იცით თუ არა

რატომ აღარ არის აქტუალური ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლო?

fun time

18:50 ოთხ. 20 სექტემბერი, 2023 წელი

ბერმუდის სამკუთხედი

14
დაკოპირებულია

ადამიანებს ყოველთვის იზიდავდა უცნობი სამყარო და სხვადასხვა საიდუმლოებები. ბერმუდის სამკუთხედიც ერთ-ერთი ასეთი საიდუმლო გახლავთ. ვცადოთ, ერთად გავარკვიოთ, რატომ უკავშირდება მას ამდენი უცნაური და გაუგებარი შემთხვევა. 

ბერმუდის სამკუთხედს უწოდებენ სარგასის ზღვის ტერიტორიას (ატლანტის ოკეანე), სადაც ბევრი უცნაური შემთხვევა ხდება. გეოგრაფიულად ეს ტერიტორია ბერმუდის კუნძულებს, ქალაქ მაიამს (ფლორიდის ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთით) და კუნძულ პუერტო-რიკოს (დიდი ანტილის არქიპელაგში) შორის მდებარეობს.

მითის შექმნის ისტორია

ქრისტეფორე კოლუმბი იყო პირველი მოგზაური, ვინც 1492 წელს გაიარა სარგასის ზღვა. მისი გემის სანტა-მარიას ჟურნალში არსებობს ჩანაწერები კომპასის ისრის უცნაურ რხევებზე, ცისა და ზღვის უჩვეულო ნათებაზე. ამ მოვლენების შესახებ ჭორი მალევე გავრცელდა მეზღვაურთა შორის და ატლანტის ოკეანის ამ მონაკვეთმა საიდუმლო რეპუტაცია შეიძინა.

ბერმუდის სამკუთხედთან დაკავშირებული მითი კი 1950-იან წლებში გაჩნდა, როდესაც გაზეთებმა ატლანტის ოკეანის ნაწილში დაკარგული თვითმფრინავებისა და გემების შესახებ სტატიების გამოქვეყნება დაიწყეს.

ფრაზა "ბერმუდის სამკუთხედი" პირველად 1964 წელს, ამერიკელმა მწერალმა ვინსენტ გადისმა გამოიყენა. მან ჟურნალ Argosy-ში გამოაქვეყნა სტატია სათაურით "მომაკვდინებელი ბერმუდის სამკუთხედი". მას შემდეგ სარგასის ზღვის ეს ნაწილი ყველაზე ცნობილი უბედური შემთხვევების ადგილი და დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ზონა გახდა.

ამ მითის მომხრეები ამბობენ, რომ ბერმუდის სამკუთხედში, მხოლოდ მე-20 საუკუნეში, დაახლოებით, 100 დიდი გემი და თვითმფრინავი გაქრა და ამ იდუმალი ფენომენის ასახსნელად, რამდენიმე ათეული განსხვავებული ჰიპოთეზა წამოაყენეს.

ამინდი ბერმუდის სამკუთხედში

როგორც გაირკვა, ამ მხარეში არსებულმა კლიმატურმა პირობებმა მართლაც შეიძლება თვითმფრინავების და გემების კატასტროფა გამოიწვიოს. ატლანტის ოკეანის ამ ადგილზე ერთმანეთს რამდენიმე საჰაერო და საზღვაო დინება ხვდება, რაც ხელს უწყობს ციკლონებისა და ქარიშხლების წარმოქმნას. თავის მხრივ, ეს შეიძლება კატასტროფის და გემის ან თვითმფრინავის გაქრობის მიზეზი გახდეს.

ჰიდრატის აფეთქებები

ცოტა ხნის წინ, მეცნიერებმა აღმოაჩინეს კიდევ ერთი ფაქტორი, რომელმაც შესაძლოა, ნათელი მოჰფინოს ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოს. საუბარია ჰიდრატის აფეთქებებზე.

ჰიდრატები მარილიან წყალში გაყინული აირებია. როდესაც ჰიდრატები ზღვის ფსკერზე იშლებიან, ისინი მეთანის გაზს გამოყოფენ, რომელიც წყალში გროვდება და დაბალი სიმკვრივის დიდ ბუშტებს წარმოქმნის. ასეთი ბუშტი თავისუფლად შეიძლება დიდი გემის ჩაძირვის მიზეზი გახდეს. არსებობს ვარაუდი, რომ ჰაერში მოხვედრის შემთხვევაში მეთანის ბუშტს თვითმფრინავის ძრავის გაჩერება ან მისი აფეთქებაც კი შეუძლია.

ოკეანის დინებები და მაგნიტური ანომალიები

ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, ბერმუდის სამკუთხედის რაიონში არის ძლიერი ოკეანის დინება, რომელსაც შეუძლია საათში 40 კმ/სთ-მდე სიჩქარე განავითაროს. ასეთი ჩქარი დინებები, ძლიერ ქარებთან ერთად, გემებს სხვადასხვა პრობლემებს უქმნის.

ეს ადგილები ასევე ცნობილია მაგნიტური ანომალიებით, რაც კომპასის არევას და კურსის დაკარგვას იწვევს. ზოგიერთი მეცნიერი ამ ფენომენს იმით ხსნის, რომ ოკეანის ფსკერზე არსებული მინერალები და ვულკანური ქანები ძლიერ ელექტრომაგნიტურ ველს ქმნის.

საიდუმლო ამოხსნილია?

ბერმუდის სამკუთხედი არც ისეთი იდუმალია, როგორც ბევრი ფიქრობს. შტორმები, ძლიერი ქარები, ოკეანის დინებები, მაგნიტური ანომალიები და ჰიდრატების აფეთქებები, რომლებიც ამ ადგილებს ახასიათებს, ყველაფერს ხსნის.

თუმცა მეცნიერები იმასაც განმარტავენ, რომ ბერმუდის სამკუთხედი არ შედის ყველაზე სახიფათო ტერიტორიების ათეულშიც კი და იქ სულაც არ მომხდარა უფრო მეტი კატასტროფა, ვიდრე სხვაგან.

ესეც დაგაინტერესებთ:

ჩინეთის დიდ კედელში 100-ზე მეტი საიდუმლო კარი აღმოაჩინეს

დედამიწაზე შეიძლება ახალი ოკეანე წარმოიქმნას, რომელიც აფრიკის ნაწილს „ჩაყლაპავს“

წყარო: www.iflscience.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

წავიდა ცისარტყელაზე - რატომ მოიხსენ...

წავიდა ცისარტყელაზე -
ფრაზის განმარტება

„ნიშანი ზემოდან“ - რას უნდა ველოდეთ...

რას უნდა ველოდეთ, თუ
კვერცხში ორი გულია

ქვეყნები, სადაც წელიწადის 6 დროა

ქვეყნები, სადაც წელიწადის
6 დროა

რატომ არ უნდა შეეხოთ კატას თათებზე

რატომ არ უნდა შეეხოთ კატას
თათებზე

რისი დადგმა არ შეიძლება Wi-Fi როუტე...

რისი დადგმა არ შეიძლება Wi-Fi
როუტერთან ახლოს

რატომ არ შეიძლება ზღვის წყლით ხანძრ...

რატომ არ შეიძლება ზღვის
წყლით ხანძრის ჩაქრობა?

რატომ ეშინიათ ძლიერ ზვიგენებს დელფი...

რატომ ეშინიათ ძლიერ
ზვიგენებს დელფინების?

რატომ ყივიან მამლები?

რატომ ყივიან მამლები?

მცენარეული ყველი, რომელიც ცხოველურზ...

მცენარეული ყველი