იცით თუ არა

რა საიდუმლოს მალავენ ჩვენს სახეზე არსებული ხალები?

fun time

18:00 პარ. 2 ივლისი, 2021 წელი

ხალი სახეზე - განმარტება
იაპონური ფიზიოგნომიკის
მიხედვით

14
დაკოპირებულია

დახედეთ თქვენს ხალებს და შემდეგ ნახეთ განმარტება იაპონური ფიზიოგნომიკის მიხედვით. ამბობენ, რომ სხეულზე ხალების განლაგებით შეიძლება, ადამიანის ბედისწერა განსაზღვრო...

 

ყველაზე მნიშვნელოვანი ხალები, რომლებიც ადამიანის ხასიათსა და ბედს განაპირობებს, სახეზე მდებარეობს. იაპონური ფიზიოგნომიკის მიხედვით:

ცხვირის ზემოთ, შუბლზე არსებულ ხალს ზოგი - „შივას თვალს“, ზოგი კი „მესამე თვალს“ უწოდებს (შივა - ინდური ღვთაებრივი ტრიადის მესამე წევრი). მისი მფლობელი უსაზღვრო ინტუიციით, გამჭრიახობითა და ცოდნის წყურვილითაა დაჯილდოებული. ასეთი მნიშვნელოვანი ხალი ადამიანისთვის შეიძლება დიდი ბედნიერების ან, პირიქით, უბედურების მომტანი გახდეს. ზოგჯერ შივას ნიშნის მატარებელ ადამიანებს ძლიერი თავის ტკივილები ტანჯავთ. ზოგადად, შუბლზე ხალი გამჭრიახობასა და გონიერებაზე მეტყველებს. შესაძლოა, მისი მფლობელი პოლიტიკოსი, სახელმწიფო მოღვაწე ან წარმატებული დიპლომატი გახდეს. შუბლის მარჯვენა ნაწილში არსებული ხალი დიდ ორგანიზატორულ შესაძლებლობებსა და მიზანსწრაფულობაზე მეტყველებს. კეფაზე არსებული ხალი კი ჩაკეტილობისა და გაუცხოების მანიშნებელია.

თვალის მარჯვენა კუთხეში არსებული ხალი ვნებიან, ეჭვიან, ადვილად აღგზნებად და გაუწონასწორებელ ადამიანზე მიგანიშნებთ.

თვალის მარცხენა კუთხეში მდებარე ხალი თვითგვემისკენ მიდრეკილ ადამიანებს ახასიათებს. ეს განსაკუთრებით სასიყვარულო ურთიერთობებში იგრძნობა. მათ ხშირად აწუხებთ დაუსაბუთებელი დანაშაულის გრძნობა.

მარჯვენა ქუთუთოზე ხალი მეტყველებს, რომ მის მფლობელს შესანიშნავი მეხსიერება და დიპლომატიის ნიჭი აქვს და უფრო გრძნობებით ხელმძღვანელობს, ვიდრე გონებით. როგორც წესი, მეოცნებეა და სიყვარულის ობიექტებისა და შეხედულებების ხშირი ცვლა ახასიათებს.

მარცხენა ქუთუთოზე ხალი ინტელექტუალური პროფესიებისკენ მიდრეკილ პოეტური სულის ადამიანებს აქვთ. ისინი ვერ უძლებენ სტრესებს და პანიკაში ადვილად ვარდებიან.

მარჯვენა თვალის ქვეშ მდებარე ხალი მოწმობს, რომ მის მფლობელს დიდი სიყვარულისა და ერთგულების უნარი აქვს. ასეთი ადამიანები გულუხვები, კეთილები და მგრძნობიარეები არიან. ასეთი ხალი შარმისა და მომხიბვლელობის ნიშანია და კეთილშობილ წარმომავლობაზე მეტყველებს.

მარცხენა თვალის ქვეშ ხალი უსაზღვროდ მგრძნობიარე ადამიანებს აქვთ. თუ ხალი ყურთან ახლოსაა, ეს მისი მფლობელის თავგანწირული ბუნების მანიშნებელია.

მარჯვენა თვალის ქვეშ, ცხვირთან ხალი უმეტესად, ცვალებადი ხასიათის, ზედმეტად ემოციურ ადამიანებს აქვთ. მათ ხანმოკლე რომანებით გატაცება ახასიათებთ.

მარცხენა თვალის ქვეშ, ცხვირთან მდებარე ხალი უმეტესად, ეჭვიან, გაუწონასწორებელ და ეგოისტ ადამიანებთან გვხვდება.

ცხვირის წვერზე მდებარე ხალი მეტყველებს, რომ მის მფლობელს ყოველივე აკრძალული ხიბლავს. კარგი იუმორის გრძნობა აქვს და მხიარულია. შეუძლია სასიყვარულო ურთიერთობა საკუთარი ქარაფშუტობით გაართულოს, თუმცა მასზე დიდხანს არავინ ბრაზობს.

ცხვირის შუაში მდებარე ხალი უმეტესად მოგზაურობის მოყვარულ და მდიდარი ფანტაზიის მქონე ადამიანებს აქვთ. საერთოდ, ცხვირზე ხალი მისი მფლობელის კომუნიკაბელურობასა და ხასიათის სიმსუბუქეზე მეტყველებს.

ცხვირის ქვეშ მდებარე ხალი ამაღლებულ და თითქმის მისტიკურ პიროვნებაზე მეტყველებს, რომელსაც ყველასგან გამორჩეული ბედი აქვს. იცის, როგორ იმოქმედოს რთულ სიტუაციებში და სხვასაც ფასეულ რჩევებს აძლევს. ასეთ ადამიანებს ხშირად მიმართავენ დახმარებისთვის, უმხელენ საიდუმლოს და არასოდეს ნანობენ ამაზე. ცხვირის ქვემოთ ხალის მატარებელ ადამიანებს შეუძლიათ შესანიშნავი ადვოკატები გამოვიდნენ.

ცხვირის ცენტრში ქვემოთ მდებარე ხალი დამოუკიდებელი ხასიათის, მოგზაურობისა და სიამოვნების მოყვარულ ადამიანებს აქვთ.

ცხვირის მარჯვენა ან მარცხენა ნესტოზე ხალი ცდუნების განსაკუთრებულ ნიჭზე მიუთითებს. ასეთი ხალის მქონე ადამიანები ეპატაჟურები არიან, შესანიშნავად აცდუნებენ და აწყობენ შოკისმომგვრელ პროვოკაციებს. სიყვარულში მრავალფეროვნებისკენ მიისწრაფვიან, თუმცა ქორწინებას სერიოზულად აღიქვამენ.

მარცხენა ლოყაზე ხალი ხშირ კონფლიქტებსა და სწრაფ ცვლილებებზე მიანიშნებს. ამ ნიშნის მატარებელ ადამიანებს პლატონულ სიყვარულს ხორციელი ვნებები ურჩევნიათ. მამაკაცები მტკიცე ხასიათითა და არაორდინარულობით გამოირჩევიან, ქალები კი მამაკაცების უდიდესი მოწონებით სარგებლობენ.

მარჯვენა ლოყაზე ხალი ხშირად უდიდესი ნიჭის მქონე მხატვრებს, მწერლებს, ასტროლოგებსა და კომპოზიტორებს ამშვენებთ. თუნდაც უბრალო დიასახლისი იყოს, თუ ასეთი ხალი აქვს, ის თავის საქმიანობაშიც ნიჭიერი და გამორჩეული იქნება. ამ ადამიანებს საოცარი მეხსიერება, კარგი გემოვნება და ადამიანებთან ურთიერთობის განსაკუთრებული ნიჭი აქვთ.

ზედა ტუჩთან ხალი ერთგულ და გულუხვ ადამიანებს აქვთ. მათში შვილების სიყვარული გაცილებით ძლიერია, ვიდრე პარტნიორისა თუ მეუღლის სიყვარული.

ქვედა ტუჩთან არსებული ხალი ეჭვიანი ბუნების ადამიანებს აქვთ, რომლებიც ერთადერთი და ძლიერი სიყვარულისკენ მიისწრაფვიან. ტუჩზე ხალი სუსტი ნებისყოფის ადამიანებს ახასიათებს, რომლებსაც არ შეუძლიათ საკუთარ ქმედებებზე პასუხი აგონ. მამაკაცები განსაკუთრებით სიამის მოყვარეები არიან და არ შეუძლიათ, საკუთარ მოთხოვნებზე უარი თქვან.

ზედა ტუჩის მარცხენა კუთხეში არსებული ხალი მისი მფლობელის უდიდეს სექსუალურობაზე, ეროტიკულობასა და, სამწუხაროდ, მოღალატე ბუნებაზე მეტყველებს.

ზედა ტუჩის მარჯვენა კუთხეში მდებარე ხალი მდიდარი ფანტაზიის მქონე ორიგინალურობის მოყვარულ ადამიანებს ახასიათებთ. ქალებში ასეთი ხალი მისი მფლობელის მზაკვრობასა და სისასტიკეზეც კი მეტყველებს. ასეთი ქალი ძლიერია და ცდილობს, მამაკაცი საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციოს. თუ გააბრაზებთ, შეუძლია, სასტიკად იძიოს შური. მიზანსწრაფულობის წყალობით, ახერხებს თავბრუდამხვევი კარიერა გაიკეთოს და მაღალ საზოგადოებრივი პოზიციაზე აღმოჩნდეს.

ყვრიმალებთან ხალი ნათელ გონებასა და მოწესრიგებულობაზე მეტყველებს. ასეთი ნიშნის მქონე ადამიანები კოლექტივში დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ და ხშირად ხელმძღვანელები ხდებიან.

ნიკაპზე ხალი კონსერვატიულ, მბრძანებლური ბუნების ადამიანებს ახასიათებთ. გარეგნულად ისინი „ფუმფულები და საყვარლები“ არიან, თუმცა შინაგანად, უდიდეს ძალას ფლობენ. მამაკაცებში ეს მხოლოდ სიძლიერის კი არა, დესპოტიზმისა და აგრესიული ბუნების ნიშანიც კი შეიძლება იყოს. ამ ადამიანებმა კარგად იციან, რა უნდათ და მიზანს როგორ მიაღწიონ. ისინი აფასებენ ოჯახურ იდილიას და ცდილობენ, მყარი, ტრადიციული ოჯახი შექმნან.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

4 ნივთი, რომლის ბორტზე ატანას მსოფლ...

თვითმფრინავის ბორტზე
აკრძალული ნივთები

რამდენ ხანს ცოცხლობს და როდის კვდებ...

რამდენ ხანს ცოცხლობს და
როდის კვდება ღვინო?

რა მოხდება, თუკი კატა „ულვაშს დაკარ...

რა მოხდება, თუკი კატა
„ულვაშს დაკარგავს“?

ვინ აკრძალა ინდურ ფილმებში კოცნა? -...

ფილმი „ბობი“

რას ნიშნავს ნიანგის ცრემლები და როგ...

რას ნიშნავს ნიანგის
ცრემლები

მამაკაცის ფიზიოგნომიკა - როგორ ამოვ...

მამაკაცის ფიზიოგნომიკა

გავიალი - ნიანგის ერთადერთი სახეობა...

გავიალი - ნიანგის
ერთადერთი სახეობა,
რომელიც ადამიანს არ ერჩის

წინასწარმეტყველური სიზმრები - ვინ,...

საინტერესო ფაქტები
სიზმრის შესახებ

შეიძლება თუ არა საზამთროს კურკის გა...

საზამთრო