ტკბილი პუტერია - სასწაულმოქმედი კენკრა!
13:53
ტკბილი პუტერია (Synsepalum dulcificum) - ეს პატარა წითელი ნაყოფი, რომელიც ერთი შეხედვით ჩვეულებრივ შინდს ჰგავს, დასავლეთ აფრიკიდანაა და მისი მთავარი ხიბლი არა კენკრის გემო, არამედ იმ ეფექტია, რომელსაც თქვენი გემოვნების რეცეპტორებზე ახდენს.
ამ სასწაულმოქმედი კენკრის საიდუმლო მასში შემავალი ცილაა, რომელსაც მირაკულინი (Miraculin) ჰქვია. ის თქვენი გემოვნების რეცეპტორებს აიძულებს „პროგრამა შეცვალონ“.

საკმარისია ნაყოფი დაღეჭოთ და 1-2 საათის მანძილზე სიმწარეს და სიმჟავეს ვერ იგრძნობთ — მნიშვნელობა არ აქვს რას მიირთმევთ, იქნება ეს მჟავე ლიმონი, ცხარე სოუსი თუ მწარე აბები, ყველაფერი ტკბილი და გემრიელი მოგეჩვენებათ.
პირველი ევროპელი, რომელმაც კენკრა 1725 წელს აღმოაჩინა, ფრანგი შევალიე, რენო დემარშე იყო.
იაპონიაში ეს ნაყოფი პოპულარულია ადამიანებში, რომლებსაც დიაბეტი აქვთ ან გახდომა სურთ.
1970-იან წლებში აშშ-ის ბაზარზე ამ სასწაულმოქმედი კენკრის მიწოდების მცდელობა იყო, მაგრამ ტკბილეულის მწარმოებლებმა განგაში ატეხეს და მირაკულინსი, როგორც აკრძალული საკვები დანამატის რეგისტრაციას მიაღწიეს, თუმცა დაშვებულია ამ ჯადოსნური კენკრის ოთახის მცენარეებად გაშენება.

დღეს ეს სასწაულმოქმედი მცენარე ყველა კონტინენტზე იზრდება, მაგრამ - მხოლოდ შენობაში ან სათბურებში. ტკბილი პუტერია თესლით მრავლდება.
მისი მოყვანა ადვილია, თესლის შოვნა კი ძალიან რთული.
სათანადო პირობების დაცვით მცენარე კონტეინერშიც ძალიან კარგად იზრდება.
დასათესად მხოლოდ ახლად დაკრეფილი პუტერია გამოდგება, რადგან დაკრეფის შემდეგ კენკრა სიცოცხლისუნარიანობას სწრაფად კარგავს.
თესლიდან აღმოცენებული მცენარე ნაყოფს მე-3 წელს იძლევა. პუტერია ძალიან ნელა იზრდება და პირველ წელს მხოლოდ 5 სმ ზომას აღწევს. ამ დროის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი მცენარის შენარჩუნებაა - მას სჭირდება სითბო, მაღალი ტენიანობა და მზის პირდაპირი სხივებისგან დაცვა.

პუტერიას შესახებ საინტერესო ფაქტები
✔️ კენკრა ოდნავ ტკბილია და ალუბალს ჰგავს.
✔️ მას ხშირად იყენებენ ქიმიოთერაპიაზე მყოფი პაციენტები, რომლებსაც ეჩვენებათ, რომ საკვებს ლითონის გემო აქვს. „ჯადოსნური კენკრა“ მათ ეხმარება, რომ საკვების ნორმალური გემო დაიბრუნონ.
✔️ ვინაიდან მჟავე საკვებს უშაქროდ ატკბობს, პუტერიას ხშირად დიეტური მიზნებისთვისაც იყენებენ.
***
მწვანე ყავა გასახდომად: სასწაულმოქმედი პროდუქტი თუ მარკეტინგული მითი?
სიახლეები ამავე კატეგორიიდან