ნაკლებმარილიანი კიტრის მწნილი საზაფხულოდ - გვასწავლის პროფესიონალი
12:00 ოთხ. 16 ივნისი, 2021 წელი
დღეს ნაკლებმარილიანი კიტრის (მალასოლნი) მწნილის რეცეპტს შემოგთავაზებთ, რომელიც უმარტივესად მზადდება. ეს გახლავთ კიტრის მწნილი სტერილიზაციის გარეშე და შეგიძლიათ, მომზადებიდან მეორე დღესვე მიირთვათ.
ნაკლებმარილიანი კიტრის (მალასოლნი) რეცეპტს გამოცდილი მზარეული დავით გიორგბერიძე გვიზიარებს.
გთავაზობთ პროპორციებს 3-ლიტრიანი ქილისთვის. საჭიროების შემთხვევაში პროპორციებს შეცვლით ქილის ტევადობისა და გემოვნების მიხედვით.
ნაკლებმარილიანი კიტრის მწნილის მოსამზადებლად საჭიროა:
- კიტრი - 1 კგ;
- ნიახური - 50 გრ;
- ნიორი - 30 გრ;
- მწვანე ან წითელი წიწაკა - 2 ცალი;
- კამა - 15 გრ;
- დაფნის ფოთოლი - 2 ცალი;
- ძმარი - 100 გრ;
- მარილი - 1 ს/კ.
მომზადების წესი:
ზემოჩამოთვლილი პროდუქტები საგულდაგულოდ გარეცხეთ.
ასევე, კარგად გარეცხეთ ჭურჭელი, რომელშიც კიტრის დამწნილებას აპირებთ. ქილაში ჩააწყვეთ კიტრი ვერტიკალურად. ჩააყოლეთ მწვანილები, ნიორი და წიწაკა. არ დაგავიწყდეთ დაამატოთ დაფნის ფოთოლი.
შემდეგ ცივ წყალში გახსნილ მარილს დაამატეთ ძმარი და ჩაასხით ქილაში ისე, რომ შიგთავსი ბოლომდე დაიფაროს.
ქილას მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და დადგით გრილ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.
მეორე დღეს კიტრის მწნილი მზად იქნება.
შენიშვნა:
ნაკლებმარილიანი კიტრის მწნილის მოსამზადებლად 15 წუთი საკმარისია;
შეარჩიეთ საშუალო ან პატარა ზომის კიტრები;
არ დაგავიწყდეთ, რომ სწრაფად დასამწნილებლად აუცილებლად უნდა დაასხათ ცივი წყალი!
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კიტრის დამწნილების ამგვარი წესი საზაფხულო ვარიანტია, რომელსაც სტერილიზაცია არ სჭირდება და მასში ბოტულიზმის ჩხირების გამრავლების შანსიც მინიმალურია.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან