ყაბაყი დიეტურად - გემრიელი წვნიანი საზაფხულოდ
12:00 სამ. 10 აგვისტო, 2021 წელი
ყაბაყის მომზადება ამ რეცეპტით ძალიან მარტივია. ამასთან, ყაბაყის წვნიანი აწესრიგებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, ამდიდრებს უჯრედებს მიკროელემენტებით, ასუფთავებს ორგანიზმს შლაკებისა და ტოქსინებისგან, მატებს სხეულს ძალასა და ენერგიას... და ამ ყველაფერთან ერთად, ზედმეტ კილოგრამებს ეფექტურად იკლებთ. ვფიქრობთ, უნდა დაინტერესდეთ!
რა უნდა გაითვალისწინოთ დიეტის დროს:
- ყაბაყის წვნიანი უნდა მიირთვათ ერთი კვირის განმავლობაში;
- სასურველია, ყოველდღიურად ახალი მოამზადოთ;
- წვნიანის მომზადების დროს მოერიდეთ დიდი რაოდენობით მარილისა და ცხიმის მოხმარებას;
- დიეტის პერიოდში, წვნიანთან ერთად, შეარჩიეთ დაბალკალორიული მენიუ. მაგალითად, მიირთვით ზეითუნის ზეთით მომზადებული ბოსტნეულის სალათი, სალათის ფურცლები, კიტრი, პომიდორი, ხილი და ა.შ.
- რაციონიდან ამოიღეთ ტკბილეული, ცომეული და შემწვარი პროდუქტები.
- ერთი კვირის განმავლობაში პროდუქტები მხოლოდ მოხარშული ან ცოცხალი სახით მიიღეთ.
ყაბაყის წვნიანის რეცეპტი:
- სტაფილო - 1 ცალი;
- ხახვი - 1 ცალი;
- ნიორი - გემოვნებით;
- კარტოფილი - 3-4 ცალი;
- ყაბაყი - 1 ცალი (საშუალო ზომის)
პირველ რიგში, კარგად გარეცხეთ და გაასუფთავეთ ბოსტნეული.
ყაბაყი და სტაფილო მსხვილ სახეხზე გახეხეთ. კარტოფილი კი საშუალო ზომებად დაჭერით.
ქვაბში ჩაასხით წყალი და წამოადუღეთ.
როგორც კი წყალი ადუღდება, დაამატეთ ოდნავ მარილი და ჩაყარეთ კარტოფილი.
კარტოფილის მოხარშვამდე, წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი ცალკე ტაფაზე მოთუშეთ ზეითუნის ზეთში ან მცირე რაოდენობის ნაკლებცხიმიან კარაქში.
როგორც კი კარტოფილი მოიხარშება, დაამატეთ გახეხილი ყაბაყი და სტაფილო, შემდეგ - ნიორთან ერთად მოთუშული ხახვი.
დაახლოებით, 10 წუთით წამოადუღეთ და წვნიანი მზად არის.
შენიშვნა: ამ რეცეპტით ყაბაყის მომზადებას, მაქსიმუმ, 15-20 წუთი დასჭირდება.
გისურვებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს!
🔰🔰🔰:
15 ფსევდოდიეტური პროდუქტი, რომელიც წონის კლებას აბრკოლებს
სიახლეები ამავე კატეგორიიდან