უჩვეულო ტყუპი და მათი საოცარი სიყვარულის ამბავი
18:00 პარ. 24 ნოემბერი, 2023 წელი

აშშ-ში, ქალაქ ბალტიმორში მცხოვრები ამელია ეკჰარდტი ექიმის ყველა მითითებას ზედმიწევნით ასრულებდა და მეორე შვილის დაბადებას მოთმინებით ელოდა.
ქალს წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ტყუპებზე იყო ორსულად. მისი ქმარი, ჯონი გემზე დურგლად მუშაობდა. ოჯახში ცოლ-ქმრის გარდა, მათი რვა წლის გოგონა - კეროლაინი ცხოვრობდა.
***
1911 წლის 27 აგვისტოს ქარიშხლიან ღამეს 35 წლის ამალიამ საკუთარი სახლის მეორე სართულის საძინებელში ჯანმრთელი ბიჭი გააჩინა, რომელსაც რობერტი დაარქვეს. ბებიაქალმა ბედნიერ დედას ახალშობილი დაანახა - ნახე რა გოლიათია, ექვსი ფუნტი!
პირველი შვილის გაჩენიდან რამდენიმე წუთში ქალს ტკივილები განუახლდა, რასაც მეორე ბავშვის დაბადება მოჰყვა. ამჯერად, ახალშობილის დანახვაზე შეშინებულმა ბებიაქალმა პირჯვარი გადაიწერა...
ის ნახევარი ბავშვი იყო - ნორმალური თავი, ტანი და ხელები, მაგრამ განუვითარებელი ფეხები ჰქონდა. ახალშობილი მხოლოდ 900 გრამს იწონიდა, სიგრძით კი 20 სანტიმეტრი იყო.
***
არავის ეგონა, რომ ასეთი პათოლოგიებით დაბადებული ბავშვი იცოცხლებდა, მაგრამ ის უაღრესად გამძლე აღმოჩნდა - ძუძუს ხარბად წოვდა და სიკვდილს აშკარად არ აპირებდა.
მალე ბიჭები მოინათლეს და უფეხებო ბიჭს მამის სახელი ჯონი დაარქვეს, ნორმალურად განვითარებულ ტყუპისცალს კი რობერტი. მშობლებს შვილები ერთნაირად უყვარდათ, თუმცა მთელი ყურადღება ავადმყოფი ბიჭისკენ ჰქონდათ მიმართული.
სანამ ერთი წლის რობერტი ფეხით სიარულს სწავლობდა, ჯონმა ხელებით გადაადგილება აითვისა. ის ფიზიკურად ჯანმრთელი და ჭკვიანი ბიჭი გაიზარდა.
მშობლების სწორი აღზრდის დამსახურებით ბავშვებს ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. რობერტი ძმაზე გამუდმებით ზრუნავდა, უფროსი და კეროლაინი კი უმცროს ძმებს სიამოვნებით ამეცადინებდა. ოთხი წლის ასაკში ბიჭები მშვენივრად წერდნენ და კითხულობდნენ.
რობერტი და ჯონი სკოლაში ერთად დადიოდნენ. კლასელებს უფეხებო, მაგრამ ხუმარა და მხიარული ბიჭი ძალიან შეუყვარდათ. ჯონის სკოლის კიბეებზე აყვანა-ჩამოყვანის უფლებისთვის ერთმანეთსაც კი ეცილებოდნენ.
ცნობისმოყვარე თვალისგან დასაცავად, იმ კლასის ფანჯრებზე, სადაც ძმები სწავლობდნენ, სქელი ფარდები დაკიდეს. ჯონმა საბეჭდ მანქანაზე ბეჭდვა ისწავლა და სკოლის კედლის გაზეთს რედაქტორობდა. ამელია ოცნებობდა, რომ მისი შვილი ოდესმე სასამართლოს სტენოგრაფისტი გახდებოდა.
რობერტი ცდილობდა, ძმა დაცინვისა და შეურაცხმყოფელი ხუმრობებისაგან დაეცვა, მაგრამ ამას ყოველთვის ვერ ახერხებდა. უფეხო ბიჭისთვის საზოგადოებაში სოციალიზაცია რთული იყო, მაგრამ მას მოსიყვარულე ძმა და ოჯახი ჰყავდა.
***
ერთხელ რობერტი და ჯონი საცირკო წარმოდგენის სანახავად წავიდნენ, სადაც ის შენიშნეს და ცირკში მუშაობა შესთავაზეს. მშობლები შეთავაზებას იმ პირობით დათანხმდნენ, რომ ჯონის გვერდით ყოველთვის მისი ძმა იქნებოდა.
12 წლის ასაკში ჯონი ცირკის მსახიობი გახდა. ის ჟონგლიორობდა, აკრობატულ ილეთებს აკეთებდა, ჰაერში გაბმულ თოკზე ხელებით დადიოდა და ა.შ.
მიუხედავად იმისა, რომ ჯონის ტანის ზედა ნახევარი ნორმალურად განვითარდა, სრულწლოვანებამდე მისი სიმაღლე მხოლოდ ორმოცდაათ სანტიმეტრს შეადგენდა.
როდესაც ოცი წლის გახდა, ჯონს MGM-ის სტუდიის მენეჯერი დაუკავშირდა და ფრანგულ ცირკის შესახებ გადაღებულ ფილმში მონაწილეობა შესთავაზა.
პირველ ფილმს მალე მეორე მოჰყვა - ეკჰარდტმა ტარზანზე გადაღებულ რამდენიმე ფილმში ითამაშა. მისმა შემოსავალმა ოჯახს საშუალება მისცა, რომ დიდი დეპრესიის დროს იპოთეკით დატვირთული სახლი დაებრუნებინა.
***
ჯონი საოცარი და მრავალმხრივი ადამიანი იყო. მან ძმასთან ერთად შექმნა ორკესტრი თორმეტი მუსიკოსისგან. რობერტი ფორტეპიანოზე, ჯონი კი საქსოფონზე უკრავდა და დირიჟორობდა.
მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური ნაკლის გამო სრულფასოვანი ცხოვრება არ შეეძლო, ოპტიმიზმისა და მონდომების წყალობით ჯონმა გაცილებით მეტი შეძლო, ვიდრე ბევრმა ორფეხა ადამიანმა.
ის ცირკის და კინოს მსახიობი, მუსიკოსი, მხატვარი, შესანიშნავი მოცურავე, ტანმოვარჯიშე, ფოტოგრაფი და ავტომრბოლელიც კი გახლდათ.
ჯონს სპეციალური შეკვეთით დამზადებული სარბოლო მანქანა- "Johnny Eck Special" ჰყავდა.
ძმასთან რობერტთან ერთად ის მეზობლის ბავშვებისთვის ხშირად უფასო სპექტაკლებს აწყობდა.
***
ჯონ ეკჰარდტმა (Johnny Eck) მთელი ცხოვრება მშობლების სახლში გაატარა. მისი სახლის კარი ყოველთვის ღია სტუმრებისთვის, თუმცა ხშირი იყო შემთხვევები, როცა კარზე ზარს მხოლოდ ცნობისმოყვარეობის გამო, „ნახევარკაცას“ სანახავად რეკდნენ.
ტყუპების სიცოცხლის ბოლო წლებში მათ სახლში ტრაგედია დატრიალდა. 76 წლის ძმების სახლში მძარცველები შეიჭრნენ. სანამ ერთი ბოროტმოქმედი ფულს და ძვირფას ნივთებს ეძებდა, მეორე ძმების დამცირებით და აბუჩად აგდებით ერთობოდა. ის ჯონს ზურგზე შეაჯდა და აიძულა ოთახში ეტარებინა. ასეთმა დამცირებამ ეკჰარდტის რწმენა ადამიანებისადმი სამუდამოდ შეარყია.
ჯონს არაკეთილსინდისიერი მენეჯერები მთელი ცხოვრების მანძილზე ატყუებდნენ და მისი შემოსავლის უდიდეს ნაწილს თავად ისაკუთრებდნენ მაგრამ „ნახევარკაცა“ ამ ამბავს ფილოსოფიურად უყურებდა. მძარცველებთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ კი მან სევდიანად თქვა: „თურმე ნამდვილი მახინჯებიც არსებობენ“.
სიცოცხლის ბოლო თვეებში ჯონი კარჩაკეტილ ცხოვრება ეწეოდა. 1991 წლის იანვრის დასაწყისში 79 წლის ჯონს ძილში გულის შეტევა დაემართა. ის იმავე სახლში, მშვიდად გარდაიცვალა, სადაც დაიბადა.
ოთხი წლის შემდეგ რობერტიც გარდაიცვალა. მოსიყვარულე ძმები ერთად არიან დაკრძალულები.
ესეც საინტერესოა:
უფეხებო ტანმოვარჯიშე ჯენ ბრიკერი: „არასოდეს თქვა: არ შემიძლია“
ამბავი მილიონერისა, რომელიც ხელ-ფეხის გარეშე დაიბადა
ქალები, რომლებმაც სიკვდილზე გაიმარჯვეს
წყარო: en.wikipedia.org
სიახლეები ამავე კატეგორიიდან