გოზინაყის მომზადება - 2 „ოქროს წესი“
11:00 ხუთ. 31 დეკემბერი, 2020 წელი
იმ დიასახლისებისთვის, ვისაც ტრადიციული გოზინაყი უყვარს და იმისთვისაც, ვისაც ძალიანაც უნდა გაკეთება, მაგრამ ნიგვზის დაჭრა ეზარება...
წესი №1
საჭირო პროდუქტი:
ნიგოზი - 500 გრ
თაფლი - 250 გრ
შაქრის პუდრა - 2 ს/კ
მომზადება:
1. თეთრი, საღი ნიგვზის ლებნები მჭრელი დანით წვრილ, გრძელ ნაჭრებად დაჭერით.
ტაფა გაახურეთ, დაჭრილი ნიგოზი დაყარეთ და მოხალეთ (თან ურიეთ).
როცა გაგრილდება, ფართო სინზე დაყარეთ და დაბერტყეთ. თან სული უბერეთ, რომ კანი გასცილდეს.
2. თაფლი სქელძირიან, ღრმა ტაფაზე დაასხით და დაბალ ცეცხლზე დაადგით. როგორც კი წამოდუღდება (არ ადუღოთ), ცეცხლიდან გადმოდგით და გააგრილეთ.
3. გაგრილებული თაფლი ისევ დაბალ ცეცხლზე დადგით. რომ წამოდუღდება, კოვზით რამდენიმე წვეთი ამოიღეთ და ლამბაქზე დააწვეთეთ. ლამბაქზე შეგრილებული თაფლი თითებს შორის ცომივით თუ აგორდა, მზადაა და უკვე შეგიძლიათ, ნიგოზი ჩაყაროთ (თან ხის კოვზით განუწყვეტლივ ურიეთ).
დაახლოებით, ათი წუთის შემდეგ შაქრის პუდრა დაამატეთ, კიდევ 2-3 წუთი ურიეთ.
შემდეგ სველ ფიცარზე გადაიტანეთ. სველი კოვზით გააბრტყელეთ და თბილი დანით დაჭერით.
შენიშვნა: თაფლის მზადყოფნა შეგიძლიათ სხვა ხერხითაც შეამოწმოთ. ჭიქაში ჩაასხით წყალი და რამდენიმე წვეთი თაფლი ჩააწვეთეთ. თუ თაფლი არ გაიშალა და ფსკერისკენ შეკრული წავიდა, თაფლი მზადაა ნიგვზის ჩასაყრელად.
წესი №2 (გოზინაყის ბურთულები)
საჭირო პროდუქტი:
ნიგოზი - 150 გრ
შაქრის პუდრა - 150 გრ
კვერცხი - 1 ცალი
შოკოლადი - 150 გრ
წყალი - 2 ს/კ
მომზადება:
1. ნიგოზი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. გატარებულ ნიგოზს შაქრის პუდრა და კვერცხის ცილა დაუმატეთ და კარგად აზილეთ. მიღებული მასიდან გააკეთეთ პატარა ბურთულები.
2. შოკოლადი დატეხეთ და ცხელ წყალში ჩაყარეთ. დაბალ ცეცხლზე დაადგით და ადუღეთ, სანამ კარგად არ გასქელდება. გადმოდგით ცეცხლიდან და თითოეული ბურთულა ჯერ შოკოლადში, შემდეგ შაქრის ფხვნილში კარგად ამოავლეთ.
3. თუნუქის ფურცელზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი და ნიგვზიანი ბურთულები დაალაგეთ. გახურებულ ღუმელში ათი წუთი გააჩერეთ და გამოიღეთ.
გემრიელად მიირთვით!
შობა-ახალ წელს გილოცავთ!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან