი არსებობს, ხოლო მეტეოროლოგები 80 სახის ფიფქის არსებობაზე საუბრობენ.
2. თითოეულ ფიფქს ექვსი გვერდი აქვს
ყინულის კრისტალებში წყალბადის და ჟანგბადის მოლეკულები ყოველ ჯერზე ექვსკუთხა სტრუქტურის შესაქმნელად ერთიანდებიან.
3. თოვლი მინერალია
იცით, რა არის თოვლი?
აშშ-ის თოვლისა და ყინულის ეროვნულ მონაცემთა ცენტრის ინფორმაციით, თოვლი მინერალია - ბუნებრივი წარმონაქმნი რომელიც ყალიბდება დედამიწის ზედაპირზე ან მის წიაღში მიმდინარე ფიზიკურ-ქიმიურ პროცესების შედეგად და ქიმიური შემადგენლობითა და ფიზიკური თვისებებით თითქმის ერთგვაროვანია.
4. ის, რომ ყველა ფიფქი უნიკალურია, მითია.
1988 წელს, ვისკონსონში ქარიშხლის დროს, კოლორადოს ატმოსფერული კვლევის ეროვნული ცენტრის მეცნიერმა ნენსი ნაიტმა მიკროსკოპით ორი სრულიად იდენტური ფიფქი დაინახა.
5. თოვლის გუნდებით ყველაზე დიდ „ბრძოლაში“ 7681 ადამიანი მონაწილეობდა
2016 წლის 31 იანვარს, სასკატუნში ყოველწლიურ თოვლის გუნდებით ბრძოლის მსოფლიო ჩემპიონატზე კანადამ 7681 სპორტსმენი გაგზავნა.
6. აშშ-ში თოვლი კანონდარღვევად გამოცხადდა
ნიუ-იორკის შტატის ქალაქ სირაკუზში ხალხს თოვლმა ისე მოაბეზრა თავი, რომ უკანონობად გამოაცხადეს.
მოქალაქეებისადმი სოლიდარობის ნიშნად, 1992 წლის 30 მარტს, რეკორდულად დიდი რაოდენობის თოვლის შემდეგ, საკრებულომ იმავე წლის 24 დეკემბრამდე თოვლის მოსვლა კანონდარღვევად გამოაცხადა, თუმცა ბუნებამ საკრებულოს დადგენილებას ანგარიში არ გაუწია და ორი დღის შემდეგ ისევ მოთოვა.
7. თოვლი თეთრი ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ მისი დანახვა სხვა ფერებშიც შეიძლება.
გაყინული წყლის ნაწილაკები გამჭვირვალეა, მაგრამ მზის შუქის ანარეკლი თოვლს თეთრ ელფერს აძლევს. გარემო ფაქტორების გამო, თოვლმა შეიძლება, მყინვარების და მტკნარი წყლის წყალმცენარეების სიახლოვეს მეწამული შეფერილობა მიიღოს. მაგალითად, ანტარქტიდაში, ტეილორის მყინვართან შეგიძლიათ სისხლივით წითელი თოვლი იხილოთ, რაც მყინვარის ქვეშ არსებული უძველესი წყალსაცავიდან რკინით მდიდარი მარილიანი წყლის გაჟონვის შედეგია.
8. ყველაზე დიდი ფიფქი 38 სმ-ის იყო
1887 წლის იანვარში, მონტანას შტატში მცხოვრებმა ფერმერმა განაცხადა, რომ ეზოში ჩვეულებრივზე დიდი ფიფქები ნახა. ფერმერი ამტკიცებდა, რომ ერთ-ერთის სიგანე 38 სმ. იყო.
New York Times-ის ცნობით, ოფიციალურად დადასტურებული ყველაზე დიდი ფიფქი, დაახლოებით, 15 სმ სიგანისაა.
9. არსებობს თოვლის სიბრმავე
თოვლი ულტრაიისფერი გამოსხივების მაღალ დონეს ირეკლავს და შეიძლება თოვლის სიბრმავე (ფოტოკერატიტი) გამოიწვიოს.
10. თოვლი საჰარაშიც მოდის
2016 წელს საჰარის უდაბნოში, ატლასის მთებთან შეერთების ადგილზე, თოვლი მოვიდა.
11. დედამიწაზე ყოველწლიურად დაახლოებით 1 სეპტილიონი თოვლის ფიფქი ეცემა
ყოველ ზამთარს, ციდან მიწაზე დაახლოებით 1 სეპტილიონი (1,000,000,000,000,000,000,000,000) ფიფქი ეცემა.
12. ზოგ ადამიანს თოვლის ეშინია
ქიონოფობია, თოვლის ძლიერი შიში, საოცრად გავრცელებული ფობიაა. ქიონოფობიით დაავადებული ადამიანები გამუდმებით ამინდის პროგნოზს ათვალიერებენ და თოვლის დაწყების დროს პანიკის შეტევებს განიცდიან.
13. თოვლი ხმას შთანთქავს
შეგიმჩნევიათ, რომ დიდთოვლობის დროს გარშემო საოცარი სიმშვიდეა? საქმე ისაა, რომ თოვლი ხმოვან ტალღებს შთანთქავს. როდესაც ფიფქები მიწაზე გროვდება, მათ შორის რჩება სივრცე, რომელიც ხმის შთანთქმის ფუნქციას ასრულებს.
14. ერთი ფიფქი დაახლოებით 180 მილიარდი წყლის მოლეკულისგან შედგება და საათში 5 კილომეტრის სიჩქარით ეცემა.
15. 2015 წლის 16 მარტს, კაპრაკოტაში (იტალია) დღე-ღამეში, დაახლოებით, 2,56 მეტრი სიმაღლის თოვლი მოვიდა.
ეს არის ახალი მსოფლიო რეკორდი, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში ჩაიწერა. მანამდე რეკორდი აშშ-ის კოლორადოს შტატში მდებარე სილვერ ლეიკს ეკუთვნოდა, სადაც 1,93 მეტრი თოვლი მოვიდა.
15. მსოფლიოში ყველაზე თოვლიანი ქალაქი იაპონიაში მდებარეობს.
იაპონიაში, აომორის პრეფექტურაში (Aomori Prefecture), წელიწადში, საშუალოდ, 8 მეტრის სიმაღლის თოვლი მოდის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან