ვინ იყვნენ ალბერტ აინშტაინის გვერდით ამ ცნობილ ფოტოზე?
16:00 ხუთ. 24 აგვისტო, 2023 წელი

რა გახსენდებათ ალბერტ აინშტაინის სახელის გაგონებაზე - მისი ფარდობითობის თეორია თუ ფოტოელექტრულ ეფექტზე დაწერილი შრომები, რისთვისაც ნობელის პრემია მიენიჭა? რაღა თქმა უნდა, არცერთი... პირველი, რაც გახსენდებათ, ეს სულელური ფოტოა, სადაც იგი ენაგამოყოფილია აღბეჭდილი...
***
ფოტო 1951 წლის 14 მარტს, დიდი მეცნიერის 72 წლის იუბილეზე, სადღესასწაულო ღონისძიების დასრულების შემდეგ გადაიღეს. ამ დღეს მეცნიერს ყველა გაზეთისა და ჟურნალის ჟურნალისტი და ფოტოგრაფი უკან დაჰყვებოდა ფოტოსთვის. აინშტაინთან ერთად, ფოტოზე კიდევ ორი ადამიანი მოხვდა, რომლებიც მოგვიანებით კადრიდან ამოჭრეს.
ფოტო უმსხვილესი ამერიკული საინფორმაციო სააგენტო UPI-ს ფოტოგრაფმა არტურ სასიმ (Arthur Hjalmar Sasse, 1899-1991) გადაიღო. ის აინშტაინს, სხვა ჟურნალისტებთან ერთად, პრინსტონის უნივერსიტეტთან ელოდა, სადაც ფიზიკოსის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.
***
წვეულების შემდეგ, რომელიც პრინსტონის უნივერსიტეტის კლუბში გაიმართა, დოქტორმა ფრენკ აიდელოტე (Dr. Frank Aydelotte) - პრინსტონის უნივერსიტეტის პერსპექტიული კვლევების ინსტიტუტის ყოფილმა ხელმძღვანელმა და მისმა მეუღლემ მარი ჟანეტმა (Marie Jeanette) აინშტაინს შესთავაზეს სახლამდე მიყვანა.
ცნობისათვის - აინშტაინი სწორედ პრინსტონის უნივერსიტეტის პერსპექტიული კვლევების ინსტიტუტში მუშაობდა. დოქტორ აიდელოტეს, რომელიც პრინსტონის უნივერსიტეტის პერსპექტიული კვლევების ინსტიტუტს მეორე მსოფლიო ომის დროს - 1940-1947 წლებში ხელმძღვანელობდა, დიდი ავტორიტეტი ჰქონდა აშშ-ს აკადემიურ წრეში. მისი დიდი დამსახურებაა იმ პოლიტიკურად დელიკატურ პერიოდში არაერთი ებრაელი მეცნიერისთვის მუშაობისა და განვითარებისთვის პირობების შექმნა.
როცა ცოლ-ქმარი აიდელოტები და აინშტაინი მანქანაში ჩასხდნენ, ავტომობილს ფოტოგრაფი არტურ სასი მიუახლოვდა და მეცნიერს მორიგი კადრისთვის გაღიმება სთხოვა
საიუბილეო საღამოს შემდეგ დაღლილ აინშტაინს პოზირების სურვილი არ ჰქონდა, ამიტომ პასუხად ფოტოგრაფს წამიერად ენა გამოუყო და თავი მიაბრუნა. როგორც ჩანს, მეცნიერს არ ეგონა, რომ ფოტოგრაფი რეაგირებას მოასწრებდა...
***
როდესაც სასიმ ფოტო რედაქციაში მიიტანა, მან ბევრი კამათი და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. რედაქტორები დიდხანს ფიქრობდნენ, ფოტო გამოექვეყნებინათ თუ არა, თუმცა საბოლოოდ, სურათის დაბეჭდვა გადაწყდა. აინშტაინი თავისი ექსცენტრიკულობით უკვე ცნობილი იყო და სასის ფოტომ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა.
ფოტო, რომელიც ძალიან მალე პოპულარული გახდა, თავად ფიზიკოსსაც მოეწონა და გამომცემლობას რამდენიმე ასლის პირადი სარგებლობისთვის დამზადება თხოვა. მოგვიანებით აინშტაინმა ფოტო ყველა ნაცნობს გაუგზავნა წარწერით: „ეს ჟესტი მოგეწონებათ. ის მთელი კაცობრიობისთვის არის განკუთვნილი.“
ესეც დაგაინტერესებთ:
აინშტაინის ტვინის ფოტო ამჟღავნებს, თუ რატომ იყო ის გენიოსი
წყარო: www.discovery.com
სიახლეები ამავე კატეგორიიდან