ფორთოხლის კანის მურაბა - გემო, რომელსაც ვერ დაივიწყებთ
12:00 შაბ. 12 თებერვალი, 2022 წელი
ფორთოხლის კანის ხვეულებისგან გაკეთებული მურაბა ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება და ნებისმიერ სუფრას დაამშვენებს. ზოგადად, ციტრუსების მურაბა უგემრიელესია. და თუ ამ მურაბასაც ერთხელ მაინც გასინჯავთ, ფორთოხლის კანებს ნაგავში არასოდეს გადააგდებთ. სხვათა შორის, ფორთოხლის კანები შეგიძლიათ, ერთი თვის მანძილზე აგროვოთ, თუ მაცივარში შეინახავთ.
საჭირო პროდუქტი:
- ფორთოხალი - 2 მოზრდილი ან 3 საშუალო ზომის
- შაქარი
- ახლად გამოწურული ლიმონის წვენი
- წყალი.
მომზადება:
ფორთოხალი კარგად გარეცხეთ და რამდენჯერმე მდუღარე წყალი გადაავლეთ. გაჭერით სიმეტრიულ ნაჭრებად და რბილობი მოაცილეთ.
ფორთოხლის კანის თითოეული ნაჭერი გრძელ ზოლებად დაჭერით. დაჭრილი ფორთოხლის კანი გადაიტანეთ თასში და ცივი წყალი დაასხით.
ამის შემდეგ ამ ორიგინალური მურაბის მომზადების ყველაზე გრძელი ეტაპი იწყება:
ფორთოხლის კანი ზუსტად 3 დღით უნდა დაალბოთ. ყოველდღე საჭიროა წყლის რაც შეიძლება ხშირად გამოცვლა (არანაკლებ 5-ჯერ დღეში).
3 დღის შემდეგ გადაწურეთ წყალი და ნახავთ, რომ ფორთოხლის კანები რბილი და ელასტიკური გახდა.
ახლა ციტრუსის კანებს ბასრი დანით ამოჭერით შიდა, თეთრი ნაწილი.
ფორთოხლის კანები სპირალებივით დაახვიეთ და ნემსისა და ძაფის დახმარებით მძივებივით, მჭიდროდ აასხით და ბოლოები შეუკარით.
ფორთოხლის „მძივები“ 4-ჯერ, 15-20 წუთის განმავლობაში უნდა ადუღოთ და ყოველ ჯერზე წყალი გადაღვაროთ.
ყოველი დუღილის შემდეგ ფორთოხლის მძივები 10 წამით ყინულ წყალში ჩაუშვით.
ცალკე ქვაბში მოხარშეთ სიროფი წყლისა და შაქრისგან. დამუშავებული „მძივი“ მდუღარე შაქრის სიროფში ჩაუშვით და დაბალ ცეცხლზე, 30 წუთის მანძილზე ხარშეთ, შემდეგ ცეცხლი გამორთეთ და ფორთოხლის ხვეულები სიროფში გასაციებლად დატოვეთ..
როცა სიროფი კარგად გაცივდება, ქვაბი ისევ ცეცხლზე დადგით და სიროფი ადუღებამდე მიიყვანეთ. სიროფს ლიმონის წვენი დაამატეთ, ცეცხლს მინიმუმამდე დაუწიეთ და კიდევ 30 წუთის განმავლობაში ხარშეთ. ამის შემდეგ ქვაბი გაზქურიდან გადმოდგით და მურაბა გააგრილეთ.
როდესაც მურაბა გაცივდება, ძაფი ამოსწიეთ, ფორთოხლის ხვეულები სიროფთან ერთად ქილაში გადაიტანეთ და მაცივარში შედგით.
ასე დამუშავებული ფორთოხლის ხვეულები დაშაქრულ ხილს წააგავს და ოდნავი სიმწარეც კი არ დაჰკრავს.
ფორთოხლის ხვეულები მიაყოლეთ ჩაის ან გამოიყენეთ დესერტებისა და ნამცხვრების გასაფორმებლად!
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან