როგორ დავკიდოთ ხატები სახლში
16:56 ხუთ. 19 დეკემბერი
როგორ მოვაწყოთ სახლში სალოცავი კუთხე, გვასწავლის მეტეხის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მამა აკაკი (მელიქიძე).
„ხატის წინაშე მლოცველი ადამიანი ზეციურ სასუფევლამდე ამაღლდება და ლოცვით ამყარებს ურთიერთობას უფალთან, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან, წმინდა ანგელოზებსა და წმინდანებთან. მათგან კი მლოცველზე ღვთიური მადლი, შემწეობა და ლოცვა-კურთხევა გადმოედინება", - ბრძანებენ წმინდა მამები.
სალოცავი კუთხე
ყველა ქრისტიანის ოჯახში აუცილებელია, გამოყოფილი იყოს სალოცავი კუთხე, სადაც დილით, ხელ-პირდაბანილი, ლოცვას წაიკითხავთ.
სამლოცველო უნდა განთავსდეს აღმოსავლეთით, საიდანაც ამოდის მზე, იქიდან უნდა იყურებოდნენ ანგელოზებიც.
კარგი იქნება, თუ სალოცავ კუთხეს წყნარ ადგილს მიუჩენთ. როდესაც სამლოცველო სახლის ცენტრალურ ოთახშია განთავსებული, აუცილებელია, გამოვყოთ სპეციალური ფარდით.
ხატები სახლში
სასურველია, პატარა ზომის ხატები ყველა ოთახში ჩამოვკიდოთ ან დავასვენოთ.
ჯვარდაწერილი ცოლ-ქმრის საწოლის თავზე ხატის დადება/დაკიდება აუცილებელია, ეს მათ კავშირს უფრო გაამყარებს.
ხატს სჭირდება მოწიწება, უნდა მოარიდოთ ღრეობას და ზედმეტ ქცევებს.
ხატები თვალის სიმაღლეზე ან უფრო მაღლა უნდა მოათავსოთ.
ხატი სამლოცველო კუთხეში დაბრძანებამდე კარგია, აკურთხებინოთ მოძღვარს ხატის სახელზე.
აუცილებელია სახლის კურთხევაც წელიწადში ერთხელ.
სახლის კარზე და მის გარეთაც სასურველია ეკიდოს სპეციალური დაცვის, მფარველობის სათხოვნი ხატები, მთავარანგელოზის ლოცვები.
სალოცავ კუთხეში უნდა მოვათავსოთ, აგრეთვე, სხვადასხვა საეკლესიო სიწმინდეები, როგორიცაა: ნაკურთხი წყალი, საეკლესიო სანთლები (ტაძარში შეძენილი), სეფისკვერი, არტოსი, ნაკურთხი ზეთი (სხვადასხვა წმინდა ადგილებიდან).
რომელი ხატები უნდა გვქონდეს აუცილებლად?
პირველ რიგში, უნდა ვიქონიოთ ყოვლადწმინდა სამების, მაცხოვრის და ღვთისმშობლის ხატები.
ქართულ ოჯახებში, აგრეთვე, უნდა იყოს ქართველთა განმანათლებლების - წმინდა ნინოსი, ქართველი ერის მფარველის - წმიდა გიორგისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველის - წმიდა ნიკოლოზის ხატები.
ხატების იერარქიული განლაგება
აუცილებელია, მაცხოვრის ხატი იყოს მარჯვენა მხარეს. მის მარცხნივ უნდა იყოს ღვთისმშობელი.
შემდეგ საჭიროა, ეკიდოს ჯვარი.
შეიძლება მაცხოვრის მარჯვნივ წმინდა გიორგის ხატის დაბრძანება.
საქართველოს დიდება არის დიდი სასწაული, ზედ გამოსახულია სვეტიცხოველი, სადაც უფლის კვართია დასვენებული. იგი ძლიერი ხატია და შეიძლება ჯვრის შემდეგ დაიდოს.
იერარქიულად ვკიდებთ: მაცხოვრის ხატს, ღვთისმშობლის ხატს, ჯვარს, ანგელოზების ხატებს, მოციქულებს, წინასწარმეტყველებს, წმინდა მამებს, ღირს მამებს, ღირს დედებს.
ხატებთან მოქცევა
სამლოცველო კუთხეში აუცილებელია 90-ე ფსალმუნის კითხვა.
ხატების წინ მუდმივად უნდა ენთოს კანდელი, სახლში უნდა ეკმიოს საკმეველი. შეიძლება, ნაკურთხი წყლის სხურება რაიმე სუფთა ტოტით.
სახლში ხშირი ლოცვის მიუხედავად, აუცილებელია ეკლესიასთან მტკიცე კავშირი. ეკლესია არის ტაძარი, სახლი უფლისა, სადაც ადამიანმა უნდა აიღოს მადლი, რომელსაც სახლში მიიტანს.
ხატებთან მოწიწება, კრძალვა აუცილებელია. ის არის ცოცხალი არსება, რომელიც ზეცაშია, ის არის სული წმინდა, ღმერთის გამოსახულება.
იყავით თავმდაბალი.
გიყვარდეთ მოყვასი.
გიყვარდეთ საქართველო.
ესეც დაგაინტერესებთ:
გზა ბავშვობიდან ეკლესიის საჭეთმპყრობლობამდე
პლანეტის 10 ყველაზე უჩვეულო ეკლესია
რატომ არ ატარებენ წვერს კათოლიკე მღვდლები?
სიახლეები ამავე კატეგორიიდან