თავად მოამზადეთ ჯანსაღი მაიონეზი - 4 მარტივი რეცეპტი
12:00 კვი. 7 თებერვალი, 2021 წელი
![ჯანსაღი მაიონეზი ჯანსაღი მაიონეზი](/files/2021/02/07/1221/maionezis-retsepti_w_h.jpeg)
ზოგი დიასახლისი მაიონეზის მაღაზიაში შეძენას ერიდება - შეძენილ მაიონეზში ნატურალური პროდუქტი ძალიან ცოტაა. ჩვენ გთავაზობთ, დააგემოვნოთ შინაური მაიონეზი - ეს რამდენიმე მარტივი რეცეპტი საშუალებას მოგცემთ, არომატული, სურნელოვანი და ჯანსაღი მაიონეზი საკუთარ სამზარეულოში, რამდენიმე წუთში მოამზადოთ.
1. მაიონეზი მდოგვითა და ლიმონით
მომჟავო გემოს, პიკანტური მაიონეზი მოგწონთ? მაშინ ეს რეცეპტი თქვენთვისაა.
საჭირო პროდუქტი:
- კვერცხი - 2 ცალი,
- მარილი და შაქარი გემოვნებით,
- მდოგვი - 2 ჩ.კ.
- ზეთი - 250 მლ.
- ლიმონის წვენი - 1 ს.კ.
მომზადების წესი:
კვერცხს დაამატეთ შაქარი, მარილი, მდოგვი და მიქსერით ან ბ;ლენდერის საშუალებით კარგად ათქვიფეთ, სანამ ერთგვაროვანი მასა არ გახდება. თქვეფის შეუჩერებლად, ნელ-ნელა დაამატეთ ზეთი და თქვიფეთ, სანამ არ გასქელდება. ბოლოს დაამატეთ ლიმონის წვენი და მაიონეზი მზადაა.
2. მაიონეზი კვერცხის გარეშე
ამ რეცეპტით შეგიძლიათ დელიკატური, კლასიკური მაიონეზი მოამზადოთ, ისეთი, როგორიც ბავშვობაში გაგისინჯავთ.
საჭირო პროდუქტი:
- რძე - 150 მლ.
- ზეთი - 300 მლ.
- მდოგვი - 3 ჩ.კ.
- ლიმონის წვენი - 2 სუფრის კოვზი,
- მარილი გემოვნებით.
მომზადების წესი:
ჩაასხით რძე მაღალ, მოსახერხებელ თასში, ჩაუშვით ზეთი წვრილ ნაკადით და ბლენდერით ან მიქსერით ოცი წამის განმავლობაში თქვიფეთ. როგორც კი გასქელდება, მასას დაუმატეთ მდოგვი, ლიმონის წვენი და მარილი და ერთგვაროვანი, სქელი კონსისტენციის მიღებამდე თქვიფეთ.
3. მაიონეზის მომზადება არაჟნით
თუ გსურთ, რაღაც უჩვეულო გააკეთოთ, ეს რეცეპტი უნდა სცადოთ.
საჭირო პროდუქტი:
- მოხარშული კვერცხის გული - 3 ცალი,
- მდოგვი - 2 ჩ.კ.
- არაჟანი - 300 გრ.
- მარილი გემოვნებით.
მომზადების წესი:
კვერცის გულებს დაასხით მდოგვი და ჩანგლის ან კოვზის დახმარებით აზილეთ, რათა ინგრედიენტები ერთმანეთს კარგად შეერიოს. დაუმატეთ არაჟანი და მარილი, შემდეგ კი ჩანგლით ან მიქსერით კარგად აურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.
4. შინაური მაიონეზი ძმრით
ეს რეცეპტი საშუალებას, მოგცემთ ჯანსაღი და გემრიელი მაიონეზი უმოკლეს დროში მოამზადოთ ინგრედიენტებისგან, რომლებიც ნებისმიერ სამზარეულოსა და მაცივარში მოიძებნება.
შემადგენლობა:
- კვერცხის გული - 2 ცალი,
- მარილი და შაქარი გემოვნებით,
- ძმარი - ნახევარი ჩაის კოვზი,
- ზეთი - 150 მლ.
მომზადების წესი:
კვერცხის გულები მაღალ თასში მოათავსეთ, დაამატეთ მარილი, შაქარი და ძმარი და ხელის მიქსერით კარგად ათქვიფეთ. ნელ-ნელა დაუმატეთ ზეთი და თქვეფა გააგრძელეთ, სანამ მასა არ გასქელდება.
🔻
შენიშვნა:
სქელი და ერთგვაროვანი მაიონეზის მისაღებად ინგრედიენტები ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს.
ღია ფერის მაიონეზის მისაღებად, მაღაზიის კვერცხი უნდა გამოიყენოთ, ხოლო თუ ყვითელი ფერისას ამჯობინებთ, სოფლის ქათმის კვერცისგან უნდა დაამზადოთ.
თუ გსურთ მაიონეზი უფრო სქელი გამოვიდეს, ზეთის რაოდენობა უნდა გაზარდოთ, ხოლო თუ უფრო თხელი მაიონეზი გჭირდებათ, ცოტა ანადუღარი წყალი უნდა დაუმატოთ.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან