სამარხვო ტოლმა - ჯანსაღი და ნოყიერი კერძი
12:00 ორშ. 5 აპრილი, 2021 წელი
კომბოსტოს ტოლმა ბრინჯით და ბოსტნეულით საუკეთესო კერძია იმისთვის, რომ მარხვის პერიოდში ორგანიზმს აუცილებელი ვიტამინებიც მიაწოდოთ და გემრიელადაც დანაყრდეთ.
სამარხვო ტოლმის მოსამზადებლად მოიმარაგეთ:
- ბრინჯი - 400 გრ
- კომბოსტო - 1,5 კგ
- ბულგარული წიწაკა (მწვანე და წითელი) – 250 გრ
- პომიდორი - 200 გრ
- ხახვი - 100 გრ
- სტაფილო - 150 გრ
- ნიორი - 1 კბილი
- ხმელი სუნელი - 2 ს/კ
- სოკო - 15 გრ
- ზეთი - 100 მლ
- ნიგოზი - 4 ს/კ, მსხვილად დაჭრილი
- კამა - ნახევარი კონა
- ტომატი - 2 ს/კ
- ბოსტნეულის ბულიონი - 500 მლ
- მარილი - გემოვნებით
მომზადების წესი:
დაარბილეთ კომბოსტოს ფურცლები - გააჩერეთ ადუღებულ წყალში 10 წუთით. ამოიღეთ, გაწურეთ და მოაჭერით მაგარი მხარეები. თუკი კომბოსტოს ფოთოლი დიდია, შუაშიც გაჭერით.
შიგთავსის მომზადება:
სოკო გაარჩიეთ და დაასხით მდუღარე წყალი. 15 წუთის შემდეგ გადაწურეთ.
დაჭერით ხახვი და ნიორი და ერთად მოთუშეთ ზეთში.
მოთუშულ ხახვსა და ნიორს დაუმატეთ ძალიან წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, გახეხილი სტაფილო, დაჭყლეტილი ნიორი, ტომატი, ხმელი სუნელი და მსხვილად დაჭრილი ნიგოზი. ეს ყველაფერი აურიეთ ბრინჯში და მოთუშეთ 1-2 წუთის განმავლობაში.
შემდეგ დაასხით 50 მლ. წყალი. ისევ მოთუშეთ, სანამ მთელი სითხე არ ამოშრება. ბოლოს დაუმატეთ დაჭრილი კამა და დაელოდეთ გაციებას.
გაშალეთ კომბოსტოს ფოთლები. მათზე სათითაოდ მოათავსეთ შიგთავსი და გადაახვიეთ.
ქვაბში ტოლმის ნაჭრები მჭიდროდ ჩააწყვეთ. დაასხით ბოსტნეულის ბულიონი. ზემოდან დაალაგეთ დაჭრილი პომიდორი.
ქვაბს მჭიდროდ დაახურეთ და შედგით საშუალო ცეცხლზე 40 წუთის განმავლობაში.
როგორც კი ბულიონი ადუღდება, თავსახური მოხადეთ და კიდევ 10-12 წუთით განაგრძეთ ხარშვა.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან