რატომ არ სვამს ალკოჰოლს დონალდ ტრამპი? - 10 ფაქტი აშშ-ს ახალარჩეული პრეზიდენტის შესახებ
16:21 ხუთ. 7 ნოემბერი
დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდა. იმას, რაც 78 წლის მილიარდერმა პოლიტიკოსმა ამერიკულ პოლიტიკაში შეძლო, პოლიტოლოგებმა დიდი დაბრუნება უწოდეს. ტრამპმა პირველი კომენტარი ფლორიდაში, საკუთარ მხარდამჭერებთან უკვე გააკეთა და აღნიშნა, რომ ამერიკაში „ოქროს ხანა“ იწყება.
ჩვენ გიამბობთ 10 ფაქტის შესახებ, რომელიც თეთრი სახლის „ძველ-ახალ“ ბინადარს უკეთ დაგანახვებთ.
ექვსჯერ გაკოტრებული
დონალდ ტრამპის კომპანიებმა რამდენჯერმე თავი გაკოტრებულად გამოაცხადეს. „ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, ტაჯ მაჰალის გასართობმა კომპლექსმა გაკოტრების შესახებ განცხადება 1991 წელს გააკეთა. 1992 წელს თავი გაკოტრებულად ატლანტიკ სიტის ორმა კაზინომ გამოაცხადა, 2004 და 2008 წლებში მომავალი პრეზიდენტის კიდევ სამი კომპანია გაკოტრდა.
არ უყვარს ხელის ჩამორთმევა
1997 წელს, თავის წიგნში „დაბრუნების ხელოვნება“, ტრამპი წერდა: „ამერიკული საზოგადოების ერთ-ერთი დილემა ხელის ჩამორთმევაა. რაც უფრო ცნობილი და წარმატებული ხდება ადამიანი, მით უფრო საშინელი ეჩვენება ეს ტრადიცია.” ტრამპმა საკუთარ თავს "სუფთა ხელებზე შეპყრობილი" უწოდა...
თუმცა, პრეზიდენტობის დროს იძულებული გახდა, შეხედულებები შეეცვალა. კორონავირუსის პანდემიის დროსაც კი ის თამამად ართმევდა ხელს ადამიანებს და ბედნიერი იღიმებოდა.
ბიზნესი მამის მილიონით დაიწყო
მომავალ მილიარდერს პირველი მილიონი ბიზნესის საწარმოებლად მამამ მისცა. დღეს დონალდ ტრამპი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მდიდარი პრეზიდენტია, რომლის ქონება 7.5 მილიარდ დოლარს აღწევს.
არ სვამს ალკოჰოლურ სასმელებს, მაგრამ უყვარს დიეტური „კოკა-კოლა“
ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ტრამპმა განაცხადა, რომ ალკოჰოლური სასმელი არასოდეს დაულევია. ”მე არ ვსვამდი ალკოჰოლს სხვადასხვა მიზეზის გამო”. ერთ-ერთი მიზეზი უფროსი ძმა, ფრედი იყო, რომელიც ალკოჰოლიზმით გარდაიცვალა. ტრამპი ცნობილია დიეტური „კოკა-კოლას“ სიყვარულით. ეს სასმელი იმდენად უყვარს, რომ პრეზიდენტობის დროს, მის შესაკვეთად, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში სპეციალური წითელი ღილაკი ჰქონდა, - წერს Financial Times.
მხარი დაუჭირა ნარკოტიკების ლეგალიზაციას
1990 წელს, პრეზიდენტობამდე დიდი ხნით ადრე, ტრამპმა შეერთებულ შტატებში ნარკოტიკების ლეგალიზებაზე ისაუბრა. „ამ ომში რომ გავიმარჯვოთ ნარკოტიკები უნდა დაკანონდეს. ჩვენ უნდა წავართვათ შემოსავალი ნარკობარონებს“, - განაცხადა ტრამპმა და დაამატა, რომ ნარკოტიკებიდან მიღებული შემოსავალი უნდა მოხმარდეს ხალხის ინფორმირებას უკანონო ნივთიერებების გამოყენების საშიშროების შესახებ.
რელიგიური შეხედულება - არაკონფესიური ქრისტიანი
დიდი ხნის განმავლობაში ტრამპი პრესვიტერიანული სწავლებების მიმდევარი იყო, მაგრამ ცოტა ხნის წინ რწმენა შეიცვალა. „მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში პრესვიტერიანული ეკლესიის წევრი ვიყავი, ახლა თავი არაკონფესიურ ქრისტიანად მიმაჩნია,“ - განაცხადა მან. (ციტირებულია Fox News-ზე).
პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლა
1987 წლიდან 2009 წლამდე დონალდ ტრამპი რეგისტრირებული იყო, როგორც დემოკრატიული პარტიის ამომრჩეველი, 2011 წლიდან 2012 წლამდე - როგორც უპარტიო ამომრჩეველი. ამის შემდეგ კი ის რესპუბლიკური პარტიის ამომრჩევლად დარეგისტრირდა, საიდანაც 2016 და 2024 წლებში პრეზიდენტად აირჩიეს.
აქვს ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანზე
2007 წელს, ამერიკული რეალითი შოუს The Apprentice-ის პროდიუსერებისთვის დონალდ ტრამპს ლოს-ანჯელესში, ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს, რომელიც ვანდალებმა არაერთხელ დააზიანეს. ბოლოს ეს Black Lives Matter-ის საპროტესტო აქციების დროს მოხდა.
3 ცოლი, 5 შვილი და 10 შვილიშვილი
დონალდ ტრამპი სამჯერ იყო დაქორწინებული და სამივე ქორწინებიდან 5 შვილი ჰყავს.
პირველი ცოლი იყო ემიგრანტი ჩეხოსლოვაკიიდან, მოდელი და მეწარმე ივანა ტრამპი. ქორწინებაში, რომელიც 1977 წლიდან 1992 წლამდე გაგრძელდა, ტრამპს ორი ვაჟი (დონალდ და ერიკი) და ქალიშვილი ივანკა შეეძინა.
ტრამპის მეორე ქორწინება 1993 წელს, მსახიობ მარლა მეიპლსთან შედგა. ამ ქორწინებაში დაიბადა ქალიშვილი, ტიფანი არიანა ტრამპი. მსახიობთან ქორწინება 1999 წლამდე გაგრძელდა;
2005 წელს კი მომავალი პრეზიდენტი სლოვენიიდან ჩამოსულ ემიგრანტზე, მოდელსა და მსახიობ მელანია კნავსზე დაქორწინდა. ტრამპს ამ ქორწინებიდან მეხუთე შვილი, ვაჟი ბერონი შეეძინა. ამჟამად ბერონი 18 წლისაა.
ესეც დაგაინტერესებთ:
როგორ დაეხმარა 11 წლის გოგონას რჩევა ლინკოლნს გაპრეზიდენტებაში...
როგორ ცხოვრობს მსოფლიოში ყველაზე ღარიბი პრეზიდენტი (ფოტორეპორტაჟი)
რატომ არ სურდა უინსტონ ჩერჩილს ელისაბედ მეორეს სამეფო ტახტზე ასვლა?
სიახლეები ამავე კატეგორიიდან