როგორ შევწვათ ბადრიჯანი ბევრი ზეთის გარეშე?
15:48
ბადრიჯანი ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და საყვარელი ბოსტნეულია, თუმცა, დიასახლისები უჩივიან, რომ შეწვის დროს ზეთს ღრუბელივით ისრუტავს. მოგეხსენებათ, რომ ბევრი ცხიმი ზედმეტ კილოგრამებს და ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს, ამიტომ რამდენიმე გამოცდილ ხერხს გაგიზიარებთ, რომელიც ბადრიჯნის ზედმეტი ცხიმის გარეშე შეწვაში დაგეხმარებათ.
ბადრიჯანს მარილი წინასწარ მოაყარეთ, რომ ზეთი არ შეიწოვოს
ბადრიჯანი მომზადებამდე დაჭერით გრძლად ან რგოლებად, მოაყარეთ მარილი და 20 წუთით დატოვეთ. ბოსტნეული წვენს გამოუშვებს, რასაც სიმწარე და ზედმეტი ტენი თან გაჰყვება.
ამის შემდეგ ბადრიჯანს ცივი წყალი გადაავლეთ და ქაღალდის ხელსახოცით კარგად გაამშრალეთ. ამ მარტივი ხრიკის წყალობით, ბადრიჯანი შეწვის თუ გამოცხობის დროს ზეთს აღარ შეიწოვს.
გამოიყენეთ საფანელი
ცხელ ზეთში ჩადებამდე, ბადრიჯნის ნაჭრები ამოავლეთ კარტოფილის სახამებელში. ეს ქმნის დამცავ თხელ ფენას, რომელიც ზეთს აღარ ატარებს. მეტი პიკანტურობისთვის, შეგიძლიათ საფანელში ნივრის ფხვნილი, ორეგანო ან გახეხილი პარმეზანი აურიოთ.
კარგად გახურებულ ტაფაზე შეწვით
სანამ ბადრიჯანს ტაფაზე დააწყობთ, ჭურჭელი კარგად უნდა გააცხელოთ. საკმარისია სულ რამდენიმე წვეთი ზეთი და ცხელ ზედაპირზე ბოსტნეულს მაშინვე ქერქი გაუკეთდება. ბადრიჯანი მხოლოდ მას შემდეგ გადააბრუნეთ, რაც ცალი მხარე კარგად დაიბრაწება.
შეწვის ნაცვლად გამოაცხვეთ
ბადრიჯნის მომზადება ჯანსაღად თუ გინდათ, საუკეთესო საშუალება გამოცხობაა. საცხობ ლანგარზე პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ, ბადრიჯანი დააწყვეთ და ფუნჯით ზეთი გადაუსვით. გამოაცხვეთ 25 წუთის განმავლობაში 200°C-ზე, სანამ ოქროსფერი არ გახდება.
ბადრიჯნის მომზადებისას სუნელებს ნუ დაიშურებთ
ბადრიჯანი მადის აღმძვრელად რომ გამოიყურებოდეს და გემრიელი იყოს, სანელებლებს ნუ დაიშურებთ. ამ ბოსტნეულს განსაკუთრებით უხდება პაპრიკა, ნივრის ფხვნილი, შავი პილპილი, კურკუმა, იტალიური მწვანილები და დაფქული ქინძი.
***
სიახლეები ამავე კატეგორიიდან