2023 წლის 3 ივლისი ყველაზე ცხელი დღე იყო პლანეტაზე
16:09 სამ. 22 აგვისტო, 2023 წელი

მეტეოროლოგებმა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცხელი დღე დაასახელეს. ეს 2023 წლის 3 ივლისია, როდესაც პლანეტის საშუალო ტემპერატურამ შვიდი წლის წინ დაფიქსირებული რეკორდი მოხსნა.
აშშ-ის „გარემოსდაცვითი პროგნოზირების ეროვნული ცენტრის“ მონაცემებით, 3 ივლისს დედამიწის საშუალო ტემპერატურამ 17,01 გრადუს ცელსიუსს მიაღწია. წინა რეკორდი 16,92 გრადუსი იყო და ის 2016 წლის აგვისტოში დაფიქსირდა.
მეცნიერები განმარტავენ, რომ 3 ივლისი ყველაზე ცხელ დღედ ითვლება მას შემდეგ, რაც 1979 წელს ამინდის სატელიტური მონიტორინგი დაიწყო, თუმცა, ვარაუდობენ, რომ ეს XIX საუკუნიდან მოყოლებული, ყველაზე ცხელი დღეა.
და მეტიც: „არსებობს ვარაუდი, რომ 2023 წლის ივლისი ბოლო 120 ათასი წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი თვეა,“ — ამბობს ლაიფციგის უნივერსიტეტის მეცნიერი კარსტენ ჰაუსტეინი (Karsten Haustein).
***
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ კლიმატის ცვლილებები და ელ-ნინიოს ბუნებრივი ფენომენის დაწყება ჰაერის გლობალური ტემპერატურის ახალ რეკორდებს გამოიწვევს.
ელ ნინიო (ესპ. El Niño) ანომალიური და გლობალური კლიმატური მოვლენაა, რომლის დროსაც წყნარი ოკეანის სამხრეთ და ეკვატორულ ნაწილში წყლის ტემპერატურის პერიოდული მატება ხდება, რაც მთელი პლანეტის კლიმატზე გავლენას ახდენს. ბოლო ელ ნინიო 2016 წელს დაფიქსირდა და ფიქრობენ, რომ ამჟამად ის ბრუნდება.
***
2023 წლის გაზაფხულზე ესპანეთსა და აზიის ბევრ ქვეყანაში რეკორდული ტემპერატურა იყო, რასაც მსოფლიო ოკეანეების სხვადასხვა ნაწილში წყლის ტემპერატურის ანომალიური მატება მოჰყვა.
ივნისის თვეში ჩრდილო-აღმოსავლეთი ჩინეთი რეკორდულმა სიცხემ მოიცვა - პეკინში 60 წლის შემდეგ პირველად თერმომეტრმა +41 გრადუსს მიაღწია;
ანტარქტიდაზე, უკრაინულ მეტეოსადგურ „აკადემიკოს ვერნადსკიზე“ ( Akademik Vernadsky Station) ივლისში ახალი რეკორდი +8,7 გრადუსი დაფიქსირდა!
„ის ფაქტი, რომ პლანეტის ზედაპირის საშუალო ტემპერატურამ 17 გრადუსს მიაღწია, გლობალური დათბობის მიმდინარეობაში ახალი ეტაპია. როდესაც ამას ელ-ნინიოს თბილი ფაზა ემატება, ეს ნიშნავს, რომ მომდევნო წელიწადნახევარის განმავლობაში ბევრი ახალი რეკორდული დღე, თვე და რეკორდული წლიური ტემპერატურა გველოდება,“ - ამბობს მეტეოროლოგი ლეონ სიმონსი.
ესეც დაგაინტერესებთ:
ანორმალური სიცხე - ვინ შედის რისკის ჯგუფში?
თუ გცხელათ, ხახვის წვენი მოამზადეთ - როგორ უმკლავდებიან სიცხეს სხვადასხვა ქვეყანაში
წყარო: www.reuters.com
სიახლეები ამავე კატეგორიიდან