რატომ იყიდებოდა აფთიაქში კეტჩუპი და რის სამკურნალოდ იყენებდნენ?
16:00
ძნელია ნახოთ ადამიანი, რომელსაც ეს უგემრიელესი სოუსი არ უყვარს, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ კეტჩუპს საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს და ოდესღაც აფთიაქში, წამლად იყიდებოდა.
ჩინეთში, ჯერ კიდევ მე-9 საუკუნეში, არსებობდა სოუსი სახელწოდებით „კე-ცაპი“. ეს დამარილებული თევზის ან ზღვის პროდუქტებისგან დამზადებული ფერმენტირებული სოუსი იყო, რომელიც პომიდვრის გარეშე მზადდებოდა.
მოგვიანებით, ბრიტანელმა მეზღვაურებმა სოუსის რეცეპტი სამშობლოში ჩაიტანეს და საკუთარი ინგრედიენტებით გაამდიდრეს. მე-18 საუკუნის ინგლისში უკვე არსებობდა სოკოს კეტჩუპი, თხილის კეტჩუპი, ანჩოუსის კეტჩუპი - ყველაფერი პომიდვრის გარდა.
პომიდვრის კეტჩუპი შეერთებულ შტატებში მხოლოდ მე-19 საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა და სწორედ აქედან დაიწყო მარკეტინგული მაგია.
1834 წელს დოქტორმა ჯონ კუკ ბენეტმა განაცხადა, რომ პომიდორი საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევებს, დიარეას, სიყვითლეს, სისხლის დაავადებებს და ქოლერასაც კი კურნავდა. ამიტომ მან პომიდვრის საფუძველზე „სამედიცინო კეტჩუპი“ შექმნა და მოსახლეობას სამკურნალო საშუალების სახით გამოყენება ურჩია.
ბენეტის რეცეპტით დამზადებული პომიდვრის სოუსი, როგორც წამალი, აბების სახით იყიდებოდა. აღსანიშნავია, რომ „სამკურნალო კეტჩუპის“ გაყიდვა ისე დაიწყო, რომ არავითარი კვლევა არ ჩატარებულა.
სამწუხაროდ, თანამედროვე კეტჩუპი არაფერს კურნავს. მაგრამ ის შეიძლება იყოს შესანიშნავი დამატება კერძებისთვის - განსაკუთრებით, თუ კეტჩუპი სახლში მომზადდება.
კეტჩუპის მომზადება სახლში
საჭირო პროდუქტი:
- პომიდორი - 700 გ მწიფე
- ხახვი - 1 პატარა თავი
- ნიორი - 2 კბილი
- ვაშლის ძმარი - 2 ს.კ.
- თაფლი ან შაქარი - 1 ს.კ.
- მარილი, პილპილი, რეჰანი, ორეგანო — გემოვნებით
მომზადება:
- პომიდორზე გააკეთეთ ჯვარედინი ჭრილი, დაასხით მდუღარე წყალი და კანი მოაცილეთ.
- გაფცქვნილი პომიდორი ბლენდერში დაამუშავეთ, ხახვთან და ნიორთან ერთად.
- დამუშავებული პომიდორი ჩაასხით ქვაბში, დაუმატეთ ძმარი, თაფლი და სანელებლები.
- კეტჩუპი საწურში გაატარეთ და დაბალ ცეცხლზე 15-20 წუთის განმავლობაში ხარშეთ, სანამ არ შესქელდება.
ასე მომზადებული კეტჩუპი მაცივარში ერთ კვირამდე ინახება.
გემრიელად მიირთვით!
***
სიახლეები ამავე კატეგორიიდან