მცენარეული ყველი, რომელიც ცხოველურზე ბევრად სასარგებლოა
17:21 ორშ. 31 მარტი

ყველი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია. მიუხედავად იმისა, რომ ყველი ბუნებრივი ინგრედიენტებისგან შედგება, მისი წარმოება გარემოს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს, ამიტომ მკვლევრებმა უფრო ეკოლოგიური და გემრიელი ალტერნატივა – ჰიბრიდული ყველი შექმნეს, რომელიც რძისა და ბარდის ცილისგან მზადდება.
ტრადიციული ყველის წარმოება დიდი რაოდენობით რესურსს მოითხოვს და გარემოს სერიოზულად აბინძურებს, ამიტომ მეცნიერები მცენარეული ყველის შექმნაზე აქტიურად მუშაობენ. თუმცა, მცენარეული ინგრედიენტებისგან რძის ყველის მსგავსი გემოს მიღება საკმაოდ რთული აღმოჩნდა.
ამ პრობლემის გადაჭრა კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მკვლევრებმა განსხვავებული მიდგომით სცადეს. მათ გადაწყვიტეს, რძისა და მცენარეული ცილების შერწყმით ჰიბრიდული პროდუქტი შეექმნათ.
„მცენარეული ცილების გამოყენებით ნატურალური ყველის მსგავსი პროდუქტის შექმნა ძალიან რთულია, ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ, ორივე წყაროდან საუკეთესო თვისებები ავიღოთ და რძის ცილა მცენარეულით ისე ჩავანაცვლოთ, რომ გემო და ტექსტურა არ დაზიანდეს“, — ამბობს კოპენჰაგენის უნივერსიტეტის კვების მეცნიერების დეპარტამენტის პროფესორი ლილია არნე.
ბარდის ცილა – ეკოლოგიური და სასარგებლო არჩევანი
ლილია არნეს მკვლევართა გუნდმა ჰიბრიდული ყველის რეცეპტი შექმნა, რომელიც პოპულარულ ინდურ ყველს – პანირს ჰგავს. ის ნაწილობრივ რძის ცილისგან (კაზეინი) და ნაწილობრივ ბარდის ცილისგან შედგება. მკვლევრების თქმით, ბარდის ცილა ევროპაში უფრო მდგრადი ალტერნატივაა, ვიდრე, მაგალითად, სოიოს ცილა, რადგან მისი წარმოება გარემოზე ნაკლებად უარყოფით ზეგავლენას ახდენს.
ახალი ყველის წარმოების პროცესი
პანირის და მსგავსი ყველების დამზადებისას ერთ-ერთი მთავარი ეტაპი ყველის დაპრესვაა, რისი წყალობითაც ყველი სიმყარეს ინარჩუნებს.
„ასეთი ჰიბრიდული ყველი უფრო მდგრადი რძის პროდუქტებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩვენ დავრწმუნდით, რომ ყველში რძის მნიშვნელოვანი ნაწილის მცენარეული ცილით ჩანაცვლება შესაძლებელია. მიგვაჩნია, რომ მომდევნო კვლევებით შესაძლებელია რძის შემცველობა კიდევ უფრო შევამციროთ ისე, რომ პროდუქტი ისევ გემრიელი დარჩეს“, — აცხადებს მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელი ვენცზე სია.
ჰიბრიდული ყველი – არა მხოლოდ ეკოლოგიური, არამედ სასარგებლოც
პროფესორი ლილია არნე აღნიშნავს, რომ ჰიბრიდული ყველი არამარტო გარემოზე ზემოქმედებას ამცირებს, არამედ სასარგებლო თვისებებიც აქვს. მისი თქმით, რძის ინგრედიენტები ყველში ცილის ხარისხსა და კალციუმის დონეს ზრდის, მცენარეული ინგრედიენტები კი ბოჭკოს წყაროს წარმოადგენს. საბოლოოდ, ჰიბრიდულ ყველს შეუძლია ორივე ტიპის პროდუქტიდან სასარგებლო თვისებები მიიღოს და გააერთიანოს.
პანირი – იდეალური ბაზისი მცენარეული ყველისთვის
მკვლევრებმა პანირზე ფოკუსირება გააკეთეს, რადგან ის მდგრადი ყველის წარმოებისთვის დიდ შესაძლებლობას წარმოადგენს. კულინარიისთვის ისეთი ყველები, როგორიცაა პანირი, ჰალუმი და ფეტა, იმით გამოირჩევიან, რომ ცხობისა და შეწვის დროს არ დნებიან, რაც მათ იდეალურ პროდუქტად აქცევს.
პანირი თერმული დამუშავების დროს არ დნება, მისი გრილზე შეწვა და გამოცხობა შესაძლებელია, ამიტომ ის ინდოეთში, სადაც ბევრი ვეგანი და ვეგეტარიანელი ცხოვრობს, ხორცის იდეალურ ალტერნატივად იქცა. მკვლევრები ჰიბრიდულ ყველს დასავლეთის ბაზარზე, სადაც ადამიანები გრილზე მომზადებულ საკვებს დიდ უპირატესობას ანიჭებენ, ხორცის პოტენციურ შემცვლელად განიხილავენ.
მიუხედავად იმისა, რომ პირველი შედეგები იმედის მომცემია, მკვლევრები აღნიშნავენ, რომ შემდგომი კვლევები საჭიროა, რათა ყველის გემო კიდევ უფრო გაუმჯობესდეს და მასობრივი წარმოებისთვის იდეალური ფორმა მიიღოს.
ესეც საინტერესოა:
ყველის სასარგებლო თვისებები და უკუჩვენებები
სიახლეები ამავე კატეგორიიდან