რას ნიშნავს ასო „i“ iPhone-ს დასახელებაში?
16:00

iPhone მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი მობილური ტელეფონია. ყველამ იცის, რომ სიტყვა „Phone“ ტელეფონს ნიშნავს, მაგრამ რას ნიშნავს პატარა „i“ სიტყვის წინ?
ეს ტრადიცია iPhone-ით არ დაწყებულა – Apple უკვე იყენებდა ამ ასოს თავისი პროდუქტების დასახელებებში. მაგალითად: iMac, iBook, iPod და ა.შ. ბოლო 30 წლის განმავლობაში Apple-მა 23-ზე მეტი პროდუქტი გამოუშვა, რომლის სახელიც პატარა „i“-თი იწყება.
Apple -ის მოწყობილობების დასახელებებში ასო „i“ პირველად1998 წელს გამოჩნდა. ეს იყო კომპანიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული პროდუქტი iMac-ი, რომელმაც კრიზისში მყოფი Apple გაკოტრებას გადაარჩინა.
თავდაპირველად, სტივ ჯობსს სურდა კომპიუტერისთვის MacMan-ი დაერქმია. ალბათ იცით, რომ „Man“ ინგლისურად „კაცს“ ნიშნავს, ხოლო „Mac“ Apple Macintosh-ის კომპიუტერული ბრენდის ნაწილია. როდესაც ჯობსმა თავისი იდეა გაახმოვანა, Apple-ის ერთ-ერთი თანამშრომელი, კენ სიგალი შეეწინააღმდეგა. მისი აზრით, სახელი MacMan ზედმეტად ბანალური იყო. გარდა ამისა, ეს სახელი კონკურენტი ფირმა „Sony“-ს პლეერთან - MacMan Sony-თან ასოცირდებოდა.
ფოტოზე: კენ სეგალი, Apple-ის კრეატიული დირექტორი 12 წლის განმავლობაში
სიგალმა ჯობსს შესთავაზა, კომპიუტერისთვის iMac-ი დაერქმია. ახალი კომპიუტერის მთავარი ფუნქცია ინტერნეტთან დაკავშირება იყო, რაზეც კენმა დასახელებაში მიანიშნა. დღეს ნებისმიერი მოწყობილობა, ლამის ჩაიდანიც კი ინტერნეტს უკავშირდება, მაგრამ 1998 წელს ეს ნამდვილი ინოვაცია იყო.
დიდხანს ფიქრის შემდეგ სტივენ ჯობსი შეთავაზებას დათანხმდა. კომპიუტერის პრეზენტაციაზე, რომელიც 1998 წლის 6 მაისს გაიმართა, ჯობსმა თქვა, რომ iMac ინტერნეტთან წვდომას და Macintosh-ის სიმარტივეს აერთიანებს.
მას შემდეგ Apple თავისი პროდუქციის დასახელებებში „i“-ს ამატებს, იქნება ეს ტექნიკა (iPod, iPad, iPhone) თუ პროგრამული უზრუნველყოფა (iOS, iTunes, iBooks).
თავდაპირველად, Apple აპირებდა, რომ თავისი პირველი მობილური ტელეფონისთვის „Mobi“, „TriPod“, „TelePod“ ან თუნდაც „iPad“ დაერქმია, მაგრამ საბოლოოდ მარტივი და ადვილად დასამახსოვრებელი სახელი – iPhone აირჩია.
ესეც დაგაინტერესებთ:
რატომ არ უნდა დატოვოთ აიფონი უყურადღებოდ? - 8 რამ, რისი გაგებაც შეიძლება თქვენ შესახებ
ნომოფობია - ვის აქვს ტელეფონის გარეშე დარჩენის შიში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან