ბურახის მომზადება სახლის პირობებში
16:32 ხუთ. 10 ივლისი

ბურახი გემრიელი სასმელია, რომლის პოპულარობა საუკუნეებს ითვლის. მოდი, გავარკვიოთ, რა სასარგებლო თვისებები აქვს ამ უნიკალურ სასმელს.
ბურახის შემადგენლობა
ბურახი შესანიშნავად აგრილებს და წყურვილს კლავს. სახლში დამზადებული ბურახი B ჯგუფის ვიტამინებით — B1, B2 და B3 მდიდარია. ეს ვიტამინები აუცილებელია უჯრედების ზრდისთვის, ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებისთვის, გულის, სახსრების, კანის, ფრჩხილებისა და თმის ჯანმრთელობისთვის, ასევე სისხლძარღვებისა და ნერვული სისტემის ნორმალური მუშაობისთვის.
გარდა ამისა, ბურახის შემადგენლობაშია სასარგებლო ამინომჟავები, ასკორბინის მჟავა, E ვიტამინი, ასევე მანგანუმი, იოდი, ნატრიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, თუთია, კალიუმი და ფოსფორი. ჩამოთვლილი ნივთიერებები აუცილებელია ორგანიზმის ჯანმრთელობისა და ტონუსის შესანარჩუნებლად.
ბურახის სასარგებლო თვისებები
საჭმლის მომნელებელი სისტემა:
ბურახში შემავალი მჟავები დადებითად მოქმედებს ნაწლავების მიკროფლორაზე, რაც აუმჯობესებს საჭმლის გადამუშავებას. ბურახის რეგულარული მიღება ამცირებს მუცლის შებერილობას და აწესრიგებს კუჭის მჟავიანობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც დაბალმჟავიანი გასტრიტი აქვს. ბურახი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ხელს უწყობს საკვების უკეთ ათვისებას.
ბურახის კალორიულობა
მიუხედავად იმისა, რომ ბურახი ნახშირწყლებს შეიცავს, ის დაბალკალორიული და ამავდროულად, საკმაოდ ნოყიერია. მისი ენერგეტიკული ღირებულება 77%-ია, ხოლო კალორიულობა — მხოლოდ 27 კკალ 100 გრამზე. ყველაზე ნაკლებად კალორიული თეთრი სახეობის ბურახებია.
ბურახის ალკოჰოლი:
ბურახი ალკოჰოლს თითქმის არ შეიცავს, თუმცა 1%-მდე სპირტის შემცველობა საკმარისია, რომ სასმელმა განწყობა აგიმაღლოთ და სხეულს სიხალისე შემატოს.
ბურახის უკუჩვენებები
სასარგებლო თვისების მიუხედავად, ბურახს გარკვეული უკუჩვენებები აქვს. ბურახის მიღებას უნდა მოერიდოს:
👉 ვისაც მომატებული მჟავიანობის მქონე გასტრიტი, კუჭის წყლული ან ქრონიკული გულძმარვა აქვს.
👉 ვისაც ღვიძლის პრობლემები, ონკოლოგიური დაავადება ან ნაღვლის ბუშტში ქვები აქვს.
👉 ვისაც დიაბეტი აქვს — ბურახი სისხლში შაქრის დონეს ზრდის, თუმცა, არსებობს შაქრის გარეშე დამზადებული ბურახის ვარიანტიც, რომლის მცირე რაოდენობით მიღება დიაბეტიანებისთვისაც შეიძლება.
👉 ვისაც მაღალი წნევა აწუხებს.
👉 ვისაც ალკოჰოლის მიმართ აუტანლობა აქვს —ამ შემთხვევაში სპირტის თუნდაც მინიმალური შემცველობა საფრთხეს წარმოადგენს.
👉 ბურახის მიღებას უნდა მოერიდონ ქალები ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში, ასევე 5 წლამდე ბავშვები.
ბურახის რეცეპტი
- ჭვავის პურის ორცხობილა - 500 გრ.
- შაქარი - 200 გრ.
- წყალი - 4 ლ.
- ქიშმიში - 50 გრ.
- საფუარი - 40 გრ.
- პიტნა - 5-10 ფოთოლი
ჭვავის პურის ორცხობილას ცხელი წყალი დაასხით და 4 საათით თბილ ადგილას დადგით. შემდეგ გაწურეთ, დაუმატეთ შაქარი, წყალში გახსნილი საფუარი, პიტნის ფოთლები და 10-12 საათით კვლავ თბილ ადგილას დადგით.
როცა ბურახი დუღილს დაასრულებს, გაწურეთ და ბოთლებში ჩაასხით. თითოეულ ბოთლში ჩააგდეთ რამდენიმე ქიშმიში, თავსახური მჭიდროდ დაახურეთ და მაცივარში შედგით.
სამი დღის შემდეგ ბურახი მზად იქნება.
გემრიელად მიირთვით!
ესეც სცადეთ:
ვაშლის ძმრის დამზადება სახლის პირობებში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან