რატომ სხედან ტაძარში კათოლიკეები და რატომ დგანან ფეხზე მართლმადიდებლები?
18:00 ხუთ. 9 მაისი, 2024 წელი

ალბათ შეგინიშნავთ, რომ კათოლიკური და პროტესტანტული ეკლესიების მრევლის წევრები მესას სკამებზე მოხერხებულად მოკალათებულები უსმენენ, მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლი კი (ხანდაზმული და ავადმყოფი ადამიანების გარდა) როგორც წესი, ფეხზე დგას. ეს მართლმადიდებლურ და კათოლიკურ, ბაპტისტურ, პროტესტანტურ და ა.შ. ქრისტიანულ ეკლესიებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაა.
რატომ სხედან ტაძარში კათოლიკეები?
ყველაფერი რომის იმპერიაში პირველი, აკრძალული ქრისტიანობის ეპოქაში დაიწყო. იმ დროს ქრისტიანულ ტაძრებს თვალისგან მოფარებულ ადგილებში მაგალითად, პატარა გამოქვაბულებში ან სახლებში საიდუმლოდ აშენებდნენ. ასეთ ეკლესიებში მრევლი სივრცის ნაკლებობის გამო ფეხზე იდგა.
მოგვიანებით, როდესაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად იქცა, მრევლის წევრებს სკამზე დაჯდომის უფლება მისცეს. მთელი ღვთისმსახურების განმავლობაში ფეხზე მხოლოდ სასულიერო პირები იდგნენ.
XI საუკუნის დასაწყისში, ქრისტიანული ეკლესია დასავლურ კათოლიკურ და აღმოსავლურ მართლმადიდებლურ ეკლესიებად დაიყო და კათოლიკეებმა გადაწყვიტეს, რომ ეკლესიაში, ღვთისმსახურების დროს ფეხზე დგომა მხოლოდ სასულიერო პირებს მოეთხოვებათ. მრევლის წევრებს კი შეუძლიათ, დასხდნენ, რადგან დასვენებული ადამიანის გონება ღმერთზე ფიქრს უკეთ შეძლებს და ყურადღებას არაფერი გაუფანტავს.
გარდა ამისა, პაპებს ეშინოდათ, რომ შედარებით ახალი რელიგიის მიმდევრები სხვა, უფრო მოხერხებულ ეკლესიას იპოვიდნენ, ამიტომ ცდილობდნენ, რომ საწყის ეტაპზე მაინც, მრევლისთვის მეტი კომფორტი მიეცათ.
ასე რომ, კათოლიკეები ეკლესიაში ფეხზე მხოლოდ სახარების კითხვის და მიცვალებულის გაცილების დროს დგებიან.
კათოლიკეების მსგავსად, ეკლესიაში მსახურების მიმდინარეობის დროს სხედან პროტესტანტები, ბაპტისტები და ძველი აღმოსავლური ეკლესიების წარმომადგენლები სომხები.
რატომ დგანან ფეხზე ტაძარში მართლმადიდებლები?
ერთიანი, ძლიერი ბიზანტიის იმპერიაში სასულიერო ცხოვრება უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობდა, ვიდრე ნაწილებად დაყოფილ დასავლეთ ევროპაში. ამიტომ აღმოსავლეთ ბიზანტიის მართლმადიდებლური ეკლესია უფრო მკაცრ გზას გაჰყვა.
ბერძენ სასულიერო პირებს მიაჩნდათ, რომ ლოცვის დროს ფეხზე მდგომი ადამიანის სული ღმერთისკენ უფრო მეტად მიიწევს, ამიტომ მცირე კომფორტზე უარის თქმა ჯობია, ვიდრე სკამზე ჯდომა და მთქნარება.
ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, ისევე როგორც ბიზანტიური, მიიჩნევს, რომ ლოცვის დროს ყველა ჯანმრთელი ადამიანი ფეხზე უნდა იდგეს და ამით ღვთისა და საღმრთო ლიტურგიის მიმართ პატივისცემა გამოხატოს.
აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ბერძნულ და ზოგ სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიაში მორწმუნეები ნელ-ნელა ცვლიან ამ ტრადიციას და ლოცვის დროს სკამებზე ჩამოჯდომას ამჯობინებენ.
ესეც დაგაინტერესებთ:
რატომ არ ატარებენ წვერს კათოლიკე მღვდლები?
როგორ გაშიფრეს და დასაჯეს ქალი, რომელიც ვატიკანს 2 წელი მართავდა - ქალი პაპის ისტორია
„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7 ქალი, ვისაც რომის პაპთან თეთრ კაბაში გამოჩენა შეუძლია?
სიახლეები ამავე კატეგორიიდან