ხილის დიეტა - დაემშვიდობეთ კილოგრამებს და მიესალმეთ ვიტამინებს
14:00 პარ. 9 ივნისი, 2023 წელი
ჩვენს ცნობიერში ხილი გემოსთან, ჯანმრთელობასა და ვიტამინებთან ასოცირდება, მაგრამ შეიძლება მისი გამოყენება ზედმეტი კილოგრამების წინააღმდეგაც ვცადოთ.
ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ხილის მოყვარულებს კვირაში 3-5 კგ-ის დაკლება ადვილად შეუძლიათ.
საიდან უნდა დაიწყოთ?
დიეტა კვების გეგმის შედგენით უნდა დაიწყოთ, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში უნდა დაიცვათ. დიეტისთვის ახალი, საუკეთესო ხარისხის ხილი უნდა შეარჩიოთ, ამიტომ მისი დაწყება ზაფხულის დადგომისთანავე ჯობია.
ხილის დიეტის უპირატესობა
ჩვეულებრივი დიეტის დროს ორგანიზმი ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობას განიცდის, ხილის დიეტის დროს კი ასეთი საფრთხე არ გემუქრებათ.
დიეტის პარალელურად მიმდინარეობს ქალის მარადიული მტრის - ცელულიტის განადგურება.
ორგანიზმი ხილს სწრაფად ითვისებს, ამიტომ გვიანი ვახშამი საშინელი დანაშაული და მიუღწეველი ოცნება აღარაა.
ხილი თერმულ დამუშავებას არ საჭიროებს, ამიტომ სამზარეულოში მინიმალური დროის გატარება მოგიწევთ.
ხილის დიეტის მინუსები
სამწუხაროდ, იდეალური დიეტა არ არსებობს და ხილის დიეტა გამონაკლისი არაა. როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ფრუქტოზის დიდი რაოდენობა შეიძლება ცხიმად გარდაიქმნას.
ხორცისა და რძის პროდუქტებზე ხანგრძლივად უარის თქმამ შეიძლება კალციუმისა და ვიტამინის B2 ნაკლებობა, ასევე ცილოვანი შიმშილი გამოიწვიოს.
ხილის დიეტის უკუჩვენება
ხილის დიეტას უნდა მოერიდოთ კუჭ-ნაწლავის სისტემის დარღვევებისას, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს ბანანის მოხმარება უნდა შეზღუდოთ.
გახსოვდეთ, რომ ხილი მნიშვნელოვანი ალერგენია.
ასევე, მისი დიდი რაოდენობით მიღება არასასურველია დიაბეტის დროს.
დიეტის დაწყებამდე რამდენიმე მარტივი წესი უნდა დაიცვათ
ზედმეტი კილოგრამებისგან უფრო სწრაფად გათავისუფლდებით, თუ მენიუში შეზღუდავთ მაღალკალორიულ და სახამებლით მდიდარ ხილს, მაგალითად ბანანს.
დიეტაში ციტრუსები უნდა ჩართოთ.
შეგიძლიათ ხილის მიღება წვენის სახით ან გამოცხობა.
პერიოდულად შეგიძლიათ მიირთვათ მცენარეული ჩაი. საკმარისი რაოდენობით სუფთა წყალი აუცილებელია!
გთავაზობთ ხილის სამდღიანი დიეტის მენიუს
საუზმე: ხილის სალათა ციტრუსებით, ნახევარი ვაშლითა და კივით.
ხემსი: წასახემსებლად შეგიძლიათ გრეიპფრუტი ან მწვანე ვაშლი გამოიყენოთ.
სადილი: შეგიძლიათ ხილის სალათა გაიმეოროთ ან ინგრედიენტები ოდნავ შეცვალოთ, მაგალითად, ცოტაოდენი კენკრა დაამატოთ.
ხემსი: შემდეგი წახემსება ხილის ფრეშია.
ვახშამი: ისევ ხილის სალათა ან მთლიანი ხილი: ვაშლი, ციტრუსი, კივი, კენკრა.
გთავაზობთ ერთკვირიანი სწრაფი დიეტის მენიუს
ამ დიეტაში ხილის რაოდენობა შეზღუდულია. გარდა ამისა, უპირატესობა გრეიპფრუტს, ვაშლს და კენკრას უნდა მიანიჭოთ.
დიეტის პირველ და მეექვსე დღეს 1 კგ ხილი უნდა მიირთვათ;
მეორე და მეხუთე დღეს 1,5 კგ;
მესამე და მეოთხე დღეს 2 კგ;
მეშვიდე დღე - დაიწყეთ მოხარშული კვერცხითა და ხილით, სადილზე ბოსტნეულის წვნიანი, ვახშამზე კი ორთქლზე მოხარშული ქათამი და ბოსტნეული უნდა მიირთვათ.
ხილის დიეტის სხვა ვარიანტები
ხილის და ბოსტნეულის დიეტა - ეს შესანიშნავი არჩევანია. მთავარია, რომ ხილიც და ბოსტნეულიც უმი იყოს. მოამზადეთ ხილისა და ბოსტნეულის სალათები და გათავისუფლდით ტოქსინებისგან.
კეფირისა და ხილის დიეტა - ასეთი მენიუ რძის პროდუქტების მოყვარულთათვის საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება. მაგალითად, ბლენდერში ათქვეფილი ხილისა და კეფირით შეგიძლიათ შესანიშნავი კოქტეილები მოამზადოთ.
შეგიძლიათ, ხილის სალათები კეფირით შეაზავოთ. ზოგჯერ კი კეფირი იოგურტით ჩაანაცვლოთ.
ხაჭოსა და ხილის დიეტა - გასინჯეთ, საოცრად გემრიელია. შეუთავსეთ ნებისმიერი ხილი ხაჭოსთან და მოიცილეთ ზედმეტი კილოგრამები გემრიელად.
***
👉 ნახეთ სხვადასხვა მარტივი დიეტა
სიახლეები ამავე კატეგორიიდან