ნაძვის ხის მატარებელი - ერთი საშობაო სათამაშოს ამბავი
15:53 ხუთ. 5 დეკემბერი
საახალწლო მატარებელი და ნაძვის ხის ირგვლივ მისი მხიარული ჩუქუ-ჩუქუ, ბავშვებს კი არა დიდებსაც ძალიან ართობს. მაინც, როგორ გაჩნდა მატარებელი ნაძვის ხეზე ან რატომ მაინცდამაინც მატარებელი და არა, მაგალითად, თვითმფრინავი ან წყალქვეშა ნავი?
***
სათამაშოს ისტორია 1825 წელს დაიწყო, როდესაც დარლინგტონში მსოფლიოში პირველი რკინიგზა გაიხსნა.
მატარებლით მგზავრობის საშუალება ყველას არ ჰქონდა, ამიტომ ის რაღაც ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი და მიუწვდომელი ჩანდა.
მალე საოცნებო მატარებელი საბავშვო სათამაშოებშიც გამოჩნდა. 1891 წელს გერმანულმა კომპანია „მარკლინმა“ (Märklin) თავის მომხმარებელს არა მარტო სათამაშო მატარებელი, არამედ სარკინიგზო აქსესუარების მთელი ნაკრები შესთავაზა. „მარკლინის“ რკინის მატარებლები ნამდვილ რელსებზე დაქროდნენ, რომლებსაც მეისრის ჯიხური, შუქნიშნები, სადგურის შენობა, ადამიანების ფიგურები და პატარა ავტომობილები ამშვენებდა.
***
სათამაშო მატარებლები გერმანიის შემდეგ დიდ ბრიტანეთსა და აშშ-შიც გამოჩნდა. პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე გერმანელები ბავშვთა სარკინიგზო ბედნიერების მთავარი მიმწოდებლები იყვნენ, მაგრამ შემდეგ ინგლისური მატარებლები გაჩნდა. ამ პერიოდში ამერიკაში სათამაშოების სფეროში მონოპოლისტი იყო კომპანია Ives, რომელმაც თუჯის სათამაშო მატარებლები გამოუშვა.
1897 წელს კომპანია Carlisle & Finch-მა ელექტრო სათამაშო მატარებელი შექმნა, რომელიც ელემენტებზე მუშაობდა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ომის დროს მოთხოვნა სხვა ტიპს პროდუქციაზე მეტი იყო, კომპანიამ მატარებლების წარმოება შეაჩერა.
***
მოგვიანებით სათამაშო მატარებლების წარმოება კიდევ სამმა კომპანიამ დაიწყო (Lionel, American Flyer და Marx). აღსანიშნავია, რომ Lionel-ი თავიდან ვენტილატორებს აწარმოებდა. მყიდველის მისაზიდად და გაყიდვების გასაზრდელად კომპანიის მფლობელებმა გადაწყვიტეს, რომ მათი მაღაზიის ვიტრინაში ელექტრომატარებელი იმოძრავებდა. იდეამ გაამართლა. გარკვეული დროის შემდეგ Lionel -მა გამაგრილებელი მოწყობილობების წარმოება შეწყვიტა და მატარებლების წარმოებას შეუდგა. მისი რკინიგზა ზომითაც დიდი იყო, ელემენტებზეც მუშაობდა და მესამე (ცენტრალური) ლიანდაგის წყალობით უფრო საიმედოც იყო, ვიდრე კონკურენტების.
Lionel-მა, რომელიც, ხარისხის გარდა, აგრესიული რეკლამითაც გამოირჩეოდა, 1950 წელს პირველად გამოუშვა ნაძვის ხის მატარებელი და განაცხადა, რომ ეს საუკეთესო საახალწლო საჩუქარია, რადგან მისი წყალობით „ბიჭი თავს კაცად გრძნობს, კაცი კი ბიჭად“. ეს იყო გენიალური სხვლა, რომლის შემდეგ კომპანიისთვის „ოქროს ხანა“ დაიწყო.
რკინიგზა სრულად აღიჭურვა ელექტრული მართვით. ამის წყალობით, სათამაშო რკინიგზის შლაგბაუმები იღებოდა და იკეტებოდა, ვაგონები ავტომატურად იხსნებოდნენ, ჯიხურებიდან მეისრეები გამორბოდნენ, ავტომობილები მოძრაობდნენ და ა.შ.
ბავშვებისა და მათი მშობლების აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა. ყოველ შობას კომპანია მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობდა და Lionel-ის მაღაზიაში წასვლა ნამდვილ საახალწლო ტრადიციად იქცა, ხოლო როდესაც სათამაშო მატარებლების რეკლამა პეპსისთან და კოკა-კოლასთან გაერთიანდა, კითხვები აღარ დარჩა: რითი მივიდეთ თოვლის ბაბუასთან? პოლარული ექსპრესით, რა თქმა უნდა!
***
ამ ქვეყნად ყველაფერს თავისი დასაწყისი და დასასრული აქვს. სამოცდაათიან წლებში სათამაშო რკინიგზის უმსხვილესი მწარმოებლები ნელ-ნელა ყველას მიავიწყდა. Lionel -მა ყველაზე დიდხანს გაძლო, მაგრამ 1967 წელს ისიც გაკოტრდა.
ათი წლის შემდეგ „ლაიონელის“ სათამაშოებზე გაზრდილ თაობას ნოსტალგია მოეძალა და მოინდომა, რომ საშობაო მატარებელი მის შვილებსაც ჰქონოდა. გამოჩნდა კომპანიაც, რომელმაც Lionel-ის სახელზე წარმოების უფლება შეიძინა და მუშაობა დაიწყო.
დღეს „პოლარული ექსპრესები“ ისევ დაქრიან ფერადი შუქებით მორთული ნაძვის ხის ირგვლივ და ბავშვებს ზღაპრულ ქვეყანაში ეპატიებიან, ჩვენ, უფროსები კი შორეულ და ლამაზ ქვეყანაში მივყავართ, რომელსაც ბავშვობა ჰქვია.
ესეც დაგაინტერესებთ:
მსოფლიოს ხალხთა უცნაური საშობაო ტრადიციები
ბრიტანელი ცოლ-ქმარი მოითხოვს, აიკრძალოს საშობაო სიმღერა Last Christmas
რატომ ნაძვი - საიდან მოდის საახალწლოდ ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია?
სიახლეები ამავე კატეგორიიდან