რა საჭიროა მაკარონის ამდენი განსხვავებული ფორმა
12:00 შაბ. 9 ოქტომბერი, 2021 წელი
მაკარონი (პასტა) ხორბლის გამომშრალი ცომია. მას პურთან შედარებით, მაღალი კვებითი ღირებულება აქვს, რადგან უფრო მაღალი ხარისხის ფქვილისგან მზადდება და მისი წარმოების პროცესში ხორბალში არსებული საკვები ნივთიერებების დანაკარგი გაცილებით დაბალია.
ამ მაჩვენებლით მაკარონი ბურღულეულსაც სჯობნის. გასაკვირი არ არის, რომ მაკარონი XX საუკუნის ერთ-ერთ ძირითად საკვებ პროდუქტად მიიჩნევა. მაკარონის სასარგებლო თვისებები დიდხანს (ერთ წლამდე) ნარჩუნდება.
მსოფლიოში დაახლოებით, 350 სხვადასხვა სახის მაკარონი მზადდება. მათ შორის, გრძელი მაკარონი (სპაგეტი, ფეტუჩინი), მილაკი, ფარშირებული (ტორტელინი, რავიოლი, ნიჟარა და სხვა.
რატომ აქვს პასტას ამდენი განსხვავებული ფორმა?
საქმე ისაა, რომ მზარეულები სხვადასხვა ფორმისა და ზომის მაკარონს სხვადასხვა მიზნით იყენებენ.
მაგალითად:
- „ნიჟარა“ საუკეთესოა სხვადასხვა სოუსებთან და ყველთან.
- დახვეული მაკარონი კარგად ეხამება დახვეწილ გემოებს;
- სპაგეტის მსგავსი მაკარონი კი ყველაზე მეტად კარაქზე დამზადებულ სოუსებს უხდება.
მაკარონის ფორმაზე გავლენა მოახდინა ასევე წარმოების პროცესის ცვლილებებმა.
სპაგეტი, რაც იტალიურად თოკებს ნიშნავს, განსაკუთრებით ადვილად სამხრეთ იტალიის კლიმატურ პირობებში მზადდება.
თავდაპირველად სპაგეტი ხელით მზადდებოდა, რაც უაღრესად დამღლელი პროცესი იყო. დღეს სპაგეტის სიგრძე 25-30 სანტიმეტრია, XX საუკუნის მეორე ნახევრამდე კი გავრცელებული იყო უფრო გრძელი სპაგეტი. სპაგეტი იტალიური სამზარეულოს ტრადიციულ კერძად მიიჩნევა, მაგრამ მთელ მსოფლიოშია პოპულარული. ის ბევრი კერძის მოსამზადებლად გამოიყენება. ხშირად მიირთმევენ ტომატის სოუსთან, ბოსტნეულთან ან ხორცთან. სქელ სპაგეტის სპაგეტონი ეწოდება, უფრო თხელს - სპაგეტინი ან კაპელინი.
ექსტრუზიული ჰიდრავლიკური პრესის გამოგონებამ შესაძლებელი გახადა არა მხოლოდ მაკარონის მომზადება ფართო მასშტაბებით, არამედ ახალი ფორმების: რიგატონის, ტალიატელეს და სხვების გამოჩენა.
ითვლება, რომ მაკარონის სამშობლო იტალიაა, თუმცა, უძველესი მაკარონის ნიმუშები ჩინეთში აღმოაჩინეს. სწორედ ჩინეთში, ერთ-ერთი არქეოლოგიური გათხრის დროს, აღმოაჩინეს ჯამში მოთავსებული ლაფშას ფორმის მაკარონი, რომელიც 7000 -ზე მეტი წლის წინ დამზადდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან