კარნი-მატა - ტაძარი, სადაც 25 000 შავი ვირთხა ბინადრობს და ადამიანები ეთაყვანებიან
59 წუთის წინ
ინდოეთში, რაჯასტანის შტატის ქალაქ დეშნოკში კარნი-მატას ტაძარი მდებარეობს (Karni Mata Temple), რომელსაც მსოფლიოში „ვირთხების ტაძრის“ სახელით იცნობენ (XIV-XVI საუკუნეების ინდოელი მეომარი, მისტიკოსი და წმინდანი რაჯასტანიდან, რომელიც ინდუიზმში ქალღმერთ დურგას განსახიერებად ითვლება). ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და უჩვეულო ინდუისტური სალოცავია, რომელიც ქალღმერთ დურგას ინკარნაციას — კარნი მატას ეძღვნება.
ტაძრის ტერიტორიაზე, დაახლოებით, 25 000 შავი ვირთხა ბინადრობს, რომლებსაც ადგილობრივები „კაბას“ (Kabbas) უწოდებენ. აქ ვირთხებს არ ერეკებიან — მათ თაყვანს სცემენ და გემრიელი სასუსნავით უმასპინძლდებიან.
ვირთხები დიდი ლითონის ჯამებიდან რძეს, მარცვლეულსა და ტკბილეულს მიირთმევენ და ადამიანების ფეხებთან დარბიან.
ტაძარში შესვლისას თავდაპირველად საკუთარ ფეხებს დაჰყურებ, რათა შემთხვევით რამეს არ დააბიჯო, მერე კი ხვდები, რომ აქ სტუმარი შენ ხარ, ვირთხები კი მასპინძლები არიან.


რატომ მიიჩნევენ კარნი-მატას ტაძარში ვირთხებს წმინდა ცხოველებად?
კარნი-მატას ტაძარს ერთი ცნობილი ლეგენდა უკავშირდება, რომლის თანახმად, ეს ვირთხები უბრალო მღრღნელები კი არა, კარნი მატას გარდაცვლილი მიმდევრები და ოჯახის წევრები არიან.
გარდაცვალების შემდეგ ისინი ტაძარში ვირთხებად იბადებიან, ხოლო ვირთხის სიკვდილის შემდეგ სამყაროს ისევ ადამიანებად ევლინებიან.
ათასობით შავ ვირთხას შორის რამდენიმე თეთრი ვირთხა გამოერევა. მომლოცველებისთვის მათი დანახვა განსაკუთრებული იღბლისა და წარმატების ნიშნად ითვლება, რადგან მათ თავად კარნი მატასა და მისი შვილების რეინკარნაციად მიიჩნევენ.

ტაძარში შესვლისას ფეხზე გახდა აუცილებელია. თუ ვირთხა ფეხზე გადაგირბენთ, ეს განსაკუთრებულ იღბლად მიიჩნევა.
ტაძარში ვირთხის მოკვლა ან დაჭერა აკრძალულია. ტრადიციის თანახმად, თუ მომლოცველმა ვირთხას შემთხვევით ფეხი დაადგა და მოკლა, ის ვალდებულია, ტაძარს მკვდარი ვირთხის ზომის ოქროს ან ვერცხლისგან დამზადებული ვირთხის ქანდაკება შესწიროს. ამის გაგების შემდეგ ფეხქვეშ უფრო ყურადღებით იწყებ ყურებას.
მიუხედავად იმისა, რომ მომლოცველები ხშირად ვირთხების მონაკბეჩ საკვებს მიირთმევენ, ტაძარში შავი ჭირი ან სხვა გადამდები დაავადება არასოდეს გამოვლენილა.
***
მსოფლიოში კიდევ რამდენიმე ძალიან საინტერესო და უჩვეულო ტაძარია, სადაც ადგილობრივები ისეთ ცხოველებს ეთაყვანებიან, რომლებისაც სხვა კულტურების ხალხი შიშით უყურებს:
გველების ტაძარი (Snake Temple) — პენანგი, მალაიზია

ეს XVIII საუკუნის ტაძარი ეძღვნება ბუდისტ ბერს, სახელად ჩორ სუ კონგს, რომელიც გადმოცემის თანახმად, ტყის გველებს თავშესაფარს აძლევდა. ტაძრის შენობაში, საკურთხეველზე, მაგიდებზე და შანდლებზე ათობით შხამიანი გველი ბინადრობს.
მორწმუნეებს სჯერათ, რომ გველები ტაძარში წმინდანის პატივსაცემად მივიდნენ. ითვლება, რომ საკმევლის კვამლი მათ ამშვიდებს, თუმცა უსაფრთხოების მიზნით გველების უმეტესობას შხამი გამოწურული აქვს.
მაიმუნების ტაძარი — გალტა ჯი (Galta Ji), რაჯასტანი, ინდოეთი

ეს არის უზარმაზარი ინდუისტური ტაძრების კომპლექსი, რომელიც კლდეებს შორის მდებარეობს. ტაძარში ასობით მაიმუნი ბინადრობს.
ინდუიზმში მაიმუნები ღვთაება ჰანუმანის განსახიერებად ითვლებიან. მომლოცველები მათ ყოველდღიურად კვებავენ, ხოლო ტაძრის წმინდა აუზებში მაიმუნები ადამიანებთან ერთად ბანაობენ.
ვეფხვების ტაძარი — ვატ ფრა ლუანგ ტა ბუა (Wat Pha Luang Ta Bua), ტაილანდი

წლების განმავლობაში ეს ბუდისტური ტაძარი ცნობილი იყო იმით, რომ ბერები ვეფხვებთან ერთად ცხოვრობდნენ. ინდოეთის, ინდონეზიისა და ტაილანდის ზოგიერთ ტრადიციაში ვეფხვი წმინდა სულად ან ტყის მცველად აღიქმება.(შენიშვნა - ამჟამად ტაძარი ცხოველთა უფლებების დარღვევის გამო დახურულია)
წმინდა ნიანგების ტაძრები — ინდოეთი და ბანგლადეში

ხან ჯაჰან ალლის ტბორში „წმინდა ნიანგები“ ცხოვრობენ. ადგილობრივებს სჯერათ, რომ მათთვის შესაწირად ქათმის ან თხის ხორცის მიტანა სურვილების ასრულებასა და ბედნიერებას მოიტანს.
ინდოეთის კერალას შტატში, ანანთაპურას ტბის ტაძარში (Ananthapura Lake Temple) 75 წელზე მეტხანს ცხოვრობდა მსოფლიოში ცნობილი, უნიკალური „ვეგეტარიანელი“ ნიანგი ბაბია (Babiya), რომელიც მხოლოდ ტაძარში მომზადებულ ბრინჯსა და ტკბილეულს ჭამდა და ტაძრის მცველად ითვლებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ნიანგები ბუნებით მტაცებლები არიან, ბაბია ადამიანებს ან ცხოველებს თავს არასოდეს დასხმია. მომლოცველები მის ქცევას ღვთიურ სასწაულად მიიჩნევდნენ.
ბაბია 2022 წლის ოქტომბერში, ღრმა სიბერისგან გარდაიცვალა. ნიანგის დაკრძალვას ასობით ადგილობრივი მცხოვრები და ბერი დაესწრო, რომლებმაც ბაბიას ნეშტს პატივი მიაგეს და ყვავილებით შეამკეს. მისი სიკვდილიდან ერთ წელიწადში, ტაძრის ტბაში კიდევ ერთი ახალი, პატარა ნიანგი გამოჩნდა, რომელიც ადგილობრივების თქმით, წინამორბედივით მშვიდობიანად იქცევა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან