რატომ უნდა დაამატოთ შაქარი გატარებულ ხორცს? - კულინარიული რჩევები პროფესიონალებისგან
14:53 ოთხ. 4 დეკემბერი
დამწყები მზარეული ხართ თუ გამოცდილი, სულ ერთია, ეს ხრიკები კერძების მომზადებაში დაგეხმარებათ და თქვენს ნახელავს კიდევ უფრო გემრიელს გახდის.
1. როგორ მოვამზადოთ პიცა ვაფლის საცხობში?
პიცა გიყვართ, მაგრამ კლასიკური, საფუვრიანი პიცის ღუმელში გამოცხობის დრო არ გაქვთ? საბედნიეროდ, ცნობილი იტალიური კერძის მარტივი, სწრაფი, მაგრამ არანაკლებ გემრიელი ვარიანტიც არსებობს.
ამისთვის ჩვეულებრივი ვაფლის ცომი უნდა მოამზადოთ (შაქრის გარეშე), პიცის ინგრედიენტები (ყველი, პომიდორი, სოსისი, სოკო და ა.შ.) დაუმატოთ და ვაფლის საცხობში ჩაასხათ.
რამდენიმე წუთში უგემრიელეს მინი პიცები მზად გექნებათ, რომლებიც საუზმედ ან მოულოდნელი სტუმრის დასახვედრად იდეალური არჩევანია, რადგან უმოკლეს დროში მზადდება.
2. როგორ მოვამზადოთ ფუმფულა ბისკვიტი?
ნამცხვრების, ღვეზელების და ფუნთუშების ცხობა ბევრ დიასახლისს უყვარს, მაგრამ როცა საქმე ტორტის ბისკვიტს ეხება, პრობლემები იწყება. საქმე ისაა, რომ ბისკვიტის ცხობა მაქსიმალურ სიზუსტეს მოითხოვს და უმცირესი წვრილმანიც რომ გამოგრჩეთ, ტორტი ფაფუკი და გემრიელი არ გამოვა. ჩვენ რამდენიმე საიდუმლოს გაგიმხელთ, რომ თქვენი ბისკვიტი სრულყოფილი გახადოთ:
ბისკვიტის ყველა ინგრედიენტი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს, ამიტომ მაცივრიდან ცხობის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე უნდა გამოიღოთ.
ცომს დაუმატეთ სახამებელი: 200 გრამ ფქვილზე 15 გრ. სახამებელი.
ცილა და გული ცალ-ცალკე ათქვიფეთ. ყურადღებით იყავით, რომ ცილას გულის უმცირესი ნაწილიც არ შეჰყვეს, თორემ ბისკვიტი არ ამოვა.
საცხობი ფორმა წინასწარ გააცივეთ და ცხიმწასმული საცხობი ქაღალდი დაუფინეთ.
ფორმის დიამეტრიდან გამომდინარე, ბისკვიტი ორ ან სამ ფენად გამოაცხვეთ. მთელი ცომი ერთბაშად არ ჩაასხათ ფორმაში, თორემ ბისკვიტი კარგად არ ამოვა.
3. როგორ მოვიშოროთ კიტრს სიმწარე?
ხშირად ახალი ბოსტნეულის სალათებს მხოლოდ ერთი ინგრედიენტი - მწარე კიტრი აფუჭებს. კიტრს რომ სიმწარე მოაცილოთ, უნდა გაფცქვნათ და რძეში 10 წუთით მოათავსოთ.
4. რა გავაკეთოთ ფაფუკი კატლეტი?
ინტერნეტში ბევრს წერენ, რომ თუ გსურთ ფაფუკი კატლეტი გააკეთოთ, გატარებულ ხორცს პური, გატარებული კარტოფილი და გამდნარი კარაქი უნდა დაუმატოთ, თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ შაქარი ასევე შესანიშნავი გემოს გამაძლიერებელია და კატლეტებს უფრო წვნიანს ხდის.
მთავარია, ზედმეტი არ მოგივიდეთ, რომ ხორცი არ დაატკბოთ. ერთ კილოგრამ გატარებულ ხორცს მაქსიმუმ 1 სუფრის კოვზი შაქარი დაუმატეთ და კატლეტი შეწვის დროს არ გამოშრება.
5. როგორ მოვაცილოთ ხორცს ჭარბი ცხიმი შეწვისას?
ალბათ იცით, რომ პურს ფოროვანი სტრუქტურა აქვს, რომელიც შესანიშნავად შთანთქავს არა მხოლოდ უცხო სუნს, არამედ ზოგიერთ სითხესაც. თუ ხედავთ, რომ ხორცი ძალიან ცხიმიანია, უბრალოდ ჩადეთ პურის ნაჭერი ტაფაში. ის სწრაფად შეიწოვს ზედმეტ ცხიმს და შეგიძლიათ სუფრასთან გემრიელი ხორცი მიირთვათ.
ესეც დაგაინტერესებთ:
ბოსტნეულის კატლეტი ბავშვებისთვის
სამარხვო კატლეტი - მარტივი და იაფი რეცეპტი!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან