ურთიერთობა

„სტალინი რუსია“ - ხალხთა ბელადის წარმოშობის უცნაური მტკიცებულება

fun time

16:00 ორშ. 14 თებერვალი, 2022 წელი

ყველაფერი სტალინის
შესახებ

14
დაკოპირებულია

საბჭოთა მოქალაქეებმა საკუთარი ბელადის ასაკის შესახებ პირველად 1929 წელს, მისი დაბადების 50 წლის იუბილეზე, გაზეთი „პრავდას“ ფურცლებიდან გაიგეს. საბჭოთა მოქალაქეებისთვის ცნობილი ოფიციალური ბიოგრაფიის თანახმად, იოსებ ბესარიონის ძე სტალინი 1879 წლის 21 დეკემბერს დაიბადა. იდეური სტალინელები დღემდე ამ დღეს იკრიბებიან წითელ მოედანზე და გარდაცვლილ კერპს პატივს მიაგებენ.

გორბაჩოვის პერესტროიკამდე სტალინის წარმოშობის საკითხები არ განიხილებოდა. მოგვიანებით, როდესაც საბჭოთა კავშირის ოფიციალური ინფორმაციის სანდოობა ეჭვქვეშ დადგა, გამოჩნდნენ ისტორიკოსები, რომლებმაც სტალინის ბიოგრაფიის გადამოწმება გადაწყვიტეს. მათ შეძლეს ქალაქ გორში მდებარე მიძინების ტაძრის სააღრიცხვო წიგნები მოეძიებინათ, სადაც ეწერა:

„1878 წლის 6 დეკემბერი ბესარიონ ივანეს ძე ჯუღაშვილმა და მისმა ცოლმა ეკატერინე გიორგის ასულმა ოჯახში ახალი წევრის დაბადების შესახებ გვამცნეს და ბავშვი, რომელსაც იოსები დაარქვეს, 17 დეკემბერს მონათლეს.“

ვინაიდან კალენდარული რეფორმა 1878 წლის შემდეგ განხორციელდა, ძველი სტილით 6 დეკემბერი ახალი სტილით 18 დეკემბერია. ამრიგად, დაბადების დღის რეესტრის თანახმად, სტალინი 1878 წლის 18 დეკემბერს დაიბადა და არა 1879 წლის 21 დეკემბერს.

მოგვიანებით კიდევ მოიძიეს საბუთები, რომლებიც ამ ინფორმაციას დაადასტურებდა:

1. იოსებ ჯუღაშვილის მიერ 1894 წელს გორის სასულიერო სემინარიის სრული კურსის გავლის დამადასტურებელი ჩანაწერები;

2. სანკტ-პეტერბურგის ჟანდარმერიის სამმართველოს ჩანაწერები „საეჭვო“ და „პოლიტიკურად არასაიმედო“ ახალგაზრდის იოსებ ჯუღაშვილის შესახებ.

საინტერესოა, თუ სტალინს საკუთარი წარმოშობის შესახებ ინფორმაციის დამალვა სურდა, მაშინ ეს დოკუმენტები რატომ არ გაანადგურა?

დღეისთვის ყველა სახელმწიფო არქივში იოსებ ჯუღაშვილის დაბადების თარიღი შესწორებულია, თუმცა რევოლუციონერს, რომელმაც ცხოვრების უდიდესი ნაწილი ფსევდონიმით გაატარა, ისეთი წვრილმანი, როგორიც დაბადების დღეა, დიდად არ აწუხებდა.

გარდა ამისა, შვედურ კომუნისტურ გაზეთ „Folkets Dadblad Politiken“-თან (გამოდიოდა 1916- 1940 წლებში) ინტერვიუში სტალინმა განაცხადა, რომ 1878 წელს დაიბადა.

🔹🔹

მოდით, მოვლენებს თანმიმდევრულად მივყვეთ:

ქალაქ გორში ახალგაზრდა ოჯახი დასახლდა: ბარამოვის სახელოსნოს მეწაღე ბესარიონ (ბესო) ჯუღაშვილი და მისი მეუღლე ეკატერინა (კეკე) გელაძე. მათი მშობლები ადგილობრივი ბატონების ყმები იყვნენ და ალექსანდრე II-მ გაათავისუფლა. აღსანიშნავია, რომ იმდროინდელი ქართველი ქალების უმეტესობისგან განსხვავებით, კეკემ წერა და კითხვა იცოდა.

ფოტოზე: ბესარიონ (ბესო) ჯუღაშვილი და ეკატერინა (კეკე) გელაძე

სტალინის ოფიციალური მამა თავიდან კარგი მეოჯახე იყო. ქორწილიდან რამდენიმე თვის შემდეგ ბესომ, მეგობრისა და მფარველის იაკობ (კობა) ეგნატაშვილის დახმარებით, საკუთარი ფეხსაცმლის სახელოსნო გახსნა, რამაც ოჯახის ღირსეულად რჩენის საშუალება მისცა.

ქორწილიდან 9 თვის შემდეგ ჯუღაშვილების ოჯახში პირველი შვილი - მიხეილი დაიბადა, რომელმაც მხოლოდ 2 თვე იცოცხლა. ბესოსთვის ეს უზარმაზარი ტრაგედია იყო, რის შემდეგაც მამაკაცი სმას მიეძალა.

1876 ​​წლის დეკემბერში წყვილს მეორე ვაჟი - გიორგი შეეძინა, თუმცა 6 თვის შემდეგ პატარამ უფროსი ძმის ბედი გაიზიარა. მეწაღემ მეორე დარტყმას ვეღარ გაუძლო და საბოლოოდ გალოთდა.

1878 წლის 6 დეკემბერს ჯუღაშვილების ოჯახში მესამე ვაჟი - იოსები დაიბადა.

შემდგომი ცნობები, რომლებიც სტალინის ბავშვობას და მის მშობლებს უკავშირდება, მწირი და წინააღმდეგობრივია. ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ინფორმაცია, რომელიც მომავალი ბელადის ახალგაზრდობის წლების შესახებ გვამცნობს, იოსებ ირემაშვილის გერმანულ ენაზე გამოცემული წიგნია - „სტალინი და საქართველოს ტრაგედია“. წიგნის ავტორი იოსებ გიორგის ძე ირემაშვილი (1878-1944) სტალინთან ერთად ჯერ სკოლაში, შემდეგ კი სემინარიაში სწავლობდა.

ორი ვაჟის დაკარგვის შემდეგ ბესარიონ ჯუღაშვილს მესამე შვილის დაბადებამ სიხარული არ მოუტანა. ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო მეწაღეს კლიენტები საფასურს უმეტესად ღვინით უხდიდნენ. ბესარიონის ლოთობას მოჰყვა ჭორები, რომ ბესო იოსების მამა არ იყო.

ფოტოზე: თბილისის სასულიერო სემინარიის მოწაფე იოსებ ჯუღაშვილი, 1894 წელი

გორელები სოსოს მამობას ხან ოჯახის მეგობარს - კობა ეგნატაშვილს მიაწერდნენ და იმასაც ამბობდნენ, რომ სახელი კობა სწორედ ეგნატაშვილის პატივსაცემად ერქვა, ხან გორის პოლიციის უფროსს დამიანე დავრიშაშვილს, რასაც მეწაღე გაცოფებამდე მიჰყავდა. ბესო ყველას ეჩხუბებოდა, ვინც ამ თემაზე ხუმრობას ან გადაკვრით საუბარს გაბედავდა და მეტსახელად „შეშლილი ბესო“ შეარქვეს.

ფოტოზე: იაკობ ეგნატაშვილი, მეღვინე, მეწარმე, ცნობილი თამადა და კოლორიტი.

ასეა თუ ისე, მომავალი ბელადის აღზრდაში სამივე პოტენციური მამა მონაწილეობდა: ჩარკვიანთან ცხოვრობდა, დავრიშაშვილი მფარველობდა, თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს კი ეგნატაშვილის სახლში ატარებდა.

🔹🔹

ამით შეიძლებოდა დაგვესრულებინა, მაგრამ არსებობს სტალინის წარმოშობის მეოთხე ვერსიაც, რომლის წყაროც უცნობია. მოგვიანებით, ეს ვერსია ისტორიკოსმა და მწერალმა ედვარდ რაძინსკიმ (Эдвард Станиславович Радзинский) გაახმოვანა თავის წიგნში „სტალინი“. მისივე განმარტებით, წიგნში საიდუმლო წყაროებისა და დასავლელი ექსპერტების პირადი არქივების მასალები გამოიყენა.

სტალინის წარმოშობის მეოთხე ვერსიის თანახმად, ეკატერინე (კეკე) გელაძე თავადი მიმინოშვილის შორეული ნათესავი იყო. სწორედ მიმინოშვილების სახლში გაიცნო სრულიად ახალგაზრდა კეკემ რუსი მოგზაური და დაზვერვის ოფიცერი ნიკოლაი მიხაილის ძე პრჟევალსკი (Пржевальский, Николай Михайлович).

ფოტოზე: რუსი მოგზაური და დაზვერვის ოფიცერი ნიკოლაი მიხაილის ძე პრჟევალსკი

ამბობენ, რომ სტალინისა და პრჟევალსკის გარეგნული მსგავსების გარდა, არსებობს ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც საზოგადოებას წარუდგინა ნობელის პრემიის ლაურეატ პეტრე კაპიცას ვაჟმა - სერგეი კაპიცამ. კაპიცას თქმით, პრჟევალსკი გორში მის დიდ ბაბუასთან, იერონიმ სტებნიცკისთან ერთად იმყოფებოდა:

„მე ვიპოვე ჩემი დიდი ბაბუისთვის მიწერილი პრჟევალსკის წერილი, სადაც წერია: „თუ გორში თქვენთვის ცნობილი მოვლენები მოხდება, შენ მას სიცოცხლის ბოლომდე უნდა დაეხმარო, რადგან მე ამის სახსრები აღარ მექნება“.

როგორც გავარკვიე, ჩვენი ოჯახი სტალინს მთელი ბავშვობისა და ახალგაზრდობის მანძილზე ფინანსურად ეხმარებოდა და სტალინმა 100%-ით იცოდა, რომ ის პრჟევალსკის შვილია. სწორედ ამიტომ იცავდა მამაჩემს, სტებნიცკის ნათესავს,“ - წერს კაპიცა.

ამ ვერსიის ირიბი დადასტურებაა პრჟევალსკის დამსახურებებისადმი სტალინის აუხსნელი სიმპათია:

  1. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ბოლშევიკებმა ქალაქ პრჟევალსკის სახელი შეუცვალეს, მაგრამ 1939 წელს სტალინმა ძველი სახელი დაუბრუნა;
  2. დიდი სამამულო ომის შემდეგ პრჟევალსკის სახელობის მედალი დაარსდა;
  3. ხელახლა გამოიცა პრჟევალსკის წიგნები;

რეჟისორმა იუტკევიჩმა კრემლის მითითებით გადაიღო ფილმი "პრჟევალსკი", რომლის ნახვის შემდეგ სტალინს უთქვამს:

„ასეც ვიცოდი, რომ კარგ ფილმს გადაიღებდით, თუმცა ორი შეცდომა მაინც გაგეპარათ: ფილმში არ ჩანს, რომ პრჟევალსკიმ მომავალი ქალაქის, ვლადივოსტოკის ტერიტორია აღმოაჩინა და ეს მისი დიდი მიღწევა იყო! და მეორე - ფილმში არ ჩანს შორეული აღმოსავლეთის ბუნება.“

დაბოლოს, პრჟევალსკის ვერსიამ შეიძლება სტალინის დაბადების თარიღის ერთი წლით გადატანაც ახსნას. თარიღი ისე შეიცვალეს, რომ რევოლუციის ბელადის მეფის ოფიცრისა და დიდგვაროვანისგან წარმოშობის კვალიც არ დარჩენილიყო, ვინაიდან 1879 წელს პრჟევალსკი გორში კი არა, ტიბეტში იმყოფებოდა.

🔹🔹

ისმენდა თუ არა ასეთ ჭორებს სტალინი ბავშვობაში და დაატყო თუ არა ამან კვალი მის ჩამოყალიბებას? დღეს ამაზე სწორი პასუხი ჯერჯერობით არავის აქვს.

ასევე, საინტერესოა 🔰

ჰყავდა თუ არა სტალინს ორეული?

როგორ გადაურჩა დახვრეტას მეცნიერი, რომელმაც სტალინი მოატყუა?

ბერიას ცოლის ერთადერთი ინტერვიუ: სხვა ერი არასოდეს დაგიფასებს სამსახურს!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!