ტირამისუ მარტივად
10:53 ოთხ. 4 მაისი, 2022 წელი
ნამცხვარი, რომლის რეცეპტსაც დღეს შემოგთავაზებთ, მასში შემავალი ინგრედიენტების გამო, საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ დესერტად მიიჩნევა, თუმცა განსაკუთრებულ დღეებში შეიძლება, თავს მისი დაგემოვნების უფლება მივცეთ. მზარეულმა ალექსანდრე კოშკელოვმა, ექსკლუზიურად „Funtime“-ის მკითხველისთვის, უგემრიელესი ტირამისუს საუკეთესო რეცეპტი გაგვიზიარა.
მოსამზადებლად საჭიროა „სავოიარდის“ ან, უბრალოდ, „ტირამისუს“ ჩხირები ტირამისუს ბისკვიტისთვის - ეს ჩხირები ყველა სუპერმარკეტში იყიდება, დასანამი სიროფი და ჰაეროვანი კრემი.
ტირამისუს სიროფი:
- „ბაკარდი ანუ რომი - 100 გრ
- „ამარეტო“ ანუ ნუშის ლიქიორი - 70 გრ
- ორმაგი ყავა „ესპრესო“ - ერთი ჭიქა
ყავა თქვენი გემოვნებით დაატკბეთ, რომი და ლიქიორი შეურიეთ და კარგად მოურიეთ.
ტირამისუს კრემი:
- კვერცხის გული - 3 კვერცხის
- შაქარი - 2 სუფრის კოვზი
- შაქრის პუდრა - 4 სუფრის კოვზი
- „მასკაპონე“ (მდნარი ყველის სახეობა, რომელიც სუპერმარკეტებში იყიდება) - 1/2 კგ.
- ნაღები „პრეზიდენტი“ - 1 ლ.
კვერცხის გულები და შაქარი მიქსერით კარგად ათქვიფეთ.
შემდეგ მიქსერი ამოიღეთ და ხის კოვზით „მასკაპონე“ შეურიეთ, ისე, რომ კვერცხის მასა და მდნარი ყველი ერთმანეთში „ჩაჯდეს“.
ცალკე ათქვიფეთ ერთი ლიტრი ნაღები „პრეზიდენტი“ და კარგად რომ აფუმფულდება, ისევ ხის კოვზით, შეურიეთ ყველიანი და კვერცხიანი მასა.
ბოლოს დაუმატეთ შაქრის პუდრა და კიდევ კარგად მოურიეთ.
შეიძლება კრემი ოდნავ თხელი გამოგივიდეთ, მაგრამ ნუ შეშინდებით. ნამცხვრიდან კრემის გადმოსვლა რომ აიცილოთ, ჩხირების ჩასაწყობად ოდნავ ღრმა ფორმა შეარჩიეთ.
ტირამისუს აწყობა:
ჩხირები უკვე გამზადებულ სიროფში კარგად დანამეთ და ერთ ფენად დაალაგეთ.
წაუსვით კრემი და ისევ დანამული ჩხირები მოაწყვეთ.
შემდეგ ისევ კრემი და ასე გააგრძელეთ ბოლომდე, სანამ ჩხირებიც და კრემიც არ გამოგელევათ.
მზა ნამცხვარს თავზე კაკაო მოაფრქვიეთ.
გაითვალისწინეთ, რომ ჩხირებს სიროფი და კრემი რომ გაუჯდეს, დრო სჭირდება, ამიტომ სასურველია, ნამცხვარი ერთი ღამით მაცივარში შეინახოთ და მეორე დღეს მიირთვათ.
შენიშვნა:
შესაძლოა, ფასის ეკონომიის მიზნით, ძვირად ღირებული „ბაკარდის“ ნაცვლად, კონიაკი ან მარტინი გამოიყენოთ, მაგრამ არ დაივიწყოთ, რომ ყავა „ესპრესო“ ტირამისუს აუცილებელი კომპონენტია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან