რა ელის თვითმფრინავში დაბადებულ ბავშვს?
16:15 კვი. 7 იანვარი
მეან-გინეკოლოგთა რეკომენდაციით, ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობის დროს, როცა გართულება არც ნაყოფს და არც დედას აღენიშნება, თვითმფრინავით გადაადგილება დასაშვებია 36 კვირამდე, თუმცა ზოგჯერ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის და ბავშვი ქვეყანას დაგეგმილზე ადრე ევლინება. ასეთი შემთხვევები იშვიათია, მაგრამ მაინც ხდება...
ზოგი ავიაკომპანია ორსულობის ბოლო თვეში მყოფ ქალებს თვითმფრინავში არ უშვებს, ზოგი ფრენის უფლებას მხოლოდ ექიმის მიერ გაცემული ცნობის წარდგენის შემდეგ აძლევს, ზოგი კი პასუხისმგებლობას მთლიანად ქალს აკისრებს.
***
2015 წელს 23 წლის ადა გუანი, მეგობარ ბიჭთან ერთად, წყნარი ოკეანის თავზე მიფრინავდა და წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ მალე დედა გახდებოდა. ორსულობის ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა, ამიტომ გოგონა დარწმუნებული იყო, რომ წონაში ღამღამობით ჭამის გამო მოიმატა.
მშობიარობის დაწყება არა მხოლოდ თვითმფრინავის მგზავრებისა და ეკიპაჟისთვის, არამედ გოგონასა და მისი მეგობრისთვისაც შოკის მომგვრელი სიახლე იყო. როდესაც თვითმფრინავი იაპონიაში დაეშვა, ადამ და მისმა მეგობარმა ბიჭმა სალონი ახალშობილთან ერთად დატოვეს.
***
ცაში დაბადებულ ბავშვს შეუძლია, იმ ქვეყნის მოქალაქეობა მიიღოს, რომელსაც დაბადებისას გადაუფრინა. ასევე, შეუძლია იმ ქვეყნის მოქალაქეობა მიიღოს, სადაც თვითმფრინავი დარეგისტრირდა. აღსანიშნავია, რომ ბავშვის დაბადების მოწმობაში იქნება ჩანაწერი, რომ ის თვითმფრინავში ანუ ჰაერში დაიბადა.
ჰაერში დაბადებულ ბავშვებს უფლება აქვთ, სიცოცხლის ბოლომდე უფასოდ იფრინონ. მაგალითად, 2020 წელს ლონდონი-კაიროს რეისზე დაიბადა ბიჭი, რომელიც ავიაკომპანია EgyptAir-ის მუდმივი მგზავრი გახდა.
სტატისტიკის თანახმად, თვითმფრინავის მგზავრებს შორის ერთი ექიმი ან ექთანი ყოველთვის მოიძებნება, თუმცა თუ ისე მოხდა, რომ ბორტზე მედიკოსის პოვნა არ მოხერხდა, დედისა და ბავშვის დახმარებას თავის თავზე თვითმფრინავის ეკიპაჟი იღებს. ბორტგამყოლებს ხომ მგზავრების დახმარების სპეციალური კურსები აქვთ გავლილი, რომელიც მშობიარეების დახმარებასაც მოიცავს.
***
და მაინც, რა თქმა უნდა, ჰაერში მშობიარობა გამონაკლისია. 1929 წლიდან 2018 წლამდე თვითმფრინავის ბორტზე მხოლოდ 74 ბავშვი დაიბადა, რაც ნიშნავს, რომ 26 მილიონი ქალიდან თვითმფრინავში მხოლოდ ერთი მშობიარობს.
ესეც დაგაინტერესებთ:
ქვეყნები, სადაც მოქალაქეობის მოპოვება შესაძლებელია მათ ტერიტორიაზე დაბადებით
როგორ მოქმედებს დაბადების საათი ადამიანის ცხოვრებაზე
დაიბადა ჩვილი, რომელიც დედაზე მხოლოდ 18 თვით პატარაა!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან